ორი წლის წინათ, სანაკრებო რაგბის განვითარების მიზნით, საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად ჩამოაყალიბა საქართველოს A ნაკრები და გუნდს ყოველწლიურად ამხანაგური მატჩებისა და შეკრებების მოწყობას დაჰპირდა. რადგან წელს A ნაკრებისთვის საჭირო ყველა მორაგბის შეკრება ვერ მოხერხდა, გუნდმა სახელი იცვალა და “საქართველო XV” (“მომავლის საქართველო”, Emergin Lelos) დაირქვა. ის შაბათს გამთენიისას დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ბრიტანეთის არმიის გუნდთან და ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებთან.
“საქართველო XV” ინგლისის ქალაქ ჩელტენემთან მდებარე ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე დაიდებს ბინას. ჰართპულის კოლეჯის შერჩევა შემთხვევითი არაა. საქართველოს რაგბის კავშირს მასთან აქამდეც ჰქონდა ურთიერთობა, როდესაც ეროვნული გუნდის კანდიდატები ალექსანდრე თოდუა და ლაშა ხმალაძე, ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად, სწორედ ჰართპულის კოლეჯში გაგზავნა. სხვათა შორის, ხმალაძე ამჟამადაც იქაა და სარაგბო ოსტატობას ინგლისში იმაღლებს. აღსანიშნავია, რომ გუნდის თამაშს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, მწვრთნელები დონ კასკი, მაიკლ ბრედლი და ილია მაისურაძე დაესწრებიან და მსოფლიო თასისათვის კანდიდატებს დააკვირდებიან.
სხვათა შორის, ამ შეკრების მოწყობა დონ კასკის დამსახურებაა. ის წლების განმავლობაში თამაშობდა ინგლისურ “გლოსტერში”. 23 მარტს, “საქართველო XV” ბრიტანეთის არმიის გუნდს სწორედ გლოსტერში ეთამაშება. თამაში ადგილობრივი დროით 19:45 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 3-10 გირვანქა იქნება. 28 მარტს, ქართველი მორაგბეები ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს “იფლეი როუდზე” შეხვდებიან.
ლევან მაისაშვილმა ინგლისში ყველა ის მორაგბე ვერ წაიყვანა, ვისი ხილვაც სურდა, თუმცა, ლეგიონერების წაყვანა მაინც მოახერხა. რუსეთთან მატჩის შემდეგ, ინგლისში ჩავლენ ეროვნული გუნდის წევრები ვიტო კოლელიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და ჯაბა ბრეგვაძე. ოდნავ აგვიანდება კარლენ ასეიშვილსაც, რომლის კლუბსაც, 20 მარტს, ფედერალ 1-ის მორიგი ტურის მატჩი ელის.
საქართველო XV: გელა შალამბერიძე (“აია”, ქუთაისი), ლაშა აზალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა თავართქილაძე (“ფარული”, რუმინეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კაჭარავა (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), კარლენ ასეიშვილი (“ორტეზი”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“არმია”, გორი), რეზო ბელქანია (“ლასეინი”, საფრანგეთი), გიორგი მენაბდიშვილი (“გრენობლი”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ელიზბარ ყუფარაძე (“მონლუსონი”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (“ბეზიე”, საფრანგეთი), ბაჩუკი გუჯარაიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), სანდრო ნიჟარაძე (“ვისოლი-ყოჩები”, თბილისი), გოდერძი ჯოგლიძე (“ლელო”, თბილისი), გიგა კორკელია (“ლელო”, თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), დავით დაუშვილი (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
მენეჯერი: დავით ჯალაღონია
ექიმები: რევაზ ჭუმბურიძე, შაჰინ აივაზოვი
ვიდეო ანალიტიკოსი: დავით რამიშვილი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია