საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ნამიბიის ეროვნული გუნდის დამარცხება აუცილებლად სჭირდება და საამისოდ რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, ეს პრესტიჟის საკითხია, რადგანაც აფრიკელებმა ევროპულ გუნდებს ზედიზედ ორი შეხვედრა მოუგეს და ევროპელთა სახელის დაცვა ახლა “ბორჯღალოსანთა” კისერზეა, მეორე - ამ მატჩის შედეგი მსოფლიოს რეიტინგზე აისახება და წაგება საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვნელოვან უკუსვლას გამოიწვევს, გამარჯვება კი XIV ადგილის დასაპყრობად უკეთეს პლაცდარმს შეგვიქმნის და ბოლოს, გამარჯვება ტურნირზე უკეთესი ადგილის დაკავების გარანტი იქნება. მოვლენების ქართველთა სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, მათ თასის მოპოვების იმედიც ექნებათ.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე IRB-ს ერთა თასზე, ნამიბიელები ფავორიტის სტატუსით სულაც არ ჩასულან. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ აფრიკის წარმომადგენელი დიდ შედეგს ვერ მიაღწევდა და ის ერთ-ერთ აუტსაიდერად განიხილებოდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ თავად ნამიბიელები. 2007 წელს, მათ ბუქარესტში ქულაც ვერ აიღეს, მაგრამ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შემდეგ, მათ IRB-ს ერთა თასის მოგება განუზრახავთ და ბუქარესტშიც საკმაოდ ძლიერი გუნდით წარსდგნენ.
პირველ ტურში აფრიკელებმა მოახერხეს და მასპინძელთა ნაკრები დაამარცხეს. რუმინელები ბოლოსწინა წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ და თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ნამიბიამ 30 წამში საპასუხო ლელო გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, 21:17 იმარჯვა. მასპინძლებთან ლელოები უკანახაზელებმა - დერილ დე ლა ჰარპმა და ლიეველინ ვინკლერმა გაიტანეს, 15-მა ნომერმა კრისანდერ ბოთამ კი ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გამოიყენა, თუმცა, მანვე ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გააფუჭა.
ყველა ელოდა, რომ პირველ რაუნდში საქართველოს ნაკრებთან დამარცხებული შოტლანდიის A ნაკრები, ნამიბიელებს საკუთარ ადგილს მიუჩენდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნამიბიამ, ორის საპასუხოდ სამი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულის აღებამდე ერთი ლელო დააკლდა, თუმცა, გამარჯვება მაინც დარჩა - 23:20. ამჯერად ლელოები 9 ნომერმა ეუგენ ჯენტისმა, შერკინების მეორეხაზელმა შონ ესტერჰუიზენმა და შეცვლაზე შესულმა შერკინების მოთამაშე ტინუს დუ პლასმა მიითვალეს. ბოთამ ერთი გარდასახვა გამოიყენა და ორჯერ ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.
მოკლედ, ნამიბიელებს საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავთ. მათი შერკინება არც წონით ჩამოუვარდება არავის და არც მობილურობით, კარგია ნახევარდაცვა და უკანა ხაზი, რომლებიც სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას და მისი შესრულებაც არ უჭირთ. აფრიკელთა გამორჩეული მორაგბეა შერკინების მესამეხაზელი ჯასკუს ბურგერი, რომელიც გუნდის კაპიტანიცაა. ამ ორი მოგების შემდეგ, ნამიბიელები აცხადებენ, რომ საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხებას და ბუქარესტიდან სამშობლოში თასით დაბრუნებას გეგმავენ. ისინი უფრო შორსაც მიდიან და 2011 წლის მსოფლიო თასზე არა მხოლოდ მონაწილეობას, არამედ ქულების აღებასაც გეგმავენ. ნამიბიამ აფრიკის პირველი გუნდის სახელი ტუნისის ძლევით მოიპოვა და ახალი ზელანდიის საგზური დაიბევა, ტუნისელები კი ბოლო, XX საგზურისთვის, რეპეშაჟში რუმინეთს ეთამაშებიან.
ამრიგად, ნამიბიის გუნდის დამარცხება და ევროპული რაგბის პრესტიჟის დაცვა “ბორჯღალოსანთა” საქმე გახდა, რომელიც ბუქარესტში მნიშვნელოვნად შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა. ევროპული რაგბის პრესტიჟის გარდა, ნამიბიელთა ძლევა ქართული რაგბის წარმოჩინების კარგი საშუალებაც იქნება, ამ ყველაფერს კი რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგიც ემატება. რადგან ეს შეხვედრა ეროვნული ნაკრებების დონეზე იმართება (მერე რა, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არ თამაშობს, ის მაინც ეროვნულ ნაკრებად იწოდება), მისი შედეგი რეიტინგზეც აისახება. დღეისათვის საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 68,09 ქულით XV პოზიცია უკავია, ნამიბია კი მთელი შვიდი საფეხურით ჩამოგვრჩება და 60,98 ქულით მხოლოდ XXII ადგილზეა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს მარცხი 1,71 სარეიტინგო ქულას დააკარგვინებს და ერთბაშად ორი საფეხურით დაქვეითდება, გამარჯვება კი, მართალია ამდენ ქულას ვერ შეგვმატებს, მაგრამ XIV ადგილზე მყოფ კანადასთან მიახლოვება (კანადის რეიტინგი 69,43 ქულაა) შესაძლებელი გახდება.
ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოს ნაკრებს მოგება, შეხვედრაში ოთხი, ან მეტი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება, IRB-ს ერთა თასის მოგების საშუალებას მისცემს. ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეოთხე ადგილზეა, გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა კი -17-ია. მის წინ რუმინეთია, რომელსაც 5 ქულა აქვს (+12), ლიდერები კი 8-8 ქულით ნამიბია (+7) და იტალიის A (+20) ნაკრებები არიან. თუ საქართველომ აფრიკელებს დიდი სხვაობით სძლია და პრემიალური ქულა აიღო, მას 9 ქულა გაუხდება. თუ დასკვნით მატჩში რუმინეთმა იტალიას მცირე სხვაობით სძლია, ოღონდ ოთხი ლელო ვერ გაიტანა და პრემიალური ქულა ვერ აიღო, პირველადგილოსანი გუნდის ბედს გატანილ-გაშვებული ქულები გადაწყვეტს და საქართველოს ნაკრებსაც შანსი გაუჩნდება.
ამ მნიშვნელოვან შეხვედრას, საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, წინა მატჩისგან განსხვავებით ექვსი ცვლილებით ხვდება. გასაკვირი არც არაფერია. პირველ რაუნდში შოტლანდიის A ნაკრების 22:21 დამარცხების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” მეორე რაუნდში უსახური თამაში აჩვენეს და იტალიის A გუნდთან 3:21 დამარცხდნენ. უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - გიგა კორკელია რევაზ გიგაურმა ჩაანაცვლა. კორკელია სათადარიგოთა შორისაც ვერ მოხვდა, გიგაურმა კი შოტლანდიელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მატჩი, ხოლო იტალიასთან შეცვლაზე შევიდა.
შერკინების პირველ ხაზში, ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა კარლენ ასეიშვილი, რომელმაც გასულ ორივე მატჩში შეცვლაზე ითამაშა. ამავე რგოლში, შოტლანდიასთან მატჩის მსგავსად, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ბექა შეყლაშვილი, რომელიც წინა შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. მეორე ხაზში ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა კახა უჩავა, კოტე მიქაუტაძემ კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. მესამე ხაზში ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ სიმონ მაისურაძე და ვიტო კოლელიშვილი. უჩავა, მაისურაძე და კოლელიშვილი, შოტლანდიელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, უჩავამ და კოლელიშვილმა იტალიის წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშეს, მაისურაძე კი ისვენებდა. სათადარიგოთა შორის დაბრუნდნენ მამუკა ნინიძე და ირაკლი ყიასაშვილი, რომლებმაც წინა შეხვედრა გამოტოვეს. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიასთან მატჩში, ყიასაშვილს კარში დარტყმების კუთხით 100 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ლეინმა იტალიელთა წინააღმდეგ ის განაცხადში არ შეიყვანა.
აქამდე, საქართველოსა და ნამიბიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. ორივე მატჩი სამი წლის წინ შედგა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – პირველად, “ბორჯღალოსნებმა” აფრიკელები ამავე ტურნირზე 26:18 დაამარცხეს, მერე კი, საფრანგეთის მსოფლიო თასზე გამოიჭირეს და 30:0 გაანადგურეს.
მაშ ასე, ბუქარესტში მიმდინარე ტურნირის დასკვნით შეხვედრას, “ბორჯღალოსნები” 20 ივნისს, 16:00 საათზე დაიწყებენ. ამის შემდეგ მოედანზე ტურნირის დაწყებამდე ლიდერებად მიჩნეული, რეალურად კი აუტსაიდერებად ქცეული არგენტინისა და შოტლანდიის A ნაკრებები გავლენ, 2010 წლის IRB-ს ერთა თასი მასპინძელ რუმინეთისა და იტალიის A ნაკრების ჯახით დასრულდება.
20 ივნისი. კვირა. III რაუნდი
IRB-ს ერთა თასი. რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური არკა”
საქართველო - ნამიბია (16:00 საათი)
საქართველო: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 14. სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 12. რევაზ გიგაური (“სენიაკი”, საფრანგეთი), 11. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), 9. ბიძინა სამხარაძე (“ფარული”, რუმინეთი); 1. კარლენ ასეიშვილი (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), 2. დავით დადუნაშვილი (“პერიგო”, საფრანგეთი), 3. ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი), 4. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 5. კახა უჩავა (“ფარული”, რუმინეთი), 6. სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), 7. ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი), 8. ვიტო კოლელიშვილი (“ლელო”, თბილისი).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“ფარული”, რუმინეთი), 17. ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), 18. კოტე მიქაუტაძე (“აჟენი”, საფრანგეთი), 19. ჯაბა ბრეგვაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი); 20. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 21. მამუკა ნინიძე (“ბათუმი XV”, ბათუმი), 22. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი).
უქმობენ: გიგა კორკელია, გიორგი როხვაძე, შოთა საყვარელიძე, დავით ბოლღაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
მწვრთნელი: ილია მაისურაძე
რეფერი: ნილ პეტერსონი (შოტლანდია)
ასისტენტები: ენდი მაკფერსონი (შოტლანდია), ხორაციუ ბარგაუნაში (რუმინეთი)
არგენტინა A - შოტლანდია A (18:00 საათი)
იტალია A - რუმინეთი (20:00 საათი)
1 | იტალია A | 2 | 2 | 0 | 0 | 43-23 | 8 |
2 | ნამიბია | 2 | 2 | 0 | 0 | 44-37 | 8 |
3 | რუმინეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 41-29 | 5 |
4 | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 25-42 | 4 |
5 | შოტლანდია A | 2 | 0 | 0 | 2 | 41-45 | 2 |
6 | არგენტინა A | 2 | 0 | 0 | 2 | 28-46 | 1 |
შენიშვნა: მოგება 4 ქულა, ფრე 2 ქულა, წაგება 0 ქულა, ოთხ და მეტ გატანილ ლელოზე, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისათვის ერთი პრემიალური ქულა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია