ამბები

9:42 | 2.04.2010 | ნანახია 3067 - ჯერ

გოდერძი შველიძის მომავალი სამ კვირაში გაირკვევა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის "მონტობანი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი გოდერძი შველიძე და ბექა შეყლაშვილი იცავენ, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის მიუხედავად, მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, Pro D2-ში დააქვეითონ.
მიზეზი მარტივია - ამ კლუბს უკვე კარგა ხანია ფინანსური პრობლემები მიეძალა, დავალიანების გადახდა დროულად ვერ მოხერხდა და სასჯელმაც არ დააყოვნა. ახლა, კლუბის მესვეურებს ბოლო ვადა მიეცათ, რათა დავალიანება - 1,7 მილიონი ევრო დაფარონ და თუ მიმდინარე გათამაშების ბოლოს მე-13 საფეხურზე მაღალ ადგილს დაიკავებენ, მაშინ Top 14-ში მომავალ წელსაც დარჩებიან, თუ არა და, ქვედა დივიზიონში მოუწევთ ჯახირი.
"მსოფლიო სპორტი" შველიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და მისგან კიდევ უფრო მწარე რეალობა მოისმინა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, "მონტობანს", შესაძლოა, ერთი ლიგით დაქვეითება არ აკმარონ და ერთბაშად ოთხი დივიზიონით ქვევით, ფედერალ სამში მოისროლონ.
გოდერძი შველიძე: “ახლახანს დასრულდა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. "მონტობანი" საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ პატარა იმედი იმისა, რომ მომავალ კვირაში საჭირო თანხების მოძიება მაინც მოხერხდება, ჯერ კიდევ არსებობს. მე თუ მკითხავთ, თანხის მოძიების საშუალება თუ ჰქონდათ, ამას აქამდეც გააკეთებდნენ. დამსჯელმა საგადასახადო ორგანიზაციამ კლუბს ერთი შანსი კიდევ მისცა და ესენიც ხავს ეჭიდებიან. ვადა სამი კვირაა და კლუბის ხელმძღვანელობას ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის იმედი აქვს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს ფულს, "მონტობანმა" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება თუ მოახერხა. თუ გუნდმა დათქმულ ვადაში დავალიანება ვერ დაფარა, მაშინ ლიგა მას ქვედა დონეზე, Pro D2-ში დააქვეითებს, მაგრამ ფული მაინც გადასახდელი იქნება. თუ ვალის გასტუმრება კიდევ ვერ მოხერხდა, მაშინ "მონტობანს" ფედერალ სამში გაისტუმრებენ და ყველაფერი თავიდან ექნება დასაწყები.
- რა თანხაზეა საუბარი და რამ გამოიწვია ვალის დაგროვება?
- ოთხი წლის წინ, კლუბმა სტადიონზე ტრიბუნა ააშენა, ეს, ბუნებრივია, მცირე თანხა არ დაჯდა და ბიუჯეტში გარღვევაც ამით დაიწყო. ვალი ყოველწლიურად მატულობდა, შარშან კლუბმა 7 მილიონი ევრო გაისტუმრა და Top 14-ში ამის გამო დატოვეს, მაგრამ 1,7 მილიონი ევრო გადასახდელი დარჩა. ჩემი აზრით, ბოლომდე ყველაფერს არ იძახიან და საქმე, შესაძლოა, უფრო რთულად იყოს. გვითხრეს, რომ ზემოთ ნახსენები სადაზღვევო კომპანია კლუბს 2 მილიონს დაპირდა და თუ ეს თანხა მართლაც გამოჰყო, მაშინ "მონტობანიც" ამოისუნთქებს და ჩვენც. საფრანგეთში, სპონსორებსა და კლუბებს შორის შეთანხმება ძირითადად სიტყვაზეა დამყარებული. შეიძლება, 10 კომპანია დაგპირდეს ფულს, მაგრამ აქედან რვამ, საბოლოოდ უარი გითხრას. კონტრაქტი არ ფორმდება და ვერც ვერაფერს მოითხოვ. წლევანდელი ბიუჯეტიც ამის გამო ვერ შეივსო. ზოგიერთმა კომპანიამ გუნდს დახმარება კი აღუთქვა, მაგრამ მერე სიტყვა არ შეასრულა, თორემ მათ რომ უარი არ ეთქვათ, პრობლემაც არ იქნებოდა.
- კლუბის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ალბათ, მორაგბეებზეც აისახებოდა.
- ჯერჯერობით, ხელფასის აღების მხრივ პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ თუ ფული არ გამოინახა, მაშინ ბოლო ორი თვის ხელფასის აღება, ალბათ, გაგვიჭირდება. მოთამაშეები დაზღვეულები ვართ და ამ დანაკლისის შევსება მოხერხდება, მაგრამ 6-7 თვის შემდეგ, ანუ ჩვენ საბოლოოდ არაფერი დაგვეკარგება. ყველას ოჯახები გვყავს და ბუნებრივია, დადარდიანებულები ვართ. რამდენიმე მოთამაშემ, "მონტობანთან" მომავალი წლისთვის კონტრაქტი უკვე გააფორმა და მათი მდგომარეობა უფრო მძიმეა. თუ გუნდი დაიშალა, ახალი გუნდის მოძებნა ყველას გაგვიჭირდება, რადგანაც აქ ცოტა სხვაგვარი მიდგომა აქვთ. ჩავარდნილი გუნდიდან სხვა გუნდში გადასვლა ძალიან ძნელია, რადგანაც სხვაგვარად გიყურებენ და თავიანთ პირობებს გიყენებენ, შენ კი, იძულებული ხარ დათანხმდე, თორემ შესაძლოა, მთელი წლით ჰაერში დარჩე გამოკიდებული.
- თქვენ თუ შეიგულეთ "მონტობანის" შემცვლელი გუნდი?
- გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, ისე კი, საუბარია "მონპელიეზე" და "აჟენზე", მაგრამ კონტრაქტი ჯერ არცერთთან არ გამიფორმებია, წინასწარ საუბარი კი არ მინდა. ეს კლუბები, ალბათ, სწორედ იმ მომენტს ელოდებოდნენ, როდესაც "მონტობანი" ასეთ დღეში ჩავარდებოდა. წესითა და რიგით, მაქსიმუმ ერთ თვეში ყველაფერი უნდა გაირკვეს. სხვათა შორის, ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება თავად "მონტობანსაც" უნდოდა, მაგრამ ბიუჯეტი გათვლილი არ ჰქონდა და პირობები ვერ შემომთავაზა. შესაბამისად, მათთვის არც თანხმობა მითქვას და არც უარით გამისტუმრებია. ვნახოთ რა მოხდება. ახალი გუნდის შოვნა იოლი არაა, მე კი Top 14-ში თამაში მინდა და თუ ყველაფერი დაწყნარდება, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისევ ამ კლუბში დავრჩე.
- თქვენთან ერთად, "მონტობანში" ბექა შეყლაშვილიც თამაშობს და ის რას აპირებს?
- ბექას "მონტობანთან" მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. იყო ვარიანტი, რომ ის, ჩემთან ერთად "აჟენში" გადასულიყო, მაგრამ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, მანამ საუბარი არ ღირს. შეიძლება, კლუბმა მისი გაშვება არც ისურვოს.
- ახლა, სანაკრებო თამაშებზეც ვთქვათ...
- მხედველობაში ბოლო ორი თამაში გექნებათ. რუმინეთთან სათამაშოდ სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. კალათბურთის დარბაზში ვვარჯიშობდით და სასტუმროში ვიყავით გამოკეტილი, იქიდან კი, მოედანზე ყველაფერს ისე ვერ გადაიტან, როგორც საჭიროა. სულით და გულით ვითამაშეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ჩვენ რამდენიმე წამყვანი მორაგბეც გვაკლდა, თანაც, რუმინელებს აუცილებლად მოგება უნდოდათ. ისინი ისე გავიდნენ მოედანზე, რომ, ან აუცილებლად უნდა მოეგოთ, ან არაფერი იქნებოდა. მოკლედ, იმათი დღე იყო და დამსახურებლად გვაჯობეს. რუსეთთან სულ სხვა ფსიქოლოგიით ვითამაშეთ. წაგების შემდეგ რეაბილიტაცია გვსურდა, თანაც, ვიცოდით, რომ ჩვენი დამარცხება მთელი საქართველოს დამარცხება იქნებოდა. მოედანზე კამიკაძეებივით გავედით. ახლა უკვე ჩვენ ვიცოდით, რომ ერთადერთ ვარიანტად გამარჯვება გვრჩებოდა. მაქსიმუმი გავიღეთ, ზოგს თავი გაუტყდა, მაგრამ მოედნიდან არ გასულა, ბოლომდე იბრძოლა და შედეგმაც არ დააყოვნა.
- ერთ-ერთი კამიკაძე თქვენც იყავით და თავი თქვენც გაგიტყდათ.
- ბუცის ქაცვი მომხვდა თავში და შრამად დამრჩა. ახლაც მტკივა და ეს ტკივილი რუსეთს და თურქეთს მახსენებს. მარტო მე არა, თამაშის შემდეგ ნაკერის დადება ბევრს დაგვჭირდა.
- ტრიბუნაზე ასეთ ატმოსფეროს თუ ელოდით?
- ინფორმაცია გვქონდა, რომ საქართველოდან თამაშზე დასასწრებად გულშემატკივარი მრავლად ჩამოდიოდა, მაგრამ ასეთ ანშლაგს მაინც არ ველოდი. თბილისში მეგონა თავი. კარგი იყო ის, რომ ტრიბუნები მოედანთან ახლოს იყო. "ბორის პაიჭაძეზე" სარბენი ბილიკები მაყურებელს გვაშორებს, აქ კი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთად ვთამაშობდით. ჩვენ და მაყურებლებმა ერთად გავიმარჯვეთ. არავინ მიწყინოს, მაგრამ მსგავსი გრძნობა თბილისში არ მაქვს ხოლმე და ეს, ალბათ, სწორედ ტრიბუნების სიახლოვის დამსახურებაა. ვიცი, რომ გულშემატკივარი მუდამ გვერდში გვიდგას და მათი წყალობით და ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობით, წარმატებას მუდამ მივაღწევთ.
- მართალია, იქამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ თქვენის აზრით, რეპეშაჟიდან ვინ ერგება საქართველოს ნაკრებს და ახალ ზელანდიაში რისი იმედი უნდა გვქონდეს?
- ჩემი აზრით, რეპეშაჟიდან მსოფლიოზე რუმინეთი გავა. კარგი გუნდი კი ჰყავს ურუგვაის და მონტევიდეოში შეიძლება გამარჯვებაც მოიპოვოს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, ალბათ, მაინც რუმინელები იმძლავრებენ. მსოფლიო თასზე ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგი მომზადებაზე იქნება დამოკიდებული. წინა მსოფლიო თასზე ვერც კი წარმოვიდგენდით, არგენტინასთან და ირლანდიასთან ასე კარგად თუ ვითამაშებდით,  მაგრამ ეს მოვახერხეთ. რაგბში ბევრად წინ წავიწიეთ და შედეგებს მომავალი უკეთ გვიჩვენებს. სადაც ირლანდიასთან ასე ცოტა დაგვაკლდა, იქ შოტლანდიის დამარცხებაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ? მაგრამ წინასწარ ვერავის დავპირდებით, რომ ამდენ თამაშს მოვიგებთ. ეს რომ ვთქვათ და არაფერი გამოვიდეს, მერე შერცხვენილები ვიქნებით. ამიტომ, ჯობია ასე ვთქვათ - ჩვენ ცდას არ დავაკლებთ და შედეგებზე მხოლოდ მერე ვისაუბროთ.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127901