საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის კლუბ “მონტობანის” მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, “ბაიონის” წინააღმდეგ შაბათს გასამართ შეხვედრას ბოიკოტი არ გამოუცხადონ.
planet-rugby.com-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება “მონტობანელებმა” ორშაბათს გამართულ კრებაზე მიიღეს.
კრებამდე მოთამაშეთა ერთ ჯგუფს თანაგუნდელებისთვის შეუთავაზებია, გაფიცულიყვნენ და მონაწილეობა არ მიეღოთ “ბაიონის” წინააღმდეგ Top 14-ის რეგულარული პირველობის დასკვნითი ტურის მატჩში, რომელმაც უნდა გაარკვიოს, თუ ამ კლუბებიდან რომელი შეინარჩუნებს ადგილს ელიტარულ დივიზიონში. ამით მოთამაშეებს სურდათ, პროტესტი გამოეხატათ მათი კლუბის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო.
მოგეხსენებათ, “მონტობანს”, რომლის ღირსებასაც ქართველი მორაგბეები – საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი გოდერძი შველიძე და ბექა შეყლაშვილიც – იცავენ, სასწრაფოდ აქვს დასაფარი 1,7 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება. თუკი კლუბი ამ თანხას დროულად ვერ გაისტუმრებს, მას ლიგიდან გავარდნა ემუქრება.
“ბაიონთან” გამარჯვების შემთხვევაში კი “მონტობანს” Top 14-ში დარჩენის უფლება სპორტული თვალსაზრისით მაინც ექნება, რამაც შეიძლება ზოგიერთ აქამდე მოყოყმანე სპონსორს მისი დავალიანების დაფარვისკენაც უბიძგოს.
ბოლო ტურის წინ “მონტობანი” 45 ქულით მე-13 ადგილზეა და მის წინ მდგომ “ბაიონს” 2 ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია