ამბები

13:15 | 10.02.2015 | ნანახია 1626 - ჯერ

მირცხულავას ლელო

სანაკრებო მატჩების პარალელურად, შაბათ-კვირას საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში მე-20 ტურის თამაშები გაიმართა და მასში იმ ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ნაკრებში ვერ მოხვდნენ.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბი” “დაქსს” ეწვია და 15:33 დამარცხდა. ნემსაძე ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, მირცხულავამ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო და 54-ეზე შეცვალეს, ხოლო კობერიძე მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. მე-17 წუთზე სტუმრებმა მოლით შეუტიეს, ის ხაზთან შეაჩერეს, რაქიდან ბურთი ქართველმა პირველხაზელმა გამოიტანა და თანაგუნდელის დახმარებით ლელო გაიტანა. ამ დროს ანგარიში 5:10 გახდა, შესვენებამდე “ტარბმა” ჯარიმაც გაიტანა და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმი მასპინძლების იყო, მათ ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა და გამარჯვება მოიპოვეს. “ტარბი” 40 ქულით მე-12 ადგილზეა.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” ტარიელ რატიანიძის “მონ-დე-მარსანს” დაუხვდა და 19:23 დამარცხდა. განაცხადში მხოლოდ შეყლაშვილი იყო და შეცვლაზე 30 წუთი ითამაშა. “ალბიმ” მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა მიითვალა და 50 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “მონ-დე-მარსანს” მასზე ქულით ნაკლები აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

პრემიალურ ქულას დასჯერდა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი”, რომელსაც “ბურგონმა” 13:9 მოუგო. მჭედლიძე “ბორჯღალოსნების” რიგებში თამაშობდა, თეთრაშვილი განაცხადში არ იყო. სტუმრებმა ტაიმი 9:6 მოიგეს, 59-ე წუთზე ლელო გაუშვეს, გარდასახვა ზუსტი იყო და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “აჟენი” 54 ქულით მე-3 ადგილზეა.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” “ბიარიცი” ქართველი ლეგიონერების გარეშე 48:15 დაამარცხა, პრემიალური ქულაც მიითვალა და 55 ქულით მეორე ადგილზეა. მაყურებელმა მეორე ტაიმში 8 ლელო იხილა, რომელთაგან 6 მასპინძლებისა იყო.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკმა” ლაშა ლომიძის “ბეზიე” 28:13 დაამარცხა. შარიქაძე და ლომიძე ნაკრებში იყვნენ, ხატიაშვილი ტრავმირებულია, ხოლო დათუნაშვილმა, რომელსაც პორტუგალიასთან მატჩისთვის უხმეს, სრულად ითამაშა. გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, 76-ე წუთზე სტუმრებმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანეს, რაზეც ბოლო წუთზე “ორიაკმა” თავისი ლელოთი უპასუხა. “ორიაკი” 53 ქულით მე-4 ადგილზეა.

გიორგი ნაცარაშვილის “პომ” ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” 26:3 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო - დადუნაშვილმა ჯერ 29-ედან 36-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 49-ეზე სრულფასოვანი შეცვლა განხორციელდა. ახობაძემ 29-ედან 39-ე წუთამდე ითამაშა და შეცვლაზე ისიც 49-ე წუთზე შევიდა. “პომ” ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 72 ქულით პირველ ადგილზეა. “მასი” 30 ქულით მე-13-ეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულა აშორებს.

Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 21-22 თებერვალს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100443