ამბები

10:27 | 21.08.2010 | ნანახია 3128 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ასეთი საკლუბო ტურნირების გარეშე, მარტო ნაკრებებით, შორს ვერ წავალთ"

საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "ლელო", "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშებისთვის სრული სერიოზულობით ემზადება და მისი მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდის გარჯა, ახლადდაარსებული თასის მოპოვებით დაგვირგვინდება. ეს გათამაშება საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით დაარსდა და მისი განხორციელება რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. ვარაუდობენ, რომ "შავი ზღვის თასი" ტრადიციული გახდება და მომავალში, მასში რეგიონის (მათ შორის რუსეთისაც, რომლის კლუბებსაც წელსაც უნდა ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ, უარი განაცხადეს) მართლაც უძლიერესი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონმა კვირაზე მეტი ახალდაბაში გაატარა და ფიზიკური კონდიციები აიმაღლა, ახლა კი, მცხეთაში დასცა ბანაკი და დღეში ორჯერადი ვარჯიშებით, მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება. გუნდში ცვლილებებიც მრავლად მოხდა. სამმა მორაგბემ კარიერა საფრანგეთში გააგრძელა, იგივე გზას დაადგება ვიტო კოლელიშვილიც, მაგრამ ის ჯერ საქართველოშია და "შავი ზღვის თასზე", კვლავ "ლელოს" ერთ-ერთი გამწევი ძალა იქნება. გარდა ამისა, ტრავმირებულნი არიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებენ ნახევარმცველი (10) ლაშა ხმალაძე და უკანახაზელი ალექსანდრე თოდუა. გუნდს უკრაინიდან დაუბრუნდა მისი აღზრდილი დავით დაუშვილი, სხვა ქართული კლუბებიდან საერთაშორისო ტურნირებისთვის დაიმატეს რვა მორაგბე.
"შავი ზღვის თასზე" ორ-ორ ქართულ, უკრაინულ და რუმინულ კლუბს უნდა ეთამაშა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ერთმა უკრაინულმა კლუბმა, საქართველოში სტუმრობაზე უარი განაცხადა და ის თბილისის "ლოკომოტივმა" ჩაანაცვლა. ორ სამგუნდა ჯგუფში, თითოეულ გუნდს ორი შეხვედრის გამართვა უწევს, რის შემდეგაც, ჯგუფის ლიდერები მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები ერთმანეთს მესამე ადგილს შეეცილებიან, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ.
B ჯგუფში, საქართველოს გასული პირველობის მეორეადგილოსან "ბათუმი XV"-სა და მესამეადგილოსან თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე რუმინეთის "არადი" იქნება. რუმინეთის მიმდინარე ჩემპიონატში, პირველი ეტაპის შემდეგ, "არადი" ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. საჩემპიონო ექვსეულმა უკვე ოთხი ტური გამართა და ამჟამად, "არადი" 14 თამაშიდან 8 მოგებით, 6 მარცხით და 36 ქულით (აქედან 4 პრემიალურია), მეხუთე საფეხურზე იმყოფება.
A ჯგუფში "ლელოს" მეტოქეები უკრაინის საუკეთესო გუნდი ოდესის "კრედო 63" და რუმინული "ბუქარესტი" იქნებიან. თბილისელები უკრაინელებს პირველ რაუნდში 24 აგვისტოს ეთამაშებიან. 28 აგვისტოს მეორე რაუნდის მატჩები გაიმართება და "კრედო 63" "ბუქარესტს" დაუპირისპირდება, ქართული და რუმინული კლუბის დაპირისპირება კი 1 სექტემბერს შედგება. "ბუქარესტი", რუმინეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ, აუტსაიდერთა ექვსეულში მოხვდა და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, თუმცა, იბრძვის უფრო პირობითი ცნებაა. "ბუქარესტს" 14 თამაშის შემდეგ 9 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა, 42 ქულა აქვს (6 პრემიალური) და უახლოეს მდევარს 17 ქულით უსწრებს, ასე რომ, მე-7 საფეხურს მას ვერავინ შეეცილება.
ტურნირის მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმედებზე, "სპორტული ამბები" "ლელოს" მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს ესაუბრა.  

ლევან მაისაშვილი: კარგია "შავი ზღვის თასის" გათამაშებას საფუძველი რომ ჩაეყარა და უკეთესი იქნება, თუ ის ტრადიციული გახდება. ქართული კლუბები საერთაშორისო დონის შეხვედრებს მოკლებულნი არიან. ჩვენ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ვთამაშობთ და გამუდმებით ერთიდაიგივე გუნდებთან შეხვედრა გვიწევს, რაც კარგი ნამდვილად არაა. აუცილებელია უცხოურ კლუბებთან ხშირი შეხვედრები და გამოცდილების დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რაგბის პოპულარობა საქართველოზე დაბალია და არც ის რუმინული კლუბები, რომლებიც საქართველოში მოდიან, თავისი ქვეყნის წამყვანი გუნდები არ არიან, ისინი განვითარებით, ჩვენზე მაინც ბევრად წინ დგანან.
აუცილებელია, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებმა, საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება შეიძინონ. სხვაგვარად, ქართული კლუბები და ქვეყნის შიდა ჩემპიონატი ვერ განვითარდება. კარგია, რომ ნელ-ნელა ინფრასტრუქტურა მწყობრში შედის და იმედია, ახალი სტადიონები მომავალშიც აშენდება, მაგრამ თამაში მაინც სულ სხვა გამოცდილებაა და მის გარეშე არაფერი გამოვა. მართალია, გვყავს ძლიერი ეროვნული ნაკრები, ჩამოყალიბდა საქართველოს A ნაკრები, მაგრამ იქ, უმეტესად, მაინც ის ლეგიონერები ხვდებიან, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში არ უწევთ თამაში. A ნაკრები არაა ქართული კლუბების ნაკრები და ახლა, ამ საერთაშორისო ტურნირით, მორაგბეებს უდიდესი გამოცდილების შეძენის შანსი ეძლევათ, რადგანაც გუნდები მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე სპორტსმენებით იქნებიან დაკომპლექტებულნი.
- როგორ და სად ემზადება "ლელო" "შავი ზღვის თასის" გათამაშებისთვის?
- პირველი შეკრება ბორჯომის ხეობაში, ახალდაბაში გვქონდა. იქ რვა დღე დავყავით და ძირითადი ყურადღება ფიზმომზადებას დავუთმეთ. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით, გადავწყვიტეთ, თუ რომელი მორაგბეები მოემზადებოდნენ "შავი ზღვის თასის" შეხვედრებისთვის და 16 აგვისტოდან მცხეთაში, "მცხეთა პალასში" შევიკრიბეთ, სადაც ტურნირის ბოლომდე დავრჩებით. ინტენსიურად ვემზადებით. ყველაფერი ნორმალურადაა. დღეში ორჯერ ვარჯიშები გვაქვს და მომავალი შეხვედრებისთვის საგურამოში მდებარე ფეხბურთელთა ბაზაზე ვემზადებით.
- პირველი წრის შემდეგ, გუნდი რამდენიმე მორაგბემ დატოვა...
- დიახ. ირაკლი მირცხულავა, გიორგი მენაბდიშვილი და შოთა ცხოვრებაშვილი საფრანგეთში არიან და კარიერას იქაურ კლუბებში გააგრძელებენ. ფრანგულ "კლერმონში" გადადის ვიტო კოლელიშვილი, მაგრამ მას საბუთებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა, ჯერ ისევ ჩვენთანაა და "შავი ზღვის თასზე" აუცილებლად ითამაშებს. ტრავმირებულნი არიან ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა. სამწუხაროდ, ისინი სეზონის ბოლომდე ვერ დაგვეხმარებიან.
- IRB-ს ნებართვით, "შავი ზღვის თასისთვის" კლუბებს სხვა გუნდებიდან საჭირო მორაგბეთა დამატების შესაძლებლობა აქვთ.
- დიახ და ჩვენც რვა მორაგბე დავიმატეთ, რომლებიც "შავი ზღვის თასზე" დაგვეხმარებიან, მერე კი თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან. გარდა ამისა, დავიმატეთ "ლელოს" აღზრდილი დავით დაუშვილი, რომელიც ბოლო დროს უკრაინის ჩემპიონატში, კერძოდ კიევის "ავიატორში" გამოდიოდა. ის, სეზონის ბოლომდე ჩვენთან დარჩება. ორი მოთამაშე თბილისის "ვისოლი-ყოჩებიდანაა" - მორკინალები კარლენ ასეიშვილი და შალვა მამუკაშვილი, სამი ქუთაისის "აია"-დან  - თორნიკე ლომიძე და გელა შალამბერიძე შერკინების ხაზში გამოდიან, ირაკლი ჩხიკვაძე კი უკანახაზელია. თითო-თითო მოთამაშე ავიყვანეთ "ლოკომოტივიდან", "აკადემიიდან" და თსუ-"ლომებიდან", შესაბამისად - ზვიად მაისურაძე (შერკინება), მიხეილ გაჩეჩილაძე (შერკინება) და ლაშა ბაირამაშვილი (10).
- დანარჩენები, გასაგებია, მაგრამ "ლოკომოტივი" შავი ზღვის თასზე" თავადაც თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მაისურაძის დათმობას როგორ დათანხმდა?
- წესით, "ლოკომოტივს" არ უნდა ეთამაშა და მორაგბეთა შერჩევის მხრივ, უპირატესობა ჩვენ გვქონდა. თავიდანვე შევთანხმდით, რომ მაისურაძე დაგვემატებოდა, მაგრამ მერე უკრაინის მეორე გუნდმა თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვა. მოლაპარაკება პორტუგალიურ კლუბებთან მიდიოდა, თუმცა, დროის სიმცირის გამო, "შავი ზღვის თასზე" მონაწილეობა მათაც იუარეს და მეექვსე გუნდის ადგილი "ლოკომოტივმა" დაიკავა. რადგან შეთანხმება უკვე მიღწეული გვქონდა, მათ პირობა აღარ გადათქვეს და მაისურაძე ჩვენ დაგვითმეს.
- ჯგუფურ ეტაპზე უკრაინულ "კრედო 63"-ს და რუმინულ "ბუქარესტს" ეთამაშებით. რა იცით მეტოქეთა შესახებ?
- რუმინული კლუბების თამაშის ვიდეოჩანაწერი ვერ მოვიძიეთ. დახმარება რუმინეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს ვთხოვე და მათგან რაღაც ინფორმაცია მივიღეთ. უკრაინელების შესახებ უფრო მეტი ვიცით. ისინი შეკრებას ბათუმში გადიოდნენ, ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და "ბათუმი XV" და ქუთაისის "აია" დაამარცხეს. მთლიანობაში, ორივე გუნდზე პატარ-პატარა ინფორმაცია გვაქვს და მათ შესახებ უფრო მეტი, პირველი შეხვედრების შემდეგ გვეცოდინება.
- "ლელოს" მიზანი "შავი ზღვის თასის" მოგებაა?
- რა თქმა უნდა.
- რით უნდა ვაჯობოთ მეტოქეებს?
- როგორც აღვნიშნე, მეტოქეებზე უფრო მეტის თქმა, პირველი შეხვედრების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ჩვენ ის ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ნახევარდაცვაში გვექნება. ხმალაძე დაიმტვრა და ის ბაირამაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს. ის კარგი ბიჭია, მაგრამ სად წლების განმავლობაში შეთამაშებული მორაგბე და სად ახალი დამატებული მოთამაშე. ხმალაძეზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ბაირამაშვილიც კარგად გაართმევს თავს.


აქვე ტურნირის განირიგიც:

A ჯგუფი

24 აგვისტო. სამშაბათი. 20:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - არადი (რუმინეთი)
28 აგვისტო. შაბათი. 18:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - არადი (რუმინეთი)
1 სექტემბერი. ოთხშაბათი. 18:00 საათი
ბათუმი XV (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)

B ჯგუფი
24 აგვისტო. სამშაბათი. 18:00 საათი

ლელო (თბილისი) - კრედო 63 (უკრაინა)
28 აგვისტო. შაბათი. 20:00 საათი
კრედო 63 (უკრაინა) - ბუქარესტი (რუმინეთი)
1 სექტემბერი. ოთხშაბათი. 20:00 საათი
ლელო (თბილისი) - ბუქარესტი (რუმინეთი)

4 სექტემბერი. შაბათი. V ადგილისთვის
A III - B III (18:00 საათი)
4 სექტემბერი. შაბათი. III ადგილისთვის
A II - B II (20:00 საათი)
5 სექტემბერი. კვირა. ფინალი
A I - B I (19:00 საათი)

შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076678