ამბები

22:53 | 7.02.2011 | ნანახია 3007 - ჯერ

როგორც ითქვა - იაპონია, კანადა, ზიმბაბვე

საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრები იმ ჯგუფში ითამაშებს, რომელიც “მსოფლიო სპორტმა” ორი კვირით ადრე შემოგთავაზათ. რაგბის კავშირის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გადაწყვეტილებით, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფინალში გასასვლელად, იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებებთან იბრძოლებს.
სწორედ ამ გუნდების გავლით უნდა დაამტკიცოს საქართველომ, რომ ფინალში თამაშის ღირსია. ჩვენი გუნდი თავის ჯგუფურ შეხვედრებს “ავჭალა”-ზე (ყოფილი “სინათლის” სტადიონი) გამართავს და იმედია, იქვე ფინალსაც ითამაშებს. ამ ტურნირის მატჩებს უმასპინძლებს “შევარდენის” ბუნებრივსაფარიანი მოედანიც, ხოლო “შევარდენისავე”   ხელოვნურსაფარიან მოედანზე მხოლოდ ვარჯიშები ჩატარდება.
IRB-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო “რედისონში” პრესკონფერენცია გაიმართა.
IRB-ს ტურნირების მენეჯერი, ფილიპ ბურდარიასი: “მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ტურნირისათვის მზადება დაგეგმილ ვადებზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, სათამაშოდ კი, ორი მაღალი კლასის სტადიონია შერჩეული. საქართველოს რაგბის კავშირს ეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ  მსოფლიოს თავისი ბოლოდროინდელი მიღწევები აჩვენოს, მათ შორის, ორი სანაკრებო დონის კომპლექსი თბილისში და ახალი თაობის ხელოვნური მოედანი. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირში მონაწილე გუნდები სიამოვნებას მიიღებენ ამ შესანიშნავი სპორტული ღონისძიებისგან და მომთხოვნი და ემოციური ქართველი მაყურებლის იმედებსაც გაამართლებენ”.
IRB-ს კონსულტანტი მსაჯთა სწავლების დარგში, ბერნდ გაბეი: “20-წლამდელთა მსოფლიოს თასმა პროფესიული ზრდის ახალი პერსპექტივები გაუხსნა რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდა მსაჯს, მათ შორის-ფრანსისკო პასტრანას. 2011 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილე მსაჯთა კორპუსი არაერთგვაროვანია - აქ არის უდიდესი გამოცდილების მქონე ტაიძო ჰირაბაიაში იაპონიიდან, რომელსაც უმსაჯია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და სისტემატურად ემსახურება HSBC-ს შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიას; ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი ასისტენტი მსაჯები - გია ამირხანაშვილი და უჩა ნარიმანიძე. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდა მსაჯები, რომლებსაც შესწევთ უნარი გამოიყენონ IRB-ს მსოფლიოს ახალგაზრდული ტურნირი ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შესაძენად, რაც  მატჩების განსჯისთვის მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებს უმაღლეს დონეზე დახვეწს”.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082662