საქართველოს რაგბის კავშირმა, განვლილი წელი ტრადიციულად და ტრადიციების დაცვით შეაჯამა. წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, მოქმედ სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან და ვეტერანებთან ერთად, სხვა მაღალი რანგის სტუმრებიც ესწრებოდნენ და ქართული რაგბის გულშემატკივრებიც.
შემაჯამებელი სიტყვა რაგბის კავშირის თავკაცმა, გია ნიჟარაძემ წარმოსთქვა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის მიღწევები და წარმატებები, რაც ქართულ რაგბს განვლილ წელს ჰქონდა.
ამის შემდეგ, 2010 წელს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდების ოფიციალური დაჯილდოება გაიმართა. ოქროს მედლები თბილისის “ლოკომოტივს”, ვერცხლი – თბილისის “ლელოს”, ბრინჯაო კი, “ვისოლი-ყოჩებს” გადაეცათ.
გუნდების დაჯილდოების შემდეგ, გია ნიჟარაძემ საქართველოს 2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და მოთამაშეები სათითაოდ დააჯილდოვა მისალოცებითა და მაისურებით.
განვლილი ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. ბესიკ ხამაშურიძე (აია)
14 ირაკლი გეგენავა (ყოჩები)
13. ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
12. გოჩა ხონელიძე (ბათუმი)
11. ლექსო გუგავა (ლელო)
10. ბორის კვინიხიძე (ლოკომოტივი)
9. ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი)
8. ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)
7. ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო)
6. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი)
5. მიხეილ არჩუაშვილი (ვისოლი-ყოჩები)
5. გელა შალამბერიძე (აია) (ამ ორმა მორაგბემ ხმათა ერთი და იგივე რაოდენობა დააგროვა)
4. ლაშა აზალაძე (ლელო)
3. მიხეილ სუჯაშვილი (ლელო)
2. ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი-ყოჩები)
1. დავით გასვიანი (ლოკომოტივი)
სპეციალურ ნომინაციაში – “2010 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე დისციპლინირებული გუნდი” – “აკადემიამ” გაიმარჯვა.
ნომინაციაში – “2010 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე” _ თბილისის “ვისოლი-ყოჩების” მოთამაშე – მიხეილ არჩუაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ჩემპიონატში მეტოქეებს 8 ლელო დაუდო.
2010 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მექულე კი, ჩემპიონი გუნდის – “ლოკომოტივის” კაპიტანი, ბობა კვინიხიძე გახდა. განვლილ სეზონში, ჩემპიონებს კაპიტანმა ჯამში 197 ქულა შესძინა.
წლევანდელი საუკეთესო მწვრთნელის ტიტულიც “ლოკომოტიველებისკენ” “წავიდა” და თამაზ ბენდიანაშვილს, სიგელთან ერთად, საჩუქრად ტელევიზორიც გადაეცა.
2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე, ქუთაისის “აიას” მართლაც გამორჩეული წევრი – ბესიკ ხამაშურიძე გახდა.
რაგბის კავშირმა არც ვეტერანები დაივიწყა და წლევანდელ იუბილარებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.
დამსახურებული მწვრთნელების წოდება მიენიჭათ პაატა ნარიმანაშვილს, დავით ჩავლეიშვილსა და მალხაზ ჭეიშვილს.
დაჯილდოების კულმინაცია კი, წლის საუკეთესო ქართველი მორაგბისა და ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენის – დავით ზირაქაშვილის სცენაზე ასვლა იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და დამსახურებული, ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა, წლის საუკეთესოს, მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკება “ლომი” გადასცა. “ზირაქას” “ბაზისბანკის” მიერ დაწესებული 5 ათასი ლარიც გადაეცა და რაგბის კავშირის მიერ დაწესებული საგანგებო საჩუქრებიც.
დავით ზირაქაშვილი ემოციებს ვერ მალავდა და შესაბამისად, მისი სამადლობელი სიტყვა მოკლე და ძალიან მგრძნობიარე იყო.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რაგბის კავშირმა, მოწვეული სტუმრები ლუდსა და ალა-ფურშეტზე მიიპატიჟა.
ეკა ელოშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია