ამბები

0:29 | 19.02.2011 | ნანახია 2236 - ჯერ

18-წლამდელები მორიგ შეკრებაზე მიემგზავრებიან

19 თებერვალს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში შეკრებაზე მიემგზავრება. შეკრება, რომლის ორგანიზებაში დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კონსულტანტმა ანრი ბრონკანმა შეიტანა, ალბის მახლობად გაიმართება. თვრამეტ წლამდელები საფრანგეთში 28 თებერვლამდე დარჩებიან და სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ, საიდანაც ერთ-ერთში, ჩვენების სპარინგ-პარტნიორები კლუბ “ალბის” თვრამეტწლამდელები იქნებიან.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1 მარტიდან 4 აპრილამდე, ლევან მგელაძისა და დავით კაკაბაძის შეგირდები შეკრებას თბილისში გაივლიან და ინტენსიური სავარჯიშო გრაფიკის ფარგლებში, კვირაში ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. მათი სპარიგ-პარტნიორები, სავარაუდოდ, კაცთა სარაგბო გუნდები და ასაკობრივი ნაკრებები იქნებიან.
თვრამეტწლამდელები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გასული წლის დეკემბერში შეუდგნენ. საფრანგეთში გამგზავრებამდე მათ მრავალი საკონტროლო მატჩი გამართეს. მწვრთნელები ნაკრების კანდიდატებს ოცწლამდელთა გუნდთან, სარაგბო აკადემიის მორაგბეებთან, რუსთავის ”ხარებთანა” და “არმაზთან” მატჩებისას აკვირდებოდნენ.
4 აპრილს, 18-წლამდელთა გუნდი წინასატურნირო შეკრებაზე ქალაქ ოშში გაემგზავრებაა, სადაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. აქედან, პირველი შეხვედრაში პატარა “ბორჯღალოსანთა” მოწინააღმდეგე რუსეთის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ წლიდან ძალაში ე.წ. “მეორე დონის ქვეყნებისთვის” და მათ შორის საქართველოსთვის სასიხარულო სიახლე შედის: ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ თვრამეტწლამდელთა ექვსი ერის გათამაშების ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები. მათ გარდა კი, ტურნირში საქართველო, რუსეთი, ბელგია, პორტუგალია, გერმანია და რუმინეთიც იასპარეზებენ.
ამგვარი რამ პირველად ხდება, ერთგვარი ექსპერიმენტია და სარაგბო ელიტასთან მიახლოებული ქვეყნების ნაკრებებს გრანდებთან ძალების მოსინჯვის შანსს აძლევს. ექვსი ერის გათამაშების პირველი ოთხეული ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს, ბოლოდგილოსნები კი “ა” ჯგუფში, ექვსი ერის მიღმა მყოფ გუნდებთან იასპარეზებენ. ეს მსოფლიო სარაგბო საბჭოს საშუალებას მისცემს დააკვირდეს დონეთა სხვაობას ელიტურ და მისგან ერთი საფეხურით დაბლა მდგომ გუნდებს შორის. აღნიშნული ექსპერიმენტი 2013 წლამდე გაგრძელდება.
თვრამეტწლამდელთა ჯასთინ ბრიდუს სახელობის ევროპის ჩემპინატი 16 აპრილს დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 23 აპრილს გაიმართება და მასში 4 ჯგუფში გადანაწილებული 28 ევროპული გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  როგორც აღვნიშნეთ, ექვსი ერის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონადაც გამოცხადდება, ხოლო “ა” ჯგუფიდან გამარჯვებული ექვსი ერის გათამაშებაში ვერ გადავა. სხვა ჯგუფებში გამარჯვებულთათვის და ბოლოადგილოსნებისთვის კი, მოქმედებს ზედა ჯგუფში ასვლისა და ქვედა ჯგუფში დაქვეითების პრინციპი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069875