მომავალი წლის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, “არმაზმა” პირველლიგელი “ივერია” პირველ შეხვედრაში 37:24 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ 13-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა.
თბილისის “ივერია” მეტოქეს შერკინებაში აშკარად ჯობდა, მაგრამ გამოცდილებით და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში აშკარად ჩამოუვარდებოდა და მათი მარცხიც ამან განაპირობა. პირველლიგელებს თამაშის დასაწყისშივე ეტყობოდათ, რომ ზედმეტად ნერვიულობდნენ და საკუთარი თავის ბოლომდე არ სჯეროდათ. “არმაზმა” გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მე-15 წუთზე მოკლე დარტყმებით წინ წაიწია, მარცხენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნა, ბურთი იქით ჩათამაშდა და თაგაურმა ლელო გაიტანა. კიკნაძეს რეალიზაცია გაუფუჭდა - 0:5.
ასეთმა დასაწყისმა უმაღლესლიგელებს იოლი გამარჯვების იმედი ჩაუსახა და ინიციატივა მეტოქეს დაუთმო. ახლა “ივერიამ” შეუტია მოკლე დარტყმებით, მაგრამ მათ მიძალებას იმპროვიზაცია აკლდა. ნომინალურმა მასპინძლებმა ჯარიმა კარში არ დაარტყეს, გაითამაშეს და ლელოს გატანა სცადეს, თუმცა ბურთი წინ დაუვარდათ. მიუხედავად ამისა, მათ იგრძნეს, რომ ფიზიკურად მეტოქეს ჯობდნენ, ჯარიმა ისევ აუტში გაიტანეს, მოლით ითამაშეს, ამას რაქი მოჰყვა, იქიდან ბურთი ბუჯიაშვილმა აიტაცა და ლელო გაიტანა, ნოზაძემ კი რეალიზაცია გამოიყენა და თავისიანები დააწინაურა. 33-ე წუთზე მათ მეორე ლელო გაიტანეს და ის ძალიან ლამაზი გამოდგა. ყველაფერი კვლავ მოკლე დარტყმებით დაიწყო, მერე ბურთი მარჯვენა ფლანგზე ხელით კარგად ჩაათამაშეს და ტრაპაიძე მეტოქის ჩათვლის მოედანში ალამთან შეხტა. ნოზაძის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა - 14:5.
“არმაზი” გამოცოცხლდა. ახლა თავად გაიტანა ბურთი აუტში, დერეფანი მოიგო, მოლით ითამაშა და ჩომახაშვილმა ლელოებში ანგარიში გაათანაბრა, კიკნაძემ კი რეალიზაციით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. შესვენებამდე აღარაფერი რჩებოდა, “არმაზმა” ტემპს უმატა, კარის წინ დანიშნული ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, კიკნაძემ თამაში თავის თავზე აიღო, ხაზი გაჭრა და თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. კიკნაძემ რეალიზაცია ვერ გამოიყენა და “არმაზმა” ტაიმი 17:14 მოიგო.
კიკნაძემ “არმაზის” უპირატესობა 54-ე წუთზე ჯარიმით გაზარდა, რაზეც ორ წუთში “ივერიამ” მძლავრი შეტევით უპასუხა, ბუჯიაშვილმა ხაზი გაჭრა და თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე ლელო გაიტანა. ნოზაძის რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და “ივერია” ერთი ქულით დაწინაურდა - 21:20. სამ წუთში კიკნაძემ კვლავ ნომინალური სტუმრები დააწინაურა, მან გასატანი ჯარიმა გამოიყენა, 67-ე წუთზე კი “არმაზმა” სწრაფი შეტევა წამოიწყო, ბურთი ხელით სწრაფად გაითამაშა და კოტორაშვილმა ლელო გაიტანა. კიკნაძის რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა. “ივერიამ” სიტუაციის გამოსწორება სცადა და ნოზაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მალევე თავად დაჯარიმდა და შეცვლაზე ცოტა ხნით ადრე შესულმა გურჯიძემ სინბინი დაიმსახურა. “არმაზმა” კაცნაკლულ მეტოქეს შეუტია, კოტორაშვილის ფეხით მეტოქის ზურგში გადაკიდებული ბურთი “ივერიას” მცველებმა ვერ აიღეს, ის “არმაზს” დარჩა, რაქიდან ამჯერად მისრიაშვილმა გადაკიდა, ხუციშვილმა ბოლომდე ირბინა და ლელო გაიტანა, კიკნაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 37:24.
ამ მარცხმა “ივერია” მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. 11 ნოემბერს, იმავე “ვისოლის” სტადიონზე მათ მეტოქის დამარცხება 14 ქულით მართებთ, რაც იოლად მისაღწევი სულაც არ იქნება.
4 ნოემბერი. ხუთშაბათი. ფლეი ოფი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის
თბილისი. “ვისოლი”. 300 მაყურებელი
ივერია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 24:37 (14:17)
ივერია: 15. ნოზაძე, 14. ტრაპაიძე, 13. ბუბუნაური, 12. შენგელია (ჩიტიძე 39), 11. გელაძე, 10. დოღონაძე, 9. სარიშვილი (ბიწაძე 42); 1. ნავროზაშვილი, 2. ოქრომელიძე, 3. ჯავახიშვილი, 4. სვანიძე, 5. ანდრიასოვი (მიქაძე 62), 6. ბიწაძე, 7. ბლიაძე (გურჯიძე 65), 8. ბუჯიაშვილი.
3 ლელო: ბიჯიაშვილი (2), ტრაპაიძე
3 გარდასახვა: ნოზაძე
1 ჯარიმა: ნოზაძე
1 სინბინი: გურჯიძე
არმაზი: 15. კოტორაშვილი, 14. ჩხაიძე, 13. გაბროშვილი, 12. კაიფაჯიანი, 11. ხუციშვილი, 10. კიკნაძე, 9. მჟავანაძე (მისრიაშვილი 50); 1. ბუკია, 2. ჩომახაშვილი, 3. ესართია, 4. ჟღენტი (რობაქიძე 50), 5. კანდელაკი, 6. თაგაური (ლეკბირაშვილი 57), 7. მინაშვილი, 8. თიგიშვილი.
5 ლელო: თაგაური, ჩომახაშვილი, კიკნაძე, კოტორაშვილი, ხუციშვილი
3 გარდასახვა: კიკნაძე
2 ჯარიმა: კიკნაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია