ვერა და ვერ მოახერხა საქართველოს 2008 და 2009 წლების საუკეთესო მორაგბემ, ფრანგული “მონპელიეს” მეორე-მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ეროვნულ გუნდში დაბრუნება.
26 წლის “გულივერა”, რიჩი დიქსონმა პორტუგალიის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოიძახა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა საშიში არაა, გორგოძე პორტუგალიელთა წინააღმდეგ ვერანაირად ვერ ითამაშებს და განაცხადშიც ცვლილებები მოხდა. მამუკას ადგილს შერკინების მესამე ხაზში, 8 ნომრად გიორგი ჩხაიძე დაიკავებს, სათადარიგოებს კი შერკინების პირველხაზელი, ვასილ კაკოვინი დაემატა.
გორგოძის დებიუტი “ბორჯღალოსანთა” რიგებში 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ შედგა და მას შემდეგ, ეროვნული გუნდის კვართი 35 შეხვედრაში მოირგო. ამ ხნის განმავლობაში, მან მეტოქეებს 18 ლელო გაუტანა (17 + 1 საჯარიმო) და გუნდს 90 ქულა შემატა. მან ქვეყნის უპირველეს გუნდში ბოლოს 2009 წლის 14 ნოემბერს, არგენტინის “იაგუარების” წინააღმდეგ ითამაშა. გასული წლის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები მამუკამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. საფრანგეთის Top 14-ის შეხვედრებში, მეტოქეები მისი ფიცხი ხასიათით სარგებლობენ, პროვოკაციის შედეგად, თავად გალახულები კი რჩებიან, მაგრამ “მონპელიე” საკუთარ ლიდერს კარგავს. სამწუხაროდ, რაგბის კანონმდებლობით, დისკვალიფიკაცია როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ვრცელდება და ამით საქართველოს ნაკრებიც ზარალდება. მიმდინარე წლის დასაწყისში, გორგოძემ ტრავმა მიიღო და უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ამის გამო ვერ ითამაშა. ორიოდე კვირის წინ, მან დაზიანება კი მოირჩინა, მაგრამ ახლა ისევ დაშავდა და უკეთეს შემთხვევაში, მისი ნაკრებში დაბრუნება 12 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ, თბილისში შედგება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია