უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიას “მირეფილდზე” 24:6 სძლია და 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. უკანასკნელი 14 მატჩიდან, მათ მხოლოდ 2 ჰქონდათ მოგებული და ერთ მომენტში კვლავ წაგების საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც მოედანზე გარკვეული პერიოდით 13 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ გადარჩნენ და მომავლისკენ იმედის თვალით გაიხედეს.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ლელო მალევე გაიტანეს. ჯეიმს ჰუკმა, რომელმაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში ათ ნომრად პირველად ითამაშა, ხაზი გაჭრა და შეინ უილიამსმა იოლი ლელო მიითვალა. ჰუკმა რეალიზაცია გამოიყენა და 20 წუთის თავზე, მონაგარს კიდევ 3 ჯარიმა შემატა, რის შემდეგაც მისი გუნდი 16:0 დაწინაურდა. უელსელთა პრობლემები ამის შემდეგ დაიწყო. 23-ე წუთზე, რეფერიმ შერკინების მეორეხაზელი, ბრედლი დევისი გაასინბინა, ოთხ წუთში კი მის გზას უკანახაზელი ლი ბერნი გააყოლა. ორკაციანი უპირატესობით მასპინძლებმა ვერ იხეირეს. ერთადერთი, რაც მათ ამ პერიოდში შეძლეს, დანიელ პარკსის 31-ე წუთზე გატანილი ჯარიმაა. მას გუნდისათვის 3 ქულის შეძენის შანსი ერთხელაც მიეცა, მაგრამ დარტყმისას ფეხი დაუცდა და მიზანში ვერ გაარტყა.
ტაიმი 3:16 დასრულდა და პარკსმა სხვაობის შემცირება ჯარიმითვე, 58-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ ჰუკმა უპირატესობა 13 ქულამდე მალევე გაზარდა. 69-ე წუთზე, შოტლანდიელთა იმედები შეინ უილიამსმა დაამსხვრია, როდესაც ფლანგზე გაიქცა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. რეალიზაცია ზუსტი არ აღმოჩნდა, მაგრამ ამის შემდეგ ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და სტუმრებმა 24:6 იმარჯვეს.
ამრიგად, უელსმა თასისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა, შოტლანდიას კი ისღა დარჩენია, რომ იტალიას “ხის კოვზისგან” თავის დასაღწევად ებრძოლოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია