ამბები

20:13 | 29.05.2010 | ნანახია 2014 - ჯერ

თასის გზა რუსეთზე გადის

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, უკრაინის ქალაქ ოდესაში მიმდინარე ევროპის შვიდკაცა სერიის მეოთხე ეტაპის პირველი დღე წარმატებულად ჩაატარა - სამი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და რადგან უშუალო კონკურენტ მოლდოვაზე დადებითი ბალანსი აღმოაჩნდა, B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
სწორედ საქართველოსა და მოლდოვას გუნდების შეხვედრა დასრულდა ფრედ და ბოლო მატჩში, რომლის წინაც, კახა ალანიას შეგირდთა მეტოქეს საკუთარი შეხვედრა უკვე დასრულებული ჰქონდა, ქართველ მორაგბეებს ბელგიელთა 22 ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხება მართებდათ. ამოცანა წარმატებით გადაიჭრა, მოლდოვა 4 ქულით უკან დარჩა და ოდესის ეტაპის მოგებისკენ მავალ გზაზე, ქართველთა მეტოქე ნახევარფინალში რუსეთის გუნდი იქნება, მასპინძელი უკრაინა კი ფინალის საგზურს მოლდოვას შეეცილება.
მალტის ნაკრებმა, რომელსაც ოდესაში საქართველოსთან ერთად B ჯგუფში უნდა ეთამაშა, უკრაინაში ჩასვლა ვერ მოახერხა და საქართველოს 7-კაცა ნაკრებმაც პირველი შეხვედრა მათ ნაცვლად მობურთალ უკრაინის მეორე გუნდთან ითამაშა. შეხვედრის დებიუტშივე, ქართველებმა უკრაინელთა დაცვა მარჯვენა ფლანგიდან გაარღვიეს, ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. ერთ წუთში საქართველოს ნაკრებმა მორიგი ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა. შესვენებამდე მასპინძლებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს და კახა ალანიას შეგირდებმა ტაიმი 12:5 მოიგეს. დაიწყო მეორე ტაიმი და ქართველმა მორაგბეებმა ლელოთი და რეალიზაციით სხვაობა გაზარდეს, მაგრამ უკრაინელებმა მყისვე უპასუხეს და სხვაობა ისევ 7 ქულამდე დაიყვანეს. ბოლო სიტყვა ქართველებს დარჩათ, რომელთაც შეხვედრაში მეოთხე ლელო მიითვალეს და ოდესის 7-კაცა ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში 24:12 იმარჯვეს.
ლატვიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებმა კვლავ მარჯვენა ფლანგზე გარღვევით და ლელოს გატანით დაიწყო, ეს პირველივე შეტევისას მოხდა. განახლდა შეხვედრა და ქართველთა მეორე შეტევაც ლელოთი დასრულდა, თანაც ამჯერად რეალიზაციაც ზუსტი აღმოჩნდა. შესვენებამდე საინტერესო არაფერი მომხდარა და ტაიმი 12:0 დასრულდა. მეორე ნახევარიც ქართველთა ორი ლელოთი და ერთი რეალიზაციით დაიწყო, რასაც ლატვიელთა მხრიდან ერთი საპასუხო ლელო და რეალიზაცია მოყვა. ეს ალანიას შეგირდებმა იუკადრისეს და მორიგი ლელო გაიტანეს, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 29:7 ქართველთა სასარგებლოდ.
ამის შემდეგ ქართველთათვის ჯგუფის ცენტრალური შეხვედრის დრო დადგა. საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებები ამ ჯგუფის აშკარა ფავორიტები არიან და თამაშიც აქტიურად, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ანგარიში კახა ალანიას შეგირდებმა გახსნეს, მაგრამ რეალიზაცია ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. მოლდოველებმა საპასუხო ლელო მალევე გაიტანეს, თანაც რეალიზაციაც გამოიყენეს და ორი ქულით დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებს მდევრის როლში ყოფნა დიდი ხნით მოუწით, მაგრამ საბოლოოდ მეტოქის წინაღობა გატეხა, ლელოს გარდასახვაც დაურთო და 12:7 დაწინაურდა. დაძაბულ ბრძოლაში მოლდოვამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი მეორე გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და ღირსეულ მეტოქეთა ჯახი ფრედ 12:12 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ბელგიელთა წინააღმდეგ მატჩი აქტიურად დაიწყო და ორი ლელოთი და ზუსტი რეალიზაციებით 14:0 დაწინაურდა, მაგრამ ქართველი მორაგბეები მოეშვნენ და პირველ ტაიმზე დამატებულ წუთებზე საპასუხო ლელო გაუშვეს, რასაც ბელგიელებმა ზუსტი რეალიზაცია დაურთეს - 14:7. მეორე ტაიმი ქართველთა შეტევით დაიწყო და კარგი სალელოვე შანსიც მალევე მიეცათ, მაგრამ ხაზი ვერ გადაკვეთეს. უპირატესობა ქულებში მაინც აისახა, როდესაც ქართველთა ნახევრიდან დაწყებული შეტევა ძელებსშუა გატანილი ლელოთი დაგვირგვინდა და ზედ ზუსტი რეალიზაციაც დაერთო. დაიწყო ბელგიამ ცენტრიდან და ლელო კვლავ ქართველებმა გაიტანეს, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან შესრულებული რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა - 26:7. მერაბ კვირიკაშვილმა შეცდომა ნახევარწუთში გამოასწორა და კვლავ მარცხენა ფლანგზე ლელო გაიტანა და ამჯერად რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა. ამრიგად, ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფის დასკვნითი მატჩი 33:7 მოიგეს და თასის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს შეხვდებიან, რომელიც ოდესაში შესუსტებული შემადგენლობით თამაშობს, რადგანაც ძირითადი შემადგენლობა  IRB-ს მსოფლიო სერიაზე მიავლინა.
რაც შეეხება მასპინძელ უკრაინის ნაკრებს, რომელსაც ქართველი ზაზა ლაჟავა ავარჯიშებს, ამ გუნდმა ოდესის ეტაპზე ნახევარფინალში თამაში დაიბევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასკვნით ეტაპზე მოსკოვში გამოსვლის უფლება მოიპოვა. უკრაინელებმა პოლონეთის ქალაქ სოპოტში გამართულ პირველ ეტაპზე თასის ნახევარფინალში გააღწიეს და საბოლოოდ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. ამჯერად, ჯგუფში მათ რუსეთისა და რუმინეთის სახით ორი ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. უკრაინელებმა რუმინელებს მძიმე ბრძოლაში 14:12 აჯობეს, შემდეგ შვეიცარიას 24:10 სძლიეს, ბულგარეთი კი 56:0 განადგურეს. რადგან რუსეთმა რუმინელთა დამარცხება მოახერხა (22:17), მათი და უკრაინელთა შეხვედრა რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო, მასპინძლები თასის ნახევარფინალში ამჯერადაც იქნებოდნენ.
შეგახსენებთ, გუნდი, რომელიც ორივე ეტაპზე მინიმუმ ნახევარფინალში გადის, იმდენ ჩასათვლელ ქულას აგროვებს, რომ ჯამში ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის აუცილებლად ხვდება. მიუხედავად ამისა, ლეჟავას შეგირდებმა რუსეთთან თავდაუზოგავად ითამაშეს და პირველი ტაიმის 0:5 წაგების შემდეგ, მობილიზება მოახერხეს, მეორე ნახევრის შუაწელს წონასწორობა აღადგინეს, საკუთარი გულშემატკივრის შეძახილებით გამხნევებულებმა კი, მატჩის მიწურულს მეორე ლელოც გაიტანეს და 10:5 იმარჯვეს.

A ჯგუფი
ბულგარეთი - რუსეთი 5:36
რუმინეთი - უკრაინა 12:14
რუსეთი - შვეიცარია 28:5
რუმინეთი - ბულგარეთი 71:0
უკრაინა - შვეიცარია 24:10
რუსეთი - რუმინეთი 22:17
უკრაინა - ბულგარეთი 56:0
რუმინეთი - შვეიცარია 29:5
რუსეთი - უკრაინა 5:10
შვეიცარია - ბულგარეთი 59:0

1.    უკრაინა  4   4    0    0    104-27    12
2.    რუსეთი 4 3 0 1 91-37 10
3.    რუმინეთი 4 2 0 2 129-41 8
4.    შვეიცარია 4 1 0 3 79-81 6
5.    ბულგარეთი 4 0 0 4 5-222 3


B ჯგუფი
უკრაინა 2 - საქართველო 12:24
მოლდოვა - ბელგია 28:12
საქართველო - ლატვია 29:7
მოლდოვა - უკრაინა 2 38:12
ბელგია - ლატვია 17:0
საქართველო - მოლდოვა 12:12
ბელგია - უკრაინა 2 14:19
მოლდოვა - ლატვია 21:7
საქართველო - ბელგია 33:7
ლატვია - უკრაინა 2 19:7

1.    საქართველო  4 3 1 0 98-38 11
2.    მოლდოვა 4 3 1 0 99-43 11
3.    ბელგია 4 1 0 3 50-80 6
4.    ლატვია 4 1 0 3 33-74 6
5.    უკრაინა2 4 1 0 3 50-95 6

30 მაისი
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის

რუმინეთი - ლატვია
ბელგია - შვეიცარია
თასის ნახევარფინალები
საქართველო - რუსეთი
უკრაინა - მოლდოვა
IX ადგილისთვის
უკრაინა 2 - ბულგარეთი

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088549