ბრიუსელში, საქართველოსა და რუსეთის 19-წლამდე მორაგბეთა შეხვედრისას, “ეიზელის” სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ, ტრაბზონში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გამახსენა. ბელგიაში მცხოვრები ქართველები, “ბორჯღალოსნებს” გვერდში დაუდგნენ და მათი იმედები არც ბიჭებმა გააწბილეს. როგორც მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ამჯერადაც პირწმინდად დაჩაგრა და ღირსეული გამარჯვებით, ევროპის ღირსეული ჩემპიონი გახდა.
ახლა ამ ბიჭებს 2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ 2011 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასზე მოუწევთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და გვჯერა, “ბორჯღალოსნები” თავს არც იქ შეირცხვენენ. ის, რომ საქართველოს ნაკრები ბელგიაში ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა, ამის წინაპირობას იძლევა. სხვათა შორის, ფინალში რუსეთის ნაკრების 38:7 დამარცხების შემდეგ, მატჩის თვითმხილველმა რუსმა ჟურნალისტმა თქვა, რომ რუსეთის ნაკრებმა საუცხოოდ ითამაშაო და თუ მეტოქეს საუცხოო თამაშის პირობებში ასეთი უპირატესობით ვამარცხებთ, ესე იგი მართლაც მსოფლიოს დონის ნაკრები გვყოლია.
საქართველოს ნაკრებმა სამ შეხვედრაში 94 ქულა აიღო, თავად კი მხოლოდ 13 გაუშვა - თითო-თითო ლელო, გარდასახვა, არეკნი და ჯარიმა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 12 ლელოა. 3 ლელო გაიტანა დავით ლოსაბერიძემ, 2 ბახვა კობახიძემ, ხოლო თითო-თითო ლევან ჩილაჩავამ, ზურაბ ძნელაძემ, გიგა თხილაიშვილმა, ტარიელ ჩხიკვაძემ, ზურაბ ჟვანიამ, გიორგი აბრამიძემ და ლევან გოგოლაშვილმა. 8 გარდასახვიდან 2 დავით ლოსაბერიძეს ანგარიშზეა, ხოლო 6 უშანგი მჭედლიშვილიმა ჩაიწერა. 6 ჯარიმიდან ერთი ლოსაბერიძემ გამოიყენა, 5 კი - მჭედლიშვილმა. ამრიგად, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი 27 ქულით მჭედლიშვილი გახდა (6 რეალიზაცია, 5 ჯარიმა), მე-2 ადგილზე კი ლოსაბერიძე გავიდა, რომელმაც ჯამში 3 ლელო, 2 რეალიზაცია და ერთი ჯარიმა გაიტანა და თავი 22 ქულას მოუყარა.
საქართველოს ნაკრები თბილისში სტამბოლის რეისით პირველ ნოემბერს, გამთენიისას დაბრუნდა და აეროპორტში მათ ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია