რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშების დაარსებიდან მოყოლებული, ახალი ზელანდიის ნაკრებმა 15 შეხვედრა გამართა, ყველა მათგანი მოიგო და აგერ უკვე ზედიზედ მესამედ გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ფორუმის გამარჯვებული.
2010 წლის ფინალში, ზელანდიელებს ავსტრალიის ნაკრები დაუპირისპირდა. შეხვედრა 33 წამის დაწყებული იყო, როდესაც “ოლ ბლექსის” კაპიტანი ტაილერ ბლეიენდაალი მეტოქის მცველებს შორის ისე გაძვრა, თითქოს ისინი არც არსებობდნენ და კოლტმანს ლელო გაატანინა. მე-5 წუთზე, ავსტრალიამ ჯარიმით ორ ქულამდე დაიყვანა სხვაობა, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე ისევ ახალი ზელანდია დომინირებდა, რომელმაც ტაიმი 25:3 მოიგო, საერთო ჯამში კი 62:17 იმარჯვა და თასის ზედიზედ მესამედ შემართა.
III ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, ინგლისმა და სამხრეთ აფრიკამ გახსნილი რაგბი ითამაშეს, შესვენებამდე ინგლისის სამ ლელოს და ორ გარდასახვას, აფრიკელებმა ორი ლელოთი და ერთი რეალიზაციით უპასუხეს. შესვენების შემდეგ, ინგლისმა მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა, სამხრეთ აფრიკამ ევროპელთა ჩათვლის მოედანში კვლავ ორჯერ შეაღწია, ზედ ერთი რეალიზაცია და ერთიც ჯარიმა მიამატა და 27:22 იმარჯვა. საფრანგეთმა, ტურნირის მასპინძელ არგენტინას 37:23 აჯობა და V ადგილი არ დაანება. VII ადგილი უელსს ერგო, რომელმაც ფიჯის 39:15 სძლია, ხოლო IX პოზიცია შოტლანდიის 53:23 მომგებმა ირლანდიამ დაისაკუთრა. ბოლოსწინა, XI ადგილისთვის, ტონგამ მეზობელი სამოა 23:3 დასცა და მომავალ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე თამაშის უფლება შეინარჩუნა.
ბომბარდირთა დავაში, 82 ქულით ყველას აჯობა ახალზელანდიელმა ტაილერ ბლეიენდაალიმ, ასევე ახალზელანდიელმა ჯულიან სავეამ კი, 8 ლელოთი, საუკეთესო მელელოვეებში იპირველა. სავეა 2010 წლის გათამაშების საუკეთესო მორაგბედაც დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან, ანუ ტურნირის დაარსებიდან დღემდე, ისევე როგორც გამარჯვებული მუდამ ახალი ზელანდია ხდება, ტურნირის საუკეთესო მორაგბის ტიტულსაც ახალზელანდიელი ისაკუთრებს.
XI ადგილისთვის
სამოა - ტონგა 3:23
IX ადგილისთვის
ირლანდია - შოტლანდია 53:23
VII ადგილისთვის
უელსი - ფიჯი 39:15
V ადგილისთვის
არგენტინა - საფრანგეთი 23:37
III ადგილისთვის
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 22:27
ფინალი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 17:62
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია