საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბი, ქვეყნის პირველობის გადამწყვეტი მატჩის წინ, თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ქართული საზოგადოებისათვის თავის წარდგენაც არ დაიზარა. მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმს რიჩარდ (რიჩი) დიქსონმა, საქართველოს XXII ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაცვის მწვრთნელ ჯონ მაგლტონთან, ხაზის მწვრთნელ დონალდ კასკთან, ტექნიკურ მრჩეველ მაიკლ ბრედლისთან და ფიზმომზადების სპეციალისტ, თავის ძმისშვილ მარკ დიქსონთან ერთად უცქირა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, ზემოთნახსენები მწვრთნელები წარადგინა და ისინი შემდეგნაირად დაახასიათა:
“ყველა მწვრთნელთან, რომლებმაც საქართველოს ნაკრები სამსოფლიოსჩემპიონატოდ უნდა მოამზადოს, კონტრაქტი გაფორმებულია. მთავარ მწვრთნელ რიჩარდ დიქსონს და ხაზის მწვრთნელ დონალდ კასკის, საზოგადოება უკვე იცნობს. ისინი უკვე დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან. ჯონ მაგლტონი ავსტრალიელი, დაცვის მწვრთნელია, რომელიც 1999 წელს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშაობდა და იმ წელს ავსტრალიამ მსოფლიოში უძლიერესის ტიტული მოიპოვა, თანაც ამ გუნდმა სულ ერთი ლელო გაუშვა. მაიკლ ბრედლი ირლანდიელია და გუნდს სტრატეგიულ დაგეგმარებაში დაეხმარება. მას ირლანდიის ეროვნულ გუნდში 44 კეპი აქვს მოხვეჭილი, დიდი ხნის განმავლობაში ირლანდიის A ნაკრებს ავარჯიშებდა და “ჩერჩილის თასზე” კანადისა და აშშ-ს ნაკრებების თამაში კარგად აქვს შესწავლილი. მარკ დიქსონი თითქმის სულ საქართველოშია და 19-წლამდელთა ნაკრების ფიზმომზადებაზე ზრუნავდა. მომავალი წლის ივნისში გერეთ ადამსონი შემოგვიერთდება, რომელსაც ახლა ინგლისურ “ჰარლიკვინსთან” კონტრაქტი აკავშირებს და ჯერჯერობით, ვერ ჩამოდის. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, გვეყოლება სპორტული ფიზიოლოგი, რომელიც ნაკრებთან მუშაობის პარალელურად, ამ საკითხზე ლექციებს წაიკითხავს და ადგილობრივ სპეციალისტებს მოამზადებს. კანადასთან და აშშ-სთან თამაშებისთვის ველოდებით ფრანგ სპეციალისტს თავისი აპარატურით, რომელიც ჩვენს მწვრთნელებს მატჩების ვიდეოანალიზს ასწავლის და ამ კუთხით, თანამედროვე დონეზე განვითარებაში დაგვეხმარება” .
ნიჟარაძის შემდეგ, სიტყვა უკვე მწვრთნელებმა აიღეს და ზოგადად საქართველოს ნაკრების მდგომარეობასა და მის მომავალზე ისაუბრეს.
რიჩი დიქსონი: “მსოფლიოს ჩემპიონატამდე 10 თვით ადრე, ნაკრების მმართველი გუნდი სტრატეგიაზე ვიწყებთ მუშაობას და გვსურს, რომ მოლოდინი გავამართლოთ. ნოემბერში ორი თამაში გველის და იქ ნაჩვენები როგორც თამაშის ხარისხი, ისე შედეგი, ძალიან მნიშვნელოვანია. თამაში უნდა დავხვეწოთ, რათა მსოფლიო თასზე ისე ვითამაშოთ, როგორც მაყურებელი მოელის. კანადის ნაკრებს ევროპულ ტურნეზე 4 მატჩი აქვს დაგეგმილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან და პრინციპულ შეხვედრად ჩვენთან ჯახს განიხილავენ. კანადა ჩვენზე რანგით უფრო მაღალ ადგილზე დგას და მისი დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ორშაბათიდან შეიკრიბება და საორგანიზაციო საკითხები მნიშვნელოვნად შეიცვლება - მორაგბეებთან მისვლა და გასაუბრება ასე უკონტროლო აღარ იქნება. საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს რეგულარულად ვადევნებ თვალს. უკვე შერჩეულია ბირთვი, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშებს, მაგრამ კარი ყველასათვის ღიაა და ამ სიის გაფართოვება სრულიად შესაძლებელია. ამასთან, კარგად გვესმის, რომ საქართველოში რაგბის განვითარება მხოლოდ მომავალი მსოფლიოს თასით არ შემოიფარგლება და მომავალზეც ვფიქრობთ”.
მაიკლ ბრედლი: “საქართველოში, კანადასა და ამერიკაში, რაგბის განვითარების ტემპი თითქმის თანაბარია. უახლოესი მატჩი კანადასთან გველის, რომლის წინააღმდეგაც ჩემს გუნდს ადრეც უთამაშია. ისინი სწრაფად ათამაშებენ ბურთს, დომინირებენ რაქებში და მაღალი ხარისხის დაცვა აქვთ. ირლანდიის A ნაკრები ამ მეტოქეს სწორედ იმის ხარჯზე ამარცხებდა, რომ ამ კომპონენტებში სჯობდა. სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ საქართველომაც მსგავს დონეს მიაღწიოს”.
მარკ დიქსონი: “ქართველებს ფიზიკური სიძლიერე გენეტიკურად მოგსდევთ, მაგრამ მისი რაციონალურად გამოყენება ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს სიძლიერე უპირატესობად უნდა ვაქციოთ. არ შეიძლება ენერგიის უმეტესი ნაწილი დროის რაიმე მონაკვეთში დაიხარჯოს, ის მთელ 80 წუთზე თანაბრად უნდა განაწილდეს”.
დონალდ კასკი: “საქართველოს ნაკრების ძალა - შერკინება, მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, მაგრამ ეს უპირატესობა ეფექტური უნდა გავხადოთ. გუნდმა ღია თამაში უნდა დაიწყოს და მისი თამაში დაბალანსებული გახდეს. დღეს საქართველოს ნაკრები ორი განსხვავებული გუნდია, ცალკეა შერკინება და ცალკე უკანა ხაზი. მათ შორის უმაღლესი დონის კავშირი უნდა დამყარდეს. სამუშაო ბევრია და ამის გაკეთებას დღეიდან ვიწყებთ”.
ჯონ მაგლტონი: “ქართველი მორაგბეები ძლიერები არიან ბოჭვისას, დაცვაში თამაშში, მაგრამ ეს პერიოდულად ხდება. ამ პერიოდებში ისინი საუკეთესოები არიან, მაგრამ სტაბილურობა აკლიათ. ეს ყველაფერი მხოლოდ მონაკვეთებში ხდება და წამყვან სარაგბო ქვეყნებს სწორედ იმით ჩამორჩებით, რომ მსგავსი თამაში 80 წუთი არ შეგიძლიათ. უნდა მოვახერხოთ, რომ მთელი 80 წუთის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებმა არანორმალურ ტემპში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი საზრუნავი და ეს საკითხი უნდა მოვიყვანოთ სისტემაში”.
საქართველოს ნაკრებს, ოც ნოემბერს, 14:00 საათზე “ბორის პაიჭაძეზე” კანადის ნაკრებთან ელის მატჩი, ხოლო 27 ნოემბერს აშშ-ს ნაკრები გვესტუმრება. რადგან ორი მატჩია დაგეგმილი და ახალ მწვრთნელთა საბჭოს სამსოფლიოსჩემპიონატოდ ყველა კანდიდატის ხილვა სურს, შეკრებაზე 42 მორაგბეა გამოძახებული:
დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (მონპელიე, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გრიგოლ ლაბაძე (გრასი, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე, საფრანგეთი), ბესარიონ უდესიანი (მაკონი, საფრანგეთი), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი, საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო, საფრანგეთი), მალხაზ ურჯუკაშვილი (გორდონი, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (ნიცა, საფრანგეთი), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი, საფრანგეთი), დავით დადუნაშვილი (პერიგო, საფრანგეთი), გიორგი ჟღენტი (მონპელიე, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი, საფრანგეთი), ირაკლი გიორგაძე (ლე სანი, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია, ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი-ყოჩები, საქართველო), გელა შალამბერიძე (აია, საქართველო), ლაშა თავართქილაძე (ფარული, რუმინეთი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი, საქართველო), ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო, საქართველო), გიორგი კაჭარავა (ლელო, საქართველო), გიორგი როხვაძე (აია, საქართველო), გიორგი ბეგაძე (ვისოლი-ყოჩები, საქართველო), ლექსო გუგავა (ლელო, საქართველო), გიგა კორკელია (ლელო, საქართველო), რატი ხუციშვილი (ლოკომოტივი, საქართველო), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო, საქართველო), ბიძინა სამხარაძე (ფარული, რუმინეთი), იური ნატრიაშვილი (ფარული, რუმინეთი), ბესიკ ხამაშურიძე (აია, საქართველო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია, საქართველო), რევაზ გიგაური (ფიჟაკი, საფრანგეთი).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია