საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელსაც შუამარბადაც შეუძლია თამაში, კარიერას რუსეთის მოქმედ ჩემპიონ „კრასნი იარში“ გააგრძელებს. 30 წლის მორაგბემ კრასნოიარსკელებთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მალაღურაძე სასურველი ვარიანტის მოლოდინში, საფრანგეთში ჩავიდა. მორაგბით, რომელმაც მსოფლიო თასის ოთხივე შეხვედრა უცვლელად ჩაატარა, ფედერალ 1-ის კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ლაშამ ეს ვარიანტები არ მიიღო. მან უკვე იცოდა, რომ მისით „კრასნი იარი“ იყო დაინტერესებული, რომელმაც რუსეთის ჩემპიონობის მოგებასთან ერთად, ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. სანაკრებო თამაშების პარალელურად, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიდიოდა და გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, ის ბოლნისის „ყოჩების“ შემადგენლობაში დარეგისტრირდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და რუმინეთთან მატჩის შემდეგ ლაშა რუსეთის ჩემპიონს შეუერთდება.
ქართველი ახალ კლუბში ტონგელ ფანგატაპუ აპიკოტოას ჩაანაცვლებს, რომელსაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. მალაღურაძის ჩათვლით, ამ მომენტისთვის „კრასნი იარში“ ერთბაშად ოთხი ათი ნომერი ირიცხება, თუმცა, როგორც კლუბის ვერბგერდი იუწყება, ისინი უნივერსალები არიან და მათი ხილვა მოედანზე ერთდროულადაც იქნება შესაძლებელი. ლაშას ამოცანა კარში დარტყმებიც იქნება, რაშიც კლუბს სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
მალაღურაძეს უცხოეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი ფრანგულ გუნდებში - „ბაზიეში“, „რონსა“ და „ბანიერში“ გამოდიოდა, მანამდე კი ოდესის „კრედოში“ თამაშობდა და საქართველოს ნაკრებში ტიმ ლეინის დროს სწორედ იქიდან მოხვდა. „ყოჩების“ აღზრდილი მორაგბე კრასნოიარსკში მარტო არ იქნება, რადგან ქალაქის მეორე გუნდში, „ენისეიში“, საქართველოს მაკრების შუამარბი დავით კაჭარავა თამაშობს. ამ გუნდებს შორის ურთიერთობა ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა და კრასნოიარსკული დერბიც დაძაბული იქნება.
აღსანიშნავია, რომ „კრასნი იარისთვის“ ლეგიონერები უცხო არაა და მალაღურაძის თანაგუნდელები ახალზელანდიელი, მოლდოველი და ლიტველი მორაგბეები იქნებიან.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია