ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ედინბურგში, “მირეფილდზე”, მასპინძელთა გუნდი 21:18 დაამარცხა და ექვსი ერის მოგების შანსი შეინარჩუნა. ირლანდიელებმა მოწინააღმდეგეს სამი უპასუხო ლელო კი გაუტანეს, მაგრამ თამაშის ხარისხს თუ არ გააუმჯობესებენ, ძნელად სავარაუდოა, რომ თეორიული შანსის პრაქტიკაში ასახვა მოახერხონ.
გუნდებს არც კი უცდიათ, რომ ლამაზი რაგბი ეთამაშათ. ისინი უამრავ შეცდომებს უშვებდნენ. შოტლანდიელებს შეტევისას სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ, განსაკუთრებით, დასკვნით 10 წუთში, როდესაც სხვაობა სულ რაღაც სამი ქულა იყო და მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ... დღეისათვის ირლანდია შოტლანდიაზე ძლიერია.
სტუმრებმა პირველი ლელო მე-6 წუთზე გაიტანეს. მათ შოტლანდიელთა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და ჰისლიპმა ანგარიში გახსნა, ოგარამ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-15 და მე-17 წუთებზე, მასპინძლებმა ორი ჯარიმა გამოიყენეს და სხვაობა მინიმუმდე დაიყვანეს. ირლანდიელებმა მეორე ლელო 27-ე წუთზე გაიტანეს. მათ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში, საკუთარი შერკინება მოიგეს, ჰისლიპმა ხაზი გაჭრა, ორმა მცველმა მისი წაქცევა ვერ მოახერხა, ბურთი რედენმა მიიღო და ლელო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიტანა. ოგარამ რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ მალევე პატერსონმა თავისი მესამე ჯარიმით უპასუხა და ტაიმი სტუმრებმა 14:9 მოიგეს.
მასპინძელთა იმედები 44-ე წუთზე სერიოზულად შეირყა, რადგან იაკობსენმა სინბინი დაიმსახურა და შოტლანდია 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. სასჯელის ვადის ამოწურვამდე ერთი წუთიღა რჩებოდა, როდესაც ირლანდიელთა შეტევა ოგარას ლელოთი დასრულდა და მანვე, რეალიზაციით, საკუთარი გუნდის უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. სქოთებმა გაიბრძოლეს და 57-ე წუთზე, პატერსონმა მეოთხე ჯარიმა გაიტანა, ხოლო ხუთი წუთის ინტერვალით, 65-ე და 70-ე წუთებზე, შეცვლაზე შესულმა პარკსმა, ჯარიმით და არეკნით, სხვაობა სარაგბო საზომით მინიმუმდე დაიყვანა - 18:21. დასკვნითმა 10-მა წუთმა მასპინძელთა უპირატესობით კი ჩაიარა, მაგრამ ირლანდიელებმა თავი კარგად დაიცვეს და გამარჯვების მომტანი ანგარიში შეინარჩუნეს.
მომდევნო ტურში ირლანდია სტუმრად უელსს ეთამაშება, ხოლო შოტლანდია ინგლისს ეწვევა.
III ტური
იტალია - უელსი 16:24
ინგლისი - საფრანგეთი 17:9
შოტლანდია - ირლანდია 18:21
1. ინგლისი 3 3 0 0 102-41 6
2. უელსი 3 2 0 1 67-48 4
3. საფრანგეთი 3 2 0 1 68-60 4
4. ირლანდია 3 2 0 1 56-54 4
5. შოტლანდია 3 0 0 3 45-79 0
6. იტალია 3 0 0 3 40-96 0
IV ტური
12 მარტი
იტალია - საფრანგეთი
უელსი - ირლანდია
13 მარტი
ინგლისი - შოტლანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია