ამბები

14:50 | 14.06.2010 | ნანახია 2070 - ჯერ

“რაფავას თასი” აღმოსავლეთმა არეკნებით ირგუნა

საქართველოს ლეგენდარულ მორაგბე გია რაფავას მიერ დაწესებული პირველი თასისათვის, ვაკეში, “მიხეილ მესხზე” ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და მისი გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩისშემდგომი არეკნები გახდა საჭირო. სარაგბო “თერთმეტრიანებში” აღმოსავლეთელმა ჭაბუკებმა იმარჯვეს და ჯილდოც დაისაკუთრეს.
41 წლის რაფავა ერთხელ იყო “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი, ეროვნული გუნდის მაისური 13-ჯერ მოირგო და ორი ლელოც მიითვალა. თავის დროზე რაგბში კალათბურთიდან, მამის მეგობრის თხოვნით, მისულმა სპორტსმენმა, ახალ სახეობას მალევე აუღო ალღო და მორაგბედ გახდომიდან ექვს თვეში, საბჭოთა ნაკრებიც დააჭაშნიკა. ქართული რაგბის 50-წლიან ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მეორეხაზელმა, კარიერის ბოლო პერიოდი ინგლისში გაატარა. ნისლიან ალბიონზე ათწლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა კი, საშვილიშვილო “ნერგი დარგო” - გია რაფავამ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, თავისივე სახელობის თასი დააფუძნა. "მიხეილ მესხზე” მან ორი თაობის ლიხის იქეთ-აქეთა მორაგბეები შეკრიბა. უწინარესად, მინდორზე თბილისის “ლოკომოტივისა” და ქუთაისი “აია”-ს ვეტერანები გავიდნენ. “ბებრული წესით”, 20-20 წუთიანი ტაიმებით გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა, დიდ რაგბს ოფიციალურად გამომშვიდებულმა რაფავამ, ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო-თითო ტაიმი ითამაშა, მერე კი, თასის მოსაპოვებლად აღმოსავლეთისა და დასავლეთის 19-წლამდელთა ნაკრებები შეიბნენ.
სათქმელია, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირების იდეა, უფრო ადრე გაჩნდა, მაგრამ მაშინ ომმა და გაჭირვებამ ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუშალა, ახლა კი, ოცნება ახდა. ეს შეხვედრა,  შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზე გამართულიყო, მაგრამ გადატვირთულმა სანაკრებო კალენდარმა, ასევე, ოქტომბერში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დანიშვნამ, ის ამ ასაკის ნაკრებების ჯახში გადაიყვანა. 19-წლამდელთა გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიეცა კანდიდატების დაკვირვების საშუალება.
ფორმატის თანახმად, რაგბის წესები დარღვეული იყო, რადგანაც ჯარიმები კარში არ ირტყმებოდა, მაგრამ ამით შეხვედრა უფრო სანახაობრივი გახდა. ძირითად დროში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს და შეხვედრა 5:5 დასრულდა. პირველ დამატებულ 5-წუთიან ტაიმში, აღმოსავლეთის და დასავლეთის ნაკრებებმა ლელოები გაცვალეს, მაგრამ გარდასახვები ვერცერთმა ვერ გამოიყენა და ტაბლოზე 10:10 დაფიქსირდა. რადგან მეორე 5 წუთში ვერავინ იხეირა, დაინიშნა მატჩისშემდგომი არეკნები - ორ-ორი დარტყმა ცენტრიდან 22-მეტრა ხაზიდან. დასავლეთელებმა ყველა დარტყმა არაზუსტად შეასრულეს, აღმოსავლეთელებმა კი, 22-იანის ხაზიდან ორივე დარტყმა გამოიყენეს და თასი დაისაკუთრეს.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083835