ამბები

1:16 | 24.02.2015 | ნანახია 3382 - ჯერ

ესპანეთთან ზირაქაშვილის და მალაღურაძის გარეშე

კვირაზე ნაკლები რჩება რაგბი ევროპის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩამდე, რომელშიც “ბორჯღალოსნები” მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ებურთავებიან. მატჩი 28 თებერვალს უნივერსიტეტის სტადიონზე ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების პირველი ორი მატჩი “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს, მაგრამ გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი რუმინეთს დაუთმეს, რადგანაც “მუხებმა” ესპანეთი ბონუსით დაამარცხეს.

2 დღეა, საქართველოში მოთამაშე და ლეგიონერი “ბორჯღალოსნები” ბარსელონასთან ახლოს, რაგბის კლუბ “უნიო სპორტივა სანბოიანას” ბაზაზე შეიკრიბნენ და შაბათის მატჩისთვის მზადებას იქ განაგრძობენ.

წინა კვირას გამოცხადებულ რაზმში ორი ცვლილებაა: ამ უქმეებზე ფრანგული ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” “რასინგ მეტროს” ესტუმრა, რა დროსაც ქართველმა მორაგბემ ფეხის კუნთი დაიზიანა და შესაბამისად, ესპანეთთან გუნდს ვერ დაეხმარება.

მადრიდში ასევე ვერ ითამაშებს ლაშა მალაღურაძე, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებთან მიღებული მხრის ტრავმა გაუმიზეზდა.

ამ რაგბისტების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076561