ამბები

15:50 | 6.03.2011 | ნანახია 2598 - ჯერ

ქართული დერბები ლიდერთა სასარგებლოდ

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის XX ტურში, ქართველი ლეგიონერების 6 კლუბი დაუპირისპირდა ერთმანეთს. “კლერმონის” მიერ “ტულონის” ძლევაზე უკვე ვისაუბრეთ, გუშინ კი, იმ გუნდებმა გაიმარჯვეს, რომელთაც საუკეთესო ექვსეულში (სწორედ ეს ექვსეული განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას) მოხვედრის შანსი აქვთ.
 ყველაზე ქართული კლუბი - “მონპელიე”, რომლის ღირსებასაც ერთბაშად 4 ქართველი იცავს, გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფ ბექა შეყლაშვილის “აჟენს” მასპინძლობდა და ტრიბუნაზე შეკრებილი 10709 მაყურებელი იოლ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ აუტსაიდერებმა მასპინძლებს საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს, ერთის წილ 3 ლელო დაუდეს, თუმცა, უდისციპლინობის გამო, მეტოქეს ჯარიმებით ქულების მოგროვების საშუალება მისცეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მამუკა გორგოძემ, რომელმაც შეცვლაზე ითამაშა და სტუმრები მის შეჩერებას მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე ახერხებდნენ, არგენტინელი მარტინ ბუსტოს მოანო კი, ქულებს აგროვებდა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ “მონპელიეს” განაცხადში არ იყვნენ პირველხაზელი გოდერძი შველიძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე. პირველხაზელი გიორგი ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა, ხოლო გორგოძემ შერკინების მე-3 ხაზში 49-ე წუთიდან ითამაშა.
შეცვლაზე შევიდა “აჟენის” პირველხაზელი ბექა შეყლაშვილიც, რომელიც მოედანზე გორგოძის მსგავსად 49-ე წუთზე გამოჩნდა. თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და საწყის ოც წუთში 2 სალელოვე შეტევა წამოიწყეს, მაგრამ უკანახაზელთა გარღვევის შემდეგ, მიმყოლებმა დააგვიანეს. შემდგომში, “მონპელიემ” ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა. “აჟენმა” მომენტალურად უპასუხა, ორ წუთში ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და 7:3 დაწინაურდა. მასპინძლებს საპასუხო ლელოს გატანა შესვენებამდე შეეძლო, მაგრამ “აჟენის” დაცვამ გაძლო და ტაიმი მათ სასარგებლოდ დასრულდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, “მონპელიეს” შერკინებამ მეტოქისა დაჩაგრა, ხუთ წუთში 2 შეცდომა დააშვებინა, ჯარიმები გამოიყენა და 9:7 დაწინაურდა. ამასობაში, მოედანზე გორგოძე და შეყლაშვილი გამოჩნდნენ. 51-ე წუთზე, სტუმრები უკვე მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ და სხვაობა ხუთ ქულამდე გაიზარდა, თუმცა, სამ წუთში “აჟენმა” თავისი მე-2 ლელო გაიტანა და წონასწორობა აღადგინა, ზუსტი რეალიზაციის შემდეგ კი, 14:12 დაწინაურდა. 61-ე და 65-ე წუთებზე, სტუმრები უკვე გორგოძეზე დაჯარიმდნენ და მასპინძლებმა ორივე დარტყმა გამოიყენეს, ოღონდ შუალედში ერთი ჯარიმა თავადაც გაუშვეს - 18:17.
დაძაბულობა მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, “აჟენმა” გაიბრძოლა, თავისი მე-3 ლელო დადო, რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 24:25.
 ამით სტუმრებმა შვიდ ქულაზე ნაკლები მარცხისათვის ერთი პრემიალური ქულა აიღეს, რაც Top 14-ში დასარჩენად ბრძოლაში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ახლა “აჟენს” 33 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და გასავარდნ მე-13 ადგილს 4 ქულა აშორებს. “მონპელიეს” ამ მოგების შემდეგ 56 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება.
დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივი”, საკუთარ მოედანზე აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრთან” დამარცხდა, თანაც ისე, რომ პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა. არადა, საამისოდ ყველა წინაპირობა ჰქონდა. მართალია, “ბრივი” მე-12 წუთზე, 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ 22-ე და 24-ე წუთებზე 2 ჯარიმა გაიტანეს და წინ გაიჭრნენ. მალე “კასტრმა” ლელო მიითვალა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ ნახევარი საათის თავზე “ბრივმა” მე-3 ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
34-ე წუთზე, სინბინი უკვე სტუმართა მორაგბემ მიიღო და “ბრივმა” ჯარიმა გამოიყენა. მასპინძლებმა ტაიმი 12:10 მოიგეს, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი, სტუმრებს მეორე მორაგბე გაუსინბინეს და დაახლოებით 4 წუთი მასპინძლები სტუმრებზე ორით მეტნი იყვნენ, კიდევ 6 წუთი კი - 15 14-ის წინააღმდეგ. მაგრამ “ბრივმა” ამით ვერ იხეირა და დაისაჯა კიდეც - მე-60 წუთზე, “კასტრმა” ლელო დადო, რეალიზაცია გამოიყენა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე ორიდე წუთით ადრე, ჯარიმაც მიითვალა, 20:12 იმარჯვა და მასპინძლები უქულოდ დატოვა.
“ბრივის” ძირითად შემადგენლობაში იყო დავით ხინჩაგიშვილი და ის 68-ე წუთზე ვასილ კაკოვინმა შეცვალა. “კასტრის” განაცხადში არ იყვნენ აქვსენტი გიორგაძე და ანტონ ფეიქრიშვილი. შეგახსებენთ, რომ ფეიქრიშვილი წინა ტურის მატჩში დაშავდა და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.
 “კასტრი” 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 31 ქულით მე-12 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 2 ქულა აშორებს.
ტურის დანარჩენ შეხვედრებში, “პერპინიანმა” “სტად ფრანსე” სტუმრად 21:9 დაამარცხა, “რასინგ მეტრომ” ასევე სტუმრად “ბურგონს” 38:19 სძლია, “ბაიონმა” რეგულარული პირველობის ლიდერ “ტულუზას” 19:13 მოუგო, ხოლო “ბიარიცმა” საკუთარ კედლებში “ლა როშელს” 32:30 აჯობა. ამ შეხვედრაში დიმიტრი იაშვილმა იყოჩაღა, რომელმაც ლელო, 3 რეალიზაცია და 2 ჯარიმა მიითვალა.
მომდევნო ტური 11-12 მარტს გაიმართება და გასაგები მიზეზების გამო, ის უქართველებოდ ჩაივლის - ისინი ეროვნული გუნდის მაისურით, თბილისში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 65, 2. რასინგ მეტრო - 62, 3. კლერმონი - 57, 4. მონპელიე - 56, 5. კასტრი - 55, 6. ბიარიცი - 53, 7. ბაიონი - 53, 8. ტულონი - 50, 9. პერპინიანი - 49, 10. სტად ფრანსე - 44, 11. აჟენი - 33, 12. ბრივი - 31, 13. ლა როშელი - 29, 14. ბურგონი - 5.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075374