ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ტურნეზე მიემგზავრება, “ბარბაროსებთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა და დიდი გარჯის მიუხედავად, 23:29 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარბაროსები”, ძლიერი მორაგბეებით დაკომპლექტებული მსოფლიო ნაკრებია, რომელიც პერიოდულად იკრიბება და ძლიერ გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ერთხელ, 2006 წლის ზაფხულში, ისინი თბილისსაც ეწვივნენ და საქართველოს ეროვნულ გუნდს გაეჯიბრნენ.
“ბარბაროსებთან” მატჩის წინ, ირლანდიელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები შეექმნათ. მართალია, “ბარბაროსები” აქცენტს მუდამ ხელით თამაშზე აკეთებენ, მაგრამ ამჯერად ბრუკ ჯეიმსმა ჯარიმები კარში დაარტყა და გუნდი 6:0 დააწინაურა. რონან ოგარამ ერთი ჯარიმა მე-20 წუთზე გაქვითა, მერე კი მასპინძლებს შავი დღე დაუდგათ. ჯეიმსმა მესამე ჯარიმით უპირატესობა კვლავ 6 ქულამდე გაზარდა, მალევე, მინონმა ხავიერ რუში გარღვევაზე გაიყვანა და მატჩის პირველი ლელო გავიდა. ჯეიმსს გარდასახვა გაუფუჭდა, თუმცა, შესვენებამდე ორი წუთით ადრე, ირლანდიელებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს, ლაულალამ 70 მეტრი ირბინა, რობერტ კერნიმ მისი გარღვევა დიდი ძალისმევით შეაჩერა, მაგრამ შემტევს სმიტი წამოეშველა და ლელო გაიტანა, ჯეიმსმა კი რეალიზაციით ანგარიში 21:3 გახადა.
თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი ირლანდიელთა თავდადებამ. შესვენებამდე, ლამაზი შეტევა წამოიწყეს, რომელსაც საფუძველი ენდრიუ ტრიმბლის გარღვევამ ჩაუაყარა, ის კრის გენრიმ და დუფიმ გააგრძელეს, რონანმა ოგარასგან პასი მიიღო და “ბარბაროსების” ჩათვლის მოედანში შეიჭრა. ოგარამ რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი მასპინძლებმა 10:21 წააგეს. მეორე ტაიმი ოგარას ჯარიმით დაიწყო, მაგრამ ერთ წუთში ჰეიმანსმა სმიტის გარღვევა მარცხენა კუთხეში გატანილი ლელოთი დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, თუმცა, მალე, ელისალდემ ჯარიმიდან იხეირა და “ბარბოსები” 29:13 დააწინაურა.
დასკვნით მეოთხედში ირლანდიამ ტემპს უმატა, ბაკლიმ გზა სამ მცველთან ჭიდილში გაიკვალა და მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა. ამას ოგარამ ზუსტი რეალიზაცია დაურთო, მერე კი ჯარიმიდან იხეირა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა - 23:29. დარჩენილ დროში არეული თამაში წავიდა, ირლანდიელებმა ტემპს კიდევ უმატეს, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხეს და გამარჯვება “ბარბაროსებს” გადაულოცეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია