ამბები

10:56 | 25.09.2010 | ნანახია 3140 - ჯერ

ასეიშვილი “ორტეზში” გადავიდა

თბილისის “ვისოლი-ყოჩების” 23 წლის პირველხაზელი კარლენ ასეიშვილი, კარიერას საფრანგეთის ფედერალ 1-ის კლუბ “ორტეზში” გააგრძელებს.
ახალგაზრდა ქართველი მორაგბე საფრანგეთში დღეს გამთენიისას გაემგზავრა და ახალ კლუბთან კონტრაქტს 1+1 სისტემით გააფორმებს.
“ბილეთი უკვე აღებული მაქვს. ახლა პატარა ფორმალობაა მოსაგვარებელი და შუაღამით საფრანგეთში გავფრინდები. ამ კლუბთან დაკავშირების შემდეგ, მათ ჩემი თამაშების ვიდეოჩანაწერები მივაწოდეთ. ისინი დაინტერესდნენ და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს”, - გვითხრა საფრანგეთში გამგზავრების წინ ასეიშვილმა.
“ორტეზმა” გასულ წელს ფედერალ 2-ში წარმატებით ითამაშა და ფედერალ 1-ის საგზური მოიპოვა, ახლა კი, იქ დამკვიდრებას ცდილობს. მიმდინარე გათამაშებაში, ამ გუნდმა ორი შეხვედრა გამართა, ორივე წააგო და მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა აიღო. აღსანიშნავია, რომ “ორტეზში”დავით გურგენიძე თამაშობს, რომელიც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია, მაგრამ ახლახანს ესპანეთის მოქალეობა მიიღო და ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავს. მიმდინარე წლის მარტში, მან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისშიც ითამაშა.
რაც შეეხება ასეიშვილს, ეს მისთვის პირველი უცხოური კლუბი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შერკინების პირველ ხაზში დიდი კონკურენციაა, ასეიშვილს ეროვნულ ნაკრებში ოთხი შეხვედრა დაუგროვდა. “ეროვნული” მან 2008 წელს, რუმინეთში, IRB-ს ერთა თასზე დააჭაშნიკა. 2010 წელს, მან ამავე ტურნირზე სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც გასული წლის მიწურულს საქართველოს B ნაკრები შეიქმნა, ის ამ გუნდის შეკრებებზე მუდმივად იმყოფებოდა. გასული წლის ნოემბერში, მან პოლონეთისა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა, მიმდინარე წლის მარტში კი, გუნდს სამხრეთ აფრიკულ შეკრებაზე ახლდა.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091441