ამბები

22:47 | 27.03.2011 | ნანახია 2307 - ჯერ

“გადასარჩენად” მებრძოლთა ტური

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ის გათამაშების XXII ტური წარმატებული აღმოჩნდა ელიტაში დასარჩენად მებრძოლი ქართველთა კლუბებისთვის. “აჟენმა” და “ბრივმა” მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს და უძლიერესთა შორის დარჩენისკენ ნაბიჯი გადადგეს, დანარჩენი ოთხეული კი, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს და ამ უფლების მისაღებად, დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური მობილიზება მართებთ.
ყველაზე “დიდი გამარჯვება” დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა” მოიპოვა, რომელმაც აუტსაიდერი და განწირული “ბურგონი” არ დაინდო, 50:6 გაანადგურა და თან პრემიალური ქულაც მიითვალა. სტუმრები ადრეული ჯარიმით დაწინაურდნენ, მასპინძლებმა საწყისი ათწუთიანი დაძაბულობა დაძლიეს და მე-12 წუთზე, თავისი პირველი ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. მიუხედავად უპირატესობისა, მათ მეორე ლელო მხოლოდ 25-ე წუთზე გაიტანეს, რასაც 33-ე წუთზე ჯარიმა დაურთეს და ტაიმი 17:3 მოიგეს.
მე-2 ნახევარი “ბურგონის” ჯარიმით გაიხსნა, მაგრამ 50-ე წუთზე, აქტიური ვასილ კაკოვინის გარღვევას, მე-3, პრემიის მომტანი ლელო მოჰყვა (შეგახსენებთ, საფრანგეთის Top 14-ში პრემიალურ ქულას მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გამტანი გუნდი იღებს). მალევე, შეტევის სული ვასილ კაკოვინი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, დავით ხინჩაგიშვილმა შეცვალა (54-ე წუთზე), თუმცა, ამას წინ გუნდური ჩხუბი უძღვოდა და რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე გაასინბინა. მალევე, ყვითელი ბარათით სტუმართა კიდევ ერთი მორაგბე დაისაჯა და “ბრივმა” აიწყვიტა, რომელმაც დასკვნით ოც წუთში 4 ლელო გაიტანა, 3 რეალიზაცია გამოიყენა და 50:6 იმარჯვა. ამ მოგებით, “ბრივმა” 37 ქულას მოუყარა თავი და რადგან “ლა როშელი” დამარცხდა, მასთან ოთხქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.
უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლმა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და 26:17 სძლია. ეს თამაში ფრანგმა ჟურნალისტებმა დავითისა და გოლიათის ბრძოლად მონათლეს, რადგან PRO D2-ში გავარდნისგან თავის დამღწევი გუნდი, Top 14-ის მოგების კანდიდატს ებრძოდა. ტრიბუნაზე 10846 მაყურებელი შეიკრიბა და საყვარელი გუნდის წარმატებით გაიხარა. დებიუტშივე, პარამ ლელო გაიტანა და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა, რითაც სტუმრებს წარმატების იმედი ჩაუსახა, თუმცა, მე-18 წუთზე, მისი გუნდი უკვე 7:20-ს აგებდა - “აჟენმა” 2 ლელო, 2 რეალიზაცია და 2 ჯარიმა გამოიყენა.
26-ე წუთზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო ამბავი მოხდა - “კლერმონის” პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, ძლიერი დარტყმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, რამაც მის გუნდს საქმე გაურთულა. ტაიმის ბოლოს, სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ მე-2 ნახევრის საწყის ოც წუთში, “აჟენმა” 2 ჯარიმით ანგარიში 26:10 გახადა. “კლერმონმა” 63-ე წუთზე ლელო გაიტანა და რეალიზაცია გამოიყენა. დარჩენილ დროში კი ბევრს ეცადა, მაგრამ “აჟენის” დაცვამ გაძლო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შეყლაშვილი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და ანგარიშის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. “აჟენი” 38 ქულით მეთერთმეტეა, “კლერმონი” კი 58 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-6 საფეხურზეა და საჩემპიონო ფლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” დავით ქუბრიაშვილის “ტულონს” ჯარიმებში გაეჯიბრა და 18:12 მოუგო. საწყის 22 წუთში, “კასტრს” 5 უპასუხო ჯარიმა ჰქონდა გატანილი, მაგრამ უილკინსონმა შესვენებამდე ორით უპასუხა.
მე-2 ნახევარი კვლავ მასპინძელთა გატანილი ჯარიმით დაიწყო და ინგლისელის კიდევ ორმა საპასუხო ზუსტმა დარტყმამ, შვიდ ქულაზე ნაკლები მარცხისთვის, მის გუნდს მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა მოუტანა. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, გიორგაძე განაცხადში არ იყო, ხოლო ქუბრიაშვილი “ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. “კასტრმა” ამ გამარჯვების შემდეგ 63 ქულა მოაგროვა და მე-3 საფეხურზე გამაგრდა, “ტულონი” კი, 56 ქულით მე-8 ადგილამდე დაეშვა, თუმცა, საჩემპიონო ოთხეულში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიე”, XXII ტურის შეხვედრას დღეს გვიან ღამით, “სტად ფრანსეს” წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება ტურის დანარჩენ მატჩებს, “პერპინიანმა” “ლა როშელს” სტუმრად 34:16 სძლია, “ბიარიცმა” შინ “ბაიონს” 40:10 აჯობა, ხოლო “რასინგ მეტრომ” რეგულარული პირველობის ლიდერი “ტულუზა” 43:21 დაამარცხა.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 69, 2. რასინგ მეტრო - 68, 3. კასტრი - 63, 4. ბიარიცი - 62, 5. პერპინიანი - 58, 6. კლერმონი - 58, 7. მონპელიე – 57 (-1 თამაში), 8. ტულონი - 56, 9. ბაიონი - 54, 10. სტად ფრანსე - 48 (-1 თამაში), 11. აჟენი - 38, 12. ბრივი - 37, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგონი - 5.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077526