საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “ბორის პაიჭაძეზე” კანადელთა 22:15 დამარცხების შედეგად, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში აქამდელ მონაგარს 1.024 ქულა შემატა, ჯამში 67.40 ქულა დააგროვა, ტონგას ნაკრებს 0.05 ქულით გაასწრო და მე-16 საფეხურზე აღზევდა.
ნამატი მეტიც იქნებოდა, მაგრამ ამისათვის, “ბორჯღალოსნებს” მეტოქე 15 და მეტი ქულის სხვაობით უნდა დაემარცხებინათ. ასეთ შემთხვევაშიც კი, ამ ეტაპზე მე-16 საფეხურზე ზევით ასვლის შანსი არ იყო, მაგრამ კანადა და აშშ უფრო მეტად ახლოს იქნებოდნენ და სამომავლოდ, ორივე მათგანის უკან მოტოვების შანსიც რეალური გახდებოდა. მხოლოდ 7 ქულით დამარცხებულმა კანადამ, რეიტინგში 1.03 ქულა დაკარგა და მე-14 საფეხური შეინარჩუნა. კვლავ მე-15 ადგილზეა საქართველოს მომავალი მეტოქე აშშ-ს ნაკრები, რომელიც გასულ შაბათს შოტლანდიის A ნაკრებთან 0:25 დამარცხდა, მაგრამ ეს ტესტ მატჩი არ იყო და მისი შედეგი რეიტინგზე არ აისახა.
27 ნოემბერს, რიჩი დიქსონის შეგირდები სწორედ აშშ-ს მასპინძლობენ, რომლის შედეგიც, რეიტინგზე უთუოდ აისახება და “ბორჯღალოსნებს” წინსვლის შანსი აუცილებლად ექნებათ. თუ საქართველომ მეტოქეს 15-ზე ნაკლები ქულით სძლია, რეიტინგს 0.810 ქულას შემატებს, ჯამში 68.21 დაუგროვდება, აშშ-ს მონაგარი 67.69-მდე შემცირდება და საქართველოს ნაკრები მას მე-15 ადგილს აართმევს. 15 და მეტი ქულით მოგების შემთხვევაში, წინსვლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. “ბორჯღალოსნებს” 1.215 ქულა დაერიცხებით (ჯამში 68.62) და მე-15 პოზიციაზე უფრო მყარად მოკალათდებიან. ორივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო ზევით, მე-14 ადგილზე აღზევების შანსი ექნება, ოღონდ საამისოდ, კანადამ პორტუგალიაში ადგილობრივ ნაკრებს ვერ უნდა აჯობოს. მარცხზე რომ არაფერი ვთქვათ, ფრის შემთხვევაშიც კი, მათი მონაგარი 68.18 ქულამდე შემცირდება და “ბორჯღალოსნები” მათზე გადასწრებას მოახერხებენ.
ღმერთმა ნუ ჰქმნას და, თუკი “ბორჯღალოსნები” ოკეანისგაღმელებთან დამარცხდებიან, ან ფრედ ითამაშებენ, უკუსვლას ვერ გადაურჩებიან. ფრის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 0.190 ქულას დაკარგავს და კვლავ მე-17 ადგილზე დაქვეითდება, 15 ქულაზე ნაკლები ანგარიშით მარცხისთვის, 1.190 ქულას დაკარგავს, ხოლო უფრო დიდი სხვაობით წაგების შემთხვევაში 1.785 ქულას. სამივე ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-17 ადგილს არ ჩაცდება, მაგრამ მდევარი რუსეთი ძალიან მიუახლოვდება.
რაც შეეხებათ ბობოლა ქვეყნებს, ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე შოტლანდიას ჰქონდა, რომელმაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, 21:17 დაამარცხა. ამან მათ, ორი საფეხურით წინსვლის საშუალება მისცა და რეიტინგის შემოღებიდან (2003 წლიდან), თავის მაქსიმალურ ადგილს უწიეს. მათ ირლანდია და არგენტინა მოიტოვეს უკან და მე-6 ადგილზე მოკალათდნენ. შესაბამისად, ამ მარცხმა, “სპრინბოკს” მეორე საფეხური დააკარგვინა და ის ავსტრალიამ დაიკავა, რომელმაც სტუმრად იტალიას 32:14 აჯობა. ამ გამარჯვებამ, მათ რეიტინგს ვერაფერი შემატა, მაგრამ აფრიკელებმა იმდენი ქულა დაკარგეს, რომ “კენგურუებზე” ქვევით დაეშვნენ.
რეიტინგის სათავეში კვლავ ახალი ზელანდიაა, რომელმაც სტუმრად ირლანდიას 38:18 კი აჯობა, მაგრამ რეიტინგს მხოლოდ 0.15 ქულა შემატა. რადგან სამხრეთ აფრიკამ მეორე საფეხური დაკარგა და ის ავსტრალიას დაუთმო, “ოლ ბლექსი” უახლოეს მდევარს ახლა მთელი 7.29 ქულით უსწრებს. ჩრდილოეთ ნახეარსფეროს საუკეთესო გუნდად კვლავ ინგლისი რჩება, რომელმაც სამოას 26:13 აჯობა, მაგრამ არგენტინელების მძლეველ ფრანგებს (15:9), ახლა მხოლოდ 0.4 ქულით უსწრებენ. უელსთან ნათამაშებმა ფრემ, ფიჯის სამოასთან უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა. ამასთან, მართალია, მათ იმდღევანდელ მეტოქეს რეიტინგში ვერ გაასწრეს, მაგრამ ჩამორჩენა შეამცირეს. ნამიბიის მძლეველმა პორტუგალიამ (24:12), ისინი რეიტინგში ერთი საფეხურით დააწინაურა და აფრიკელებთან ჩამორჩენაც უმნიშვნელოღა დარჩა.
რეიტინგში მორიგი გადაადგილებები 27 ნოემბრის ტესტ მატჩების შემდეგ მოხდება.
IRB-ს მსოფლიო რეიტინგი 22 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,19
2 (3). ავსტრალია 85,90
3 (2). სამხრეთ აფრიკა 85,31
4 (4). ინგლისი 83,61
5 (5). საფრანგეთი 83,21
6 (8). შოტლანდია 81,20
7 (6). ირლანდია 80,90
8 (7). არგენტინა 79,87
9 (9). უელსი 77,04
10 (10). ფიჯი 75,02
11 (11). სამოა 74,02
12 (12). იტალია 72,35
13 (13). იაპონია 71,45
14 (14). კანადა 68,59
15 (15). აშშ 68,50
16 (17). საქართველო 67,40
17 (16). ტონგა 67,35
18 (18). რუსეთი 65,56
19 (19). რუმინეთი 65,03
20 (20). ნამიბია 61,79
21 (22). პორტუგალია 61,53
22 (21). ურუგვაი 61,45
23 (23). ესპანეთი 57,51
24 (24). ჩილე 56,68
25 (25). ბელგია 56,44
26 (26). მაროკო 56,11
27 (27). ყაზახეთი 55,20
28 (28). ბრაზილია 54,56
29 (29). უკრაინა 54,35
30 (36). ჩეხეთი 53,30
31 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია