რუმინეთის სარაგბო ნაკრების კაპიტნის, სორინ სოკოლის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებული მატჩი “სტეჟარისთვის” განსაკუთრებულია და ისინი მის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. “ქართველებთან დაპირისპირება გამორჩეულია. ბოლო წლებია, ისინი ჩვენს ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ, ამდენად, მოტივაცია საძებარი ნამდვილად არ გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება”.
მიუხედავად სოლიდური დანაკლისისა, იმედიანად არის განწყობილი რუმინელთა დამრიგებელი, რომეო გონტინეაკიც. ცნობისთვის, “მუხის ფოთლებს” სხვადასხვა მიზეზთა გამო ტონიცა, სარბუ, ტინკუ და მარისი დააკლდებათ, თუმცა, სტუმართა მწვრთნელს ეს გადამწყვეტ ფაქტორად არ მიაჩნია.
“ჩვენ მოგების გარდა არაფერი დაგვაკმაყოფილებს, ასე რომ, გამარჯვებას ვაპირებთ. ძალიან მძიმე მატჩი იქნება, თუმცა, თუკი ჩვენს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას შევძლებთ, წარმატებას მივაღწევთ”.
საქართველოში გამომგზავრების წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, თანამემამულეებს მხარი რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ალინ პეტრაჩემაც აუბა და თბილისში გამრჯვება დაგეგმა.
“სამწუხაროდ, დანაკლისს ვერც ამჯერად ავცდით. ტონიცას, ლაზარის, ფლორეას, ტინკუსა და მარისის არყოფნა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა, ეს ჩვენს მიზნებს არ ცვლის. ბიჭებს ქართველთა დამარცხება ძალიან უნდათ”.
შეგახსენებთ, რომ “ერთა თასის” მე-4 ტურის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მომავალ შაბათს, 15:00 საათზე დაიწყება. თუკი საქართველოს ნაკრებმა რუმინეთისას პრემიალური ქულით სძლია, “ბორჯღალოსნები” ტურნირის ჩემპიონის ტიტულს ვადაზე ადრე მოიპოვებენ, თუმცა კი, საერთო წარმატებისთვის, შესაძლოა, “უბრალო” მოგებაც ეყოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია