2011 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის ახლებური სისტემით გაიმართება, რაც იმედია, სამომავლოდ მოზრდილთა ნაკრებების სატურნირო ფორმატზეც აისახება. საქმე ის გახლავთ, რომ ე.წ. მეორე რანგის ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოს) დაპირისპირება “ექვსი ერის” წარმომადგენლებთან მოუწევთ, რაც მათ დამატებით მოტივაციას შესძენს.
ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ფირა-აერ-მა მომავალი წლისთვის შემდეგი ცვლილელები შეიმუშავა. თავდაპირველად, ასპარეზობაში “ექვსი ერის” ქვეყნები (ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია) ჩაებმებიან, რომლებიც თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში, ტრადიციულ თასისს გაითამაშებენ, მათგან ორი უარესი კი ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში აღმოჩნდება და 15-24 აპრილს, საქართველოს, რუმინეთის, პორტუგალიის, რუსეთის, ბელგიისა და გერმანიის გუნდებთან ერთად, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ვადები არ გარკვეულა, თუმცა, საუბარი იმაზეც მიდის, რომ უახლოეს წლებში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ექვსი ერის” ბოლოადგილოსანი ჩაანაცვლოს. თუმცა, ეს ზუსტად რა მექანიზმით მოხდება, ცნობილი არ გახლავთ.
სამაგიეროდ, უკვე გარკვეულია, რომ მომავალ წელს საფრანგეთში დაგეგმილი ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი ჭაბუკები პრინციპულ მეტოქე რუსეთს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი, ძალებს პორტუგალიასა და “ექვსი ერის” მე-6 გუნდს შორის უმჯობესთან მოსინჯავენ.
ევროპის ჩემპიონატის სრულ განრიგს ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი დაბალ დივიზიონებში რიცხულ ნაკრებებსაც გაგაცნობთ. მე-2 დივიზიონში პირველობისთვის ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ლიტვა, შვედეთი და უკრაინა იბრძოლებენ, მესამეში კი – უნგრეთი, სერბეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ავსტრია, მოლდოვა და ბულგარეთი.
16 აპრილი
მეოთხედფინალი
1. ”ექვსი ერის” მე-5 გუნდი – რუმინეთი
2. “ექვსი ერის” მე-6 გუნდი – პორტუგალია
3. საქართველო – რუსეთი
4. ბელგია – გერმანია
ნახევარფინალი
5. პირველის გამარჯვებული – მეოთხეს გამარჯვებული
6. მეორეს გამარჯვებული – მესამეს გამარჯვებული
7. პირველის დამარცხებული – მეოთხეს დამარცხებული
8. მეორეს დამარცხებული – მესამეს დამარცხებული
ფინალი
მეხუთეს გამარჯვებული – მეექვსეს გამარჯვებული
მეხუთეს დამარცხებული – მეექვსეს გამარჯვებული
მეშვიდეს გამარჯვებული – მერვეს გამარჯვებული
მეშვიდეს დამარცხებული – მერვეს დამარცხებული
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია