ახალ ზელანდიაში შეკრებაზე მყოფმა, რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, პირველი საკონტროლო შეხვედრა ქალაქ ვაიტარში გამართა და ადგილობრივი კლუბი “ტარანაკი” 33:24 დაამარცხა.
შეთანხმების თანახმად, გუნდებმა სამი 30 წუთიანი ტაიმი ითამაშეს და შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავი იყო. ასე რომ, “რუსი დათვების” მწვრთნელმა, ნიკოლაი ნერუშმა საქმეში ყველა მორაგბე ნახა, ხოლო “ტარანაკიმ” სამი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა.
შეხვედრაში, ქართული ფესვების და რუსული პასპორტის მქონე, კარლო მაღლაკელიძემ და ვალერი ცნობილაძემაც მიიღეს მონაწილეობა. მაღლაკელიძემ, პირველი და მესამე ტაიმი ითამაშა, ხოლო ცნობილაძე პირველ და მეორე ტაიმში შეცვლებზე შევიდა, მესამე ტაიმში კი, ძირითად შემადგენლობაში იყო და რუსთა ხუთი ლელოდან ერთი (მეოთხე) საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.
პირველმა ტაიმმა ზელანდიელთა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ რუსთა დაცვამ გაძლო, მათი იშვიათი კონტრშეტევიდან ერთ-ერთი ლელოთი დასრულდა და მას ზუსტი რეალიზაცია მოყვა. შესვენების წინ, “ტარანაკიმ” ბურთი ჩაჭრა და ლელოც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ის გააუქმა, მასპინძელთა ერთ-ერთი მორაგბე მოწინააღმდეგის გალახვისთვის დააჯარიმა და ყვითელი ბარათი უჩვენა. კაცნაკლულმა ზელანდიელებმა მეორე ტაიმიც შეტევებით დაიწყეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს, სტუმრებმა იერიში საკუთარი 22-დან დაიწყეს და ლელო გაიტანეს, ხოლო ზუსტი რეალიზაციის შემდეგ 14:0 დაწინაურდნენ. მალე რუსებმა მესამე ლელოც გაიტანეს და გარდასახვა ამჯერადაც გამოიყენეს.
ერთ-ერთ ეპიზოდში რუსებმა შეცდომა დაუშვეს, აუტიდან ბურთის თამაშში სწრაფად შეყვანა სცადეს, მაგრამ პასი მოწინააღმდეგეს გაუკეთეს და ერთი საპასუხო ლელო მიიღეს. მეორე ნახევრის მიწურულს, შეტევაში უკვე მასპინძლები შეცდნენ, რუსებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, მოლი ააგორეს, დაახლოებით, 15 მეტრით წინ წაიწიეს და ცნობილაძემ ლელოთი ანგარიში 26:7 გახადა. ასე დასრულდა მეორე ტაიმი, მესამე ტაიმში კი, მასპინძლებმა იძალეს. ზელანდიელებმა ბურთი დებიუტშივე ჩაჭრეს და ლელო გაიტანეს. ორიოდე წუთში “ტარანაკიმ” გარღვევა კვლავ მარჯვენა ფლანგიდან განახორციელა და სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა - 19:26. მასპინძლებმა შეუტიეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს და ლელო გაუშვეს, ზუსტმა რეალიზაციამ კი აჩვენა, რომ დარჩენილ დროში მასპინძლებს გამარჯვების შანსი აღარ ექნებოდათ. მიუხედავად ამისა, მათ ბოლომდე იბრძოლეს, თავიანთი მეოთხე ლელო გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს - 24:33.
რუსეთის ნაკრები, ახალზელანდიურ შეკრებაზე მეორე შეხვედრას 21 იანვარს, სამხრეთ კენტერბერის გუნდთან გამართავს, ხოლო 5 თებერვლიდან ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმება. 2011 წელს, საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს 19 მარტს, სოჭში დაუპირისპირდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია