“თურმე ვერა ყოფილან ქართველები რაგბში უძლეველები”, - გაუჩნდება რუსს თავში აზრად, როდესაც ევროპის 7-კაცა სერიის მე-4 ეტაპის ბოლო დღის შედეგებს გაეცნობა და მართალიც იქნება. ქართული რაგბის მმართველებს სასწრაფოდ მართებთ სტრატეგიის შემუშავება, თორემ, ასე ხომ სამეზობლოში და მერე მთელს მსოფლიოში თავი მოგვეჭრება.
7-კაცა რაგბის ოლიმპიურ სახეობად ქცევა, მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველოს სარაგბო თემმაც დიდი ზარზეიმით აღნიშნა, მაგრამ ოდესის 7-კაცაზე ნაჩვენები თამაში და შედეგი... სწორედაც რომ ზარის შემოკვრის დროა! რასაც ეროვნული 15-კაცა ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე რუსეთს უშვება, უკრაინაში უკან შემოგვიბრუნდა და ის სიამაყე, რომელიც ტრაბზონიდან უამრავი ქართველის გულს მალამოდ მოეცხო, ოდესის “ქაფურმა” გადარეცხა.
შეიძლება ითქვას, პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, აბა მოლდოვასთან ფრე რა სახსენებელია იმ იმედგაცრუებასთან, რაც მეორე დღეს გველოდა - უკრაინა და რუსეთი – რაგბში!.. რაგბში ჩვენზე მაღლა ყოფილან. ასე ჩანს შედეგით და აჰა, ვამტკიცოთ საწინააღმდეგო. ნახევარფინალში ჯერ რუსმა გაგვთელა, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი - უკრაინამ.
ახლა რომ ვთქვათ, ოდესაში უძლირესი შემადგენლობით არ წავსულვართო, უყოყმანოდ თანხმობას ვიტყვი, მაგრამ რუსეთი იყო უძლიერესებით? მათ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მასპინძლის რანგში ისედაც გარანტირებული აქვთ, რუსეთის 7-კაცა ნაკრები აგერ ედინბურგის IRB-ს მსოფლიო სერიაზე იღწვის, მათი ეროვნული გუნდი “ჩერჩილის თასისთვის” ემზადება... და ვინღა ჰყავდა რუსეთს ოდესაში წარგზავნილი? რომელიღაც შემადგენლობა, რომელმაც საქართველოს ასევე რომელიღაც შემადგენლობა ნახევარფინალში წააქცია და დიდი სირცხვილი გვაჭამა... მესმის რუსთა ზეიმისა, რომელიც მათ მოედანზევე ქართველთა დამარცხების შემდეგ გამართეს, მათ ხომ სანუკვარი ოცნება აიხდინეს - რაგბში ქართველები დაამარცხეს... ნეტა ჯგუფში მე-2 ადგილი აგვეღო და მათთან არ შევრცხვენილიყავით...
არადა, რუსეთთან ნახევარფინალური მატჩი არცთუ ცუდად დაიწყო. მეტოქის შეტევა უკუვაგდეთ, მერაბ კვირიკაშვილმა საკუთარი 22-დან ლამის 80 მეტრი ირბინა, შებოჭვისას თედო ზიბიზიბაძეს ზუსტად უპასა და ლელო გავიდა, ზუსტმა გარდასახვამ კი 7:0 დაგვაწინაურა. ხელები კი დავიფშვნიტეთ, ისტორიულ მეტოქეს წირვას გამოვუყვანთო, მაგრამ მათი საპასუხო შეტევა, ხელდახელ ჩათამაშებული, შედეგიანად დასრულდა და წონასწორობა აღდგა - 7:7. აქ ერთი რამ გამოჩნდა, ბურთის წინ დავარდნისას, ქართული შერკინების სამეული მეტოქისგან ბრდღვირს არ ტოვებდა, მაგრამ 7-კაცა რაგბი სტრატეგიული თამაშია, ძალთა სწორედ გადანაწილება დროულად ვერ მოხერხდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
დაიწყო მე-2 ნახევარი და ქართველთა ლამაზი გარღვევა ლელოთი დასრულდა, მაგრამ გარდასახვა ძელმა აისხლიტა - როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საბედისწეროდ. რუსთა საპასუხო შეტევა ქართველებმა გულიანად კი ჩაშალეს, მაგრამ საკუთარი აუტისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, ბურთი დაკარგეს და ალამთან ლელო გაუშვეს, თანაც მეტოქემ ურთულესი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში ჩრდილოელთა სასარგებლოდ 14:12 გახდა.
შემდეგსავე შეტევაში, კვირიკაშვილმა მეტოქის ხაზი გაჭრა, დიდი მანძილი მოიგო, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და ლელო გაიტანა, ზუსტმა გარდასახვამ კი, ქართველთა უპირატესობა 19:14 გახადა.
თითქოს აღარაფერი ხდებოდა, შეხვედრის დარულებამდე წამები რჩებოდა, რეფერიმ ქართველი 2 წუთით, ანუ მატჩის ბოლომდე გაასინბინა, რუსმა გაიბრძოლა, ფეხით ბურთი შეიგორა, ქართველმა კი ის აიტაცა და საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა. ამით მეტოქეს 5-მეტრა შერკინების უფლება მოუპოვა. რუსებმა იბრძოლეს, საკუთარი შერკინება მოიგეს და ისღა დარჩენოდათ, რომ კაცნაკლული გუნდისათვის ნაპრალი ეპოვნათ და ძელებსშუა ლელო გაეტანათ. ასეც მოხდა – მათ მეტობა ნაყოფიერად გამოიყენეს, ქართველებმა კი, მოედანი რეფერისგან უკმაყოფილოებმა და გულგატეხილებმა დატოვეს - ისედაც ცხადი იყო, რუსთა გარდასახვა ზუსტი იქნებოდა - 19:21.
მე-3 ადგილისთვის საქართველო ზაზა ლეჟავას გაწვრთნილ მასპინძელ უკრაინას შეხვდა, რომელიც ნახევარფინალში მოლდოვასთან დამარცხდა. უკრაინელებმა ქართველთა უნიათობით ისარგებლეს, რომელთაც საკუთარ 22-ში ბურთი წინ დაუვარდათ და ლელო გაიტანეს, რასაც თან რეალიზაცია დაურთეს. ტაიმის ბოლომდე ალანიას შეგირდებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი მოიხელთეს და საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს.
მე-2 ნახევარში დაბნეულმა ქართველებმა კიდევ 2 უიშვიათესი შეცდომა დაუშვეს და ორჯერვე ლელო-გარდასახვით დაისაჯნენ, მათმა ბოლო გაბრძოლებამ კი, საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 21:12 და მე-4 ადგილი.
პრინციპში, ქართველთათვის კვიპროსში გასამართ მე-2 ეტაპზე, იგივე პოზიცია ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გარანტიას იძლევა, მაგრამ ახლა ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ოდესაში, მეორე დღეს მხოლოდ უკრაინელი “ჩირგერლზი” დაგვამახსოვრდას, თორემ ქართველ მორაგბეებს შედეგი არ უჩვენებიათ.
ხო მართლა - ფინალში, ქართველებთან მოგებით ფრთებშესხმულმა რუსებმა მოლდოვაც დაიბრიყვეს და ოდესის ეტაპი გამარჯვებულებმა დაასრულეს.
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
რუმინეთი - ლატვია 24:5
ბელგია - შვეიცარია 24:15
თასის ნახევარფინალები
საქართველო - რუსეთი 19:21
უკრაინა - მოლდოვა 12:19
IX ადგილისთვის
უკრაინა 2 - ბულგარეთი 5:40
VII ადგილისთვის
ლატვია - შვეიცარია 7:26
V ადგილისთვის
რუმინეთი - ბელგია 41:5
III ადგილისთვის
უკრაინა - საქართველო 21:12
ფინალი
რუსეთი - მოლდოვა 35:12
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია