საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 12 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს და თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდა, მისგან ერთბაშად ორ თასს გადაიბარებს.
ეს შეხვედრა ევროპის ერთა თასის 2011-2012 წლების ეგიდით იმართება და “ბორჯღალოსნებს” მისი ვადაზე ადრე დასაკუთრების შანსი აქვთ. ამასთან, 2002 წლიდან, საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით, ამ ნაკრებების დაპირისპირებისას “ანთიმოზ ივერიელის” თასიც თამაშდება და ერთწლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მისი დაბრუნების შანსი ეძლევა. ამრიგად, რუმინელთა ძლევა “ბორჯღალოსნებს” “ანთიმოზ ივერიელის” თასის მფლობელად აქცევს, ხოლო თუ ერთა თასის მოპოვება ვადაზე ადრე ვერ მოხერხდა, მასთან ძალიან დააახლოვებს.
მოცემული მომენტისთვის, ორივე ამ თასის მფლობელი რუმინეთია, რომელმაც გასულ წელს “ბორჯღალოსნები” ბუქარესტში დაამარცხა და ერთა თასი და “ანთიმოზ ივერიელის” თასი თავისთან დაიტოვა. ახლა საქართველოს ნაკრებს ეძლევა შანსი, რომ ერთა თასის მოქმედ გამარჯვებულთან სრულფასოვანი რევანში აიღოს და შარშან დაკარგული უკანვე დაიბრუნოს.
ერთა თასის გათამაშება ორწლიანი ციკლით კი ტარდება, მაგრამ თასის მფლობელი პირველი წრის დასრულების შემდეგაც ვლინდება. თუ “ბორჯღალოსნებმა” რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და თანაც ოთხი ლელო გაიტანეს, რისთვისაც საპრემიო ქულაა გათვალისწინებული, ისინი ერთა თასს გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაიბრუნებენ. რუმინეთთან ერთად, მათი მთავარი კონკურენტი ის პორტუგალიის ნაკრებია, რომელიც ორი კვირის წინათ 13:12 დაამარცხა. ახლა “მგლები” “ბორჯღალოსნებს” 5 ქულით ჩამორჩებიან და თუ ეს სტატუს-კვო ბოლო ტურის წინაც შენარჩუნდა, ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მეტოქეს ურთიერთშეხვედრაში მიღწეული გამარჯვების წყალობით, ნებისმიერ შემთხვევაში გადაასწრებს.
წლევანდელ ერთა თასზე, საქართველოს ნაკრებმა თბილისში დიდი ანგარიშებით დაამარცხა და საპრემიო ქულები აიღო უკრაინასთან და ესპანეთთან, ხოლო პორტუგალიაზე ლისაბონში ერთქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა . თავის მხრივ, რუმინელები ერთა თასის სტარტზე პორტუგალიასთან დამარცხდნენ, მაგრამ მხოლოდ 7 ქულით და მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღეს. მეორე ტურში მათ უკრაინის წინააღმდეგ სტუმრად უნდა ეთამაშათ, თუმცა, დიდთოვლობამ გუნდებს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა და ეს შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება, ხოლო მესამე წრეში “სტეჟარმა” ბუქარესტში რუსეთს 33:3 აჯობა, მაგრამ მხოლოდ სამი ლელო გაიტანა და საპრემიო ქულის გარეშე დარჩა.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრა სათავეს 1998 წლიდან იღებს, 2002 წლიდან კი, ერთმორწმუნე რუმინელებთან (რუმინელებიც მართმადიდებელი ქრისტიანები არიან) მატჩისას “ანთიმოზ ივერიელის” თასი თამაშდება, ოღონდ არა მსოფლიო თასზე, ან მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საგანგებოდ დანიშნულ თამაშებზე. დღემდე ეს გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ, რვა შემთხვევაში გამარჯვება რუმინელებს დარჩათ, ხუთჯერ კი “ბორჯღალოსები” უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. აქედან 9 მატჩში გათამაშდა “ანთიმოზ ივერიელის” თასი და რუმინეთი მისი - ხუთგზის, ხოლო საქართველო ოთხგზის მფლობელია. რუმინელები გატანილი-გაშვებული ქულებით (282:239) და ლელოებითაც (27:22) გვჯობნიან, თუმცა, სხვაობა არცთუ დიდია და მისი აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში თავისუფლად შეიძლება.
“ბორჯღალოსნებისა” და “სტეჟარის” დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობდა. იყო პერიოდი, როდესაც რუმინელები მთელ ერთა თასზე უძლიერესი შემადგენლობით მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ თამაშობდნენ. გუნდების ნაცნობობა 1998 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა და ირლანდიაში, დუბლინში, რუმინელებმა 27:23 იმარჯვეს (ლელოებით 3:2). 2000 წელს, უკვე ერთა თასის ეგიდით, რუმინელებმა თბილისში 23:20 მოიგეს (2:2), თუმცა, “ბორჯღალოსნებმა” სრულფასოვანი რევანში მომავალ წელს, ბუქარესტში აიღეს (31:20, ლელოებით 3:3). 2002 წლიდან, ანუ რაც “ანთიმოზ ივერიელის” თასის გათამაშება დაწესდა, “მუხის ფოთლებმა” ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს - ორჯერ თბილისში, 2002 წელს 31:23 (3:2), ხოლო 2003 წელს - 19:6 (3:0), ერთხელ კი რუმინეთში (2004 წელს 25:18 (2:2).
“ანთიმოზ ივერიელის” თასი “ბორჯღალოსნებმა” პირველად 2005 წელს მოიპოვეს, როდესა თბილისში მეტოქე 20:13 (2:1) დაამარცხეს. მომდევნო წელს რუმინელებმა ბუქარესტში რევანში აიღეს და საქართველოს ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით დაამარცხეს - 35:10 (4:1). იმავე წელს, “სტეჟარმა” კვლავ ბუქარესტში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მეორედ დაგვამარცხა (20:8, 1:1). ამას ქართველთა სამმატჩიანი წარმატებული სერია მოყვა - 2007 წელს ბუქარესტში 20:17 (2:1), 2008 წელს თბილისში, ვაკეში, აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება 22:7 (1:1) და 2009 წელს კვლავ თბილისში, ოღონდ “ბორის პაიჭაძეზე” 28:23 (3:2). გასულ წელს რუმინელებმა ბუქარესტში 22:10 (1:1) იმარჯვეს და “ერთა თასი” და “ანთიმოზ ივერიელის” თასი დაიბრუნეს.
სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს რუმინელებისთვის აქამდე ოთხი ლელო არასდროს გაუტანია, თუმცა, ადრე ლელოთა რაოდენობა არაფერს წყვეტდა, ახლა კი, სხვა სიტუაციაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ეს გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზეც შეხვდებიან, მაგრამ მანამდე “ბორჯღალოსნებს” რევანში აქვთ ასაღები და ამის გაკეთებას “მიხეილ მესხზე” შეეცდებიან. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრების მსურველებს ბილეთში მხოლოდ 2 ლარის გადახდა მოუწევთ.
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. IV ტური
12 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”
საქართველო - რუმინეთი (15:00 საათი)
საქართველოს ნაკრები:
ბეკები: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი” საფრანგეთი, 70 კეპი, 35 ქულა), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 56, 65), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგერთი, 54, 75), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა, რუმინეთი, 54, 25), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 50, 245), ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 46, 85), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 41, 55), ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 30, 100), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 22, 20), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 18, 20), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 3, 10);
ფორვარდები: გია ლაბაძე (“მარსეი ვიტროლი”, საფრანგეთი, 64, 60), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 30), ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 40, 10), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 35, 90), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 33, 15), ირაკლი ნატრიაშვილი (“სტიაუა”, რუმინეთი, 31, 20), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 28, 30), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 26, 30), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 18, 5), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 17, 25), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი, 16, 0), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი, 10, 0), გიორგი ჟღენტი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 9, 0), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6, 5), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი” საფრანგეთი, 3, 0).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)
რუმინეთის ნაკრები:
ფორვარდები: დრაგოს დიმა (“ბლანიაკი”, საფრანგეთი), ვასილე მარისკარიუ (“ბობინი”საფრანგეთი), ნიკოლაე ნერე (“სტიაუა”), სამუელ მარისი (“ტიმიშოარა”), პეტრუ ტამბა (“დინამო”), ბოგდან ზებეგა (“სტიაუა”), ანდრეა რადოი (“ბეია მარე”), სორინ სოკოლი (“ლურდი”, საფრანგეთი), კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), ვალენტინ პოპირლანი (“ბუქარესტი”), ვალენტინ ურსაჩე (“ექს ენ პროვანსი”, საფრანგეთი), ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”), დანიელ ლანუსი (“სტიაუა”), მიჰაი მაკოვეი (“ბეია მარე”), ოვიდიუ ტონიტა (“პერპინიანი”, საფრანგეთი), დანიელ კარპო (“კონსტანცა”), ტრაიან პლოტში (“ფიგასი”, საფრანგეთი);
ბეკები: ლუსიან სირბუ (“მილაუ”, საფრანგეთი), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”), ფლორიან სურგუ (“ბუქარესტი”), დანუტ დუმბრავა (“სტიაუა”), ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”), კსაბა გალი (“ბაია მარე”), კონსტანტინ გეარა (“კონსტანცა”), რობერტ დასკალუ (“სტიაუა”), იონელ კაზანი (“სტიაუა”), იონუტ დიმოფტე (“ბაია მარე”), კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”), მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”), კატალინ ნიკოლაე (“კონსტანცა”), იულიან დუმიტრასი (“ლურდი”, საფრანგეთი).
ესპანეთი - პორტუგალია
უკრაინა - რუსეთი
1. საქართველო 3 3 0 0 135-15 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 57-49 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 59-101 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 50-27 5
5. რუსეთი 3 1 0 2 50-78 5
6. უკრაინა 2 0 0 2 16-97 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია