საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს, გუნდი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გასამართ IRB-ს ერთა თასზე ორი ძირითადი მიზნის შესასრულებლად მიყავს: პირველი თამაშებისა და ტურნირის მოგებაა, მეორე კი ისაა, რომ დამრიგებელი მორაგბეებს შანსის გამოყენების საშუალებას აძლევს. სწორედ ბუქარესტში უნდა აჩვენოს ამ შერჩეულმა ოცდაექვსმა მორაგბემ მწვრთნელს საკუთარი შესაძლებლობები და დაარწმუნონ, რომ ისინი შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე თამაშის ღირსნი არიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, უფრო სწორედ მისი 15-16 მორაგბე, თბილისში რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა. გუნდი რუმინეთში დღეს ღამე მიემგზავრება და სრული შემადგენლობა თავს ბიქარესტში მოიყრის, სადაც გადაწყდება კიდეც, თუ ვინ იქნება “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი. ამის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთში ფლეი ოფების თამაშის გამო გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდნენ ირაკლი აბუსერიძე და დავით ზირაქაშვილი, რომლებიც აქამდე რიჩი დიქსონის ფორმაციის ნაკრებს მოედანზე თავკაცობდნენ. სწორედ ფლეი ოფების გამო, ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობით შეკრება ვერ მოახერხა, მაგრამ ქართველთა გუნდი ასეთი ძლიერი შემადგენლობით რუმინეთში აქამდე არასდროს ყოფილა და ეს მათ გამარჯვების იმედს უტოვებს.
რიჩი დიქსონი: “რუმინეთში ორი უმთავრესი მიზნით მივემგზავრებით. პირველი ისაა, რომ ყველა თამაშის და ტურნირის მოგება გვსურს, ხოლო მეორე, მსოფლიო თასზე წასაყვანი შემადგენლობისთვის საუკეთესო მორაგბეების შერჩევაა. ზოგიერთ ლეგიონერს დასვენების საშუალება მივეცით, ნაწილს საფრანგეთის ჩემპიონატში ფლეი ოფები უწევთ და თავად გავანთავისუფლეთ. ამან რიგ მორაგბეებს იმის შანსი გაუჩინა, რომ თავი მოგვაწონონ და ჩვენთან ერთად მსოფლიო თასზე წამოვიდნენ. თამაშებისთვის სპორტსმენებს ისეთ დავალებებს მივცემთ, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენის შანსი ექნებათ და ვნახოთ, რა გამოვა. ამასთან, ქართული რაგბი ამ მსოფლიო თასით არ მთავრდება და ჩვენ მომდევნო ოთხწლიან ციკლზეც ვფიქრობთ. ამრიგად, ეს შეკრება როგორც გუნდისთვის, ასევე თითოეული მოთამაშისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია”.
- როდიდან იწყებთ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას?
- უშუალოდ მსოფლიოსთვის თბილისში 4 ივლისს, სრული შემადგენლობით შევიკრიბებით. ახალ ზელანდიაზე ახლაც ვფიქრობთ, რუმინეთის ტურნირის დასრულების შემდეგ კი, მთელი ყურადღება მხოლოდ ამ ტურნირისკენ იქნება მიპყრობილი.
- მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შემადგენლობის მორაგბეები გაკლიათ, გუნდს ასეთი ძლიერი შემადგენლობით რუმინეთის ტურნირზე ჯერ არ უთამაშია.
- მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშეს მართლაც მოვისაკლისებთ, საქართველოში ელიტარულ მორაგბეთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა და ეს ძალიან მახარებს. ბიჭები კარგად არიან შეთამაშებულნი, ყველამ აუღო ალღო ჩვენი მუშაობის სტილს და მათი სიმრავლე ამანაც განაპირობა. თბილისში სულ 15-16 სპორტსმენით შევიკრიბეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. დანარჩენები უშუალოდ ბუქარესტში შემოგვიერთდებიან და მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ვიმედოვნებ, შედეგი დადებითი იქნება.
- მეტოქეების შესახებ რას გვეტყვით? ალბათ, მთავარი აქცენტი ნამიბიასთან მატჩზე გაკეთდება, რადგანაც ეს შეხვედრა სარეიტინგოა.
- სამხრეთ აფრიკის “კინგზი” მეტად ძლიერი კლუბია, კარგადაა შეთამაშებული და უახლოეს პერიოდში ზე-15-ში თამაშს გეგმავს. ხშირად იკრიბება და სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის არგენტინის “იაგუარებიც”. მათთან ვეცდებით, რომ მოგებაზე ზრუნვის პარალელურად, საუკეთესოდ შევთამაშდეთ და ნამიბიასთან შარშანდელი მარცხისთვის რევანში ავიღოთ. აქვე მინდა ერთი სასიამოვნო ამბავიც გითხრათ. დონ კასკი ყელის კიბოსგან სრულად გაინიკურნა, ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის და 4 ივლისიდან ნაკრებთან ერთად იქნება.
- მაიკლ ბრედლის წასვლა რამდენად იმოქმედებს გუნდის მზადების პროცესზე?
- მაიკლი კარგი პროფესიონალია და ის ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ის უკვე ნანობს საქართველოს დატოვებას და არ გამოვირცხავ, რომ მომავალში ჩვენთან შემოერთების სურვილი თავადვე გამოთქვას. მან ძალიან მომგებიანი პირადი კონტრაქტი მიიღო და ამის გამო წავიდა.
აქ საუბარში რიჩი დიქსონის ასისტენტი ჯონ მაგლტონი ჩაერთო: “მაიკლის როლის გაზრდა დონის ავადმყოფობამ გამოიწვია. ახლა, როდესაც დონ კასკი გამოჯანმრთელდა, უკანა ხაზის გაწვრთნას ის ითავებს და სრული დატვირთვით გაირჯება. რა თქმა უნდა, ჯობდა, ორივე მწვრთნელი ჩვენთან ყოფილიყო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, თავიდან უპირატესობას სწორედ კასკის ვანიჭებდით და ბრედლის წასვლით დიდი არაფერი შეცვლილა. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასს საქართველოს ნაკრების ხაზი საუკეთესო ფორმაში შეხვდება”.
- რუმინეთში მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ორი მეტოქე, რუმინეთის უძლიერესი და არგენტინის ექსპერიმენტული შემადგენლობა ითამაშებს. ალბათ, ბუქარესტში მომავალ მეტოქეებსაც დაზვერავთ...
- რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ყველა მეტოქის, არგენტინის, რუმინეთის, შოტლანდიის და ინგლისის შესწავლა. ვსწავლობთ იმ რეფერების მუშაობის მანერასაც, რომლებიც ჩვენს შეხვედრებს მოემსახურებიან და მსოფლიო თასისთვის ყველა წვრილმანი გვეცოდინება. 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ზევიდან აღარავინ უყურებს და ყველა პატივისცემით ეპყრობა, ამიტომ, ჩვენც უწინდელზე ერთი თავით მაღლა უნდა ვიდგეთ.
ბესიკ ხამაშურიძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): “ბუქარესტში ყველა თამაშში მხოლოდ მოგებას ვეცდებით. მიზანი გამარჯვება, მუდამ დევს ნებისმიერი მორაგბის გულში, სხვანაირად მოედანზე ვერ გახვალ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ გვეყოლება მეტოქედ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მაქსიმუმის მიღწევაა და ამისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მართალია, შეთამაშების მხრივ პრობლემები გვექნება, მაგრამ ახალმა ბიჭებმა, ვისაც ამ მწვრთნელებთან აქამდე არ უმუშავიათ, 4-5 ვარჯიშში ყველაფერი ადვილად აითვისეს და იმედია, დასახული მიზნების განხორციელებას თამაშებშიც მოვახერხებთ. მწვრთნელებმაც თქვეს, რომ ინდივიდუალურად ყველას გვაქვს ჩვენი შესაძლებლობები დასამტკიცებელი, ეს დამატებით სტიმულს მოგვცემს და იმედია, საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით”.
ირაკლი ჩხიკვაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): “ნამიბიასთან გვიწევს ყველაზე მნიშვნელოვანი, სარეიტინგო შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ტურნირის მოგება გვინდა და ამიტომ, ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით. შემიძლია პირობა დავდო, რომ ბრძოლა სამივე თამაშში იქნება და რა გამოვა, ვნახოთ”.
საქართველოს იმ ნაკრებში, რომელიც ბუქარესტის ტურნირს ითამაშებს, ოთხი დებიუტანტია - თბილისის “ყოჩების” პირველხაზელი შალვა მამუკაშვილი, “ყოჩების” ნახევარმცველი, ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე, თბილისის “ლოკომოტივის” მესამეხაზელი გივი ბერიშვილი და ფრანგული “კლერმონის” უკანახაზელი, შუამარბი “გიორგი ჯიმშელაძე. გუნდში დაბრუნდა რამდენიმე გამოცდილი მორაგბე, რომელთაც არაერთი ძლიერი გუნდის წინაღობა გადაულახავთ და იმედია, ბუქარესტიდან ქართველებისგან მხოლოდ სასიხარულო ამბებს მივიღებთ.
საქართველოს ნაკრები რუმინეთში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება: ვასილ კაკოვინი (“ბრივი”, საფრანგეთი), გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), ილია ზედგინიძე (“კარკერედნიერი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“სენ ნაზარი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ობენი”, საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ირაკლი გიორგაძე (“აია”, ქუთაისი), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), რევაზ გიგაური (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი), მალხაზ ურჯუკაშვილი (“გორდონი”, საფრანგეთი), ბექა ურჯუკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
2011 წლის IRB-ს ერთა თასი. ბუქარესტი (რუმინეთი). 10-19 ივნისი
პირველი რაუნდი. 10 ივნისი. პარასკევი
რუმინეთი - ნამიბია
საქართველო - სამხრეთ აფრიკის კინგსი
არგენტინის იაგუარები - პორტუგალია
მეორე რაუნდი. 15 ივნისი. ოთხშაბათი
საქართველო - არგენტინის იაგუარები
რუმინეთი - სამხრეთ აფრიკის კინგსი
პორტუგალია - ნამიბია
მესამე რაუნდი. 19 ივნისი. კვირა
პორტუგალია - სამხრეთ აფრიკის კინგსი
საქართველო - ნამიბია
რუმინეთი - არგენტინის იაგუარები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია