სიახლეები

12:54 | 8.02.2016 | ნანახია 1812 - ჯერ

ექვსი ერი ამერიკაშიც გახურდა

ექვსი ერის ანალოგის მსგავსად შექმნილმა ამერიკის ექვსმა ერმა, რომელშიც აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ჩილესა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად არგენტინის „ა“ ნაკრებიც თამაშობს, იმედები პირველსავე ტურში გაამართლა. უხვქულიანი ჯახებიდან ერთი ფრედ დასრულდა, ორში კი, თვლსასეირო ბრძოლები გაიმართება.

ეს ტურნირი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე რაგბის პოპულარობის ზრდის მიზნით „მსოფლიო რაგბიმ“ დაარსდა და ის ნამდვილად გამოიღებს შედეგს. კანადასა და აშშ-ს ერთმანეთის გარდა ახლა უკვე რეგულარულად მოუწევთ არგენტინის საკმაოდ ძლიერ „ა“ ნაკრებთან თამაში; თავად არგენტინელები, რომლებიც ისედაც განიცდიან უზარმაზარ პროგრესს, უახლოესი რეზერვისთვის დამატებით კარგ თამაშებს მიიღებენ; ურუგვაისთავის მსგავსი შეხვედრები მისწრებაა, ჩილესა და ბრაზილიის პროგრესი კი, პირველსავე ტურნირის შემდეგ ყველასათვის თვალშისაცემი იქნება.

პირველ ტურში ყველაზე დიდი სხვაობა კანადისა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრაში დაფიქსირდა, მაგრამ სამხრეთელებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო თასზეც დაამტკიცეს, რომ ბრძოლა ეხერხებათ და ეს ამ ტურნირშიც დაადასტურეს. ჩრდილოელებმა, რომლებიც მასპინძლები იყვნენ, მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, თავად სამი გაუშვეს და 33:17 იმარჯვეს. ლენგფორდში გამართულ თამაშს 1200 მაყურებელი დაესწრო და მათ მასპინძლების მძლავრი დასაწყისი იხილეს, რის შემდეგაც კანადელებს საკუთარი უპირატესობა ერთხელაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ.

კანადამ საწყის 20 წუთში ორი ლელო გაიტანა, 27-ე წუთზე კი, დენ მურმა კონტრშეტევაზე სტუმრები მესამედაც დაალელოვა. ურუგვაიმ 33-ე წუთზე უპასუხა, როდესაც შერკინებების სერიას საჯარიმო ლელო მოყვა. მეორე ტაიმი პირველზე უფრო კონკურენტული გამოდგა. 64-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა, მერე კი, შეცვლაზე 2 წუთის შესულმა ალისტერ კლარკმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა, მეტოქე მეოთხედ დაალელოვა. ურუგვაიმ ალეხანდრო ნიეტოს ლელოთი 4 წუთში უპასუხა, მაგრამ სამიოდე წუთში მურმა დუბლი შეასრულა და მასპინძელთა უპირატესიბა ისევ გაზარდა. 78-ე წუთზე ურუგვაიმ თავისი მესამე ლელო გაიტანა და საბოლოოდ 17:33 დამარცხდა.

კანადელებმა ამ მატჩში შვიდი დებიუტანტი გამოსცადეს და შემტევი რაგბით ისიამოვნეს. 13 თებერვალს კანადა აშშ-ს ტეხასში ეთამაშება, ხოლო ურუგვაი ბრაზილიას სან-პაულუში ეწვევა.

ჩილემ ბრაზილიას სანტიაგოში უმასპინძლა და მეტოქე 25:22 დაამარცხა. მასპინძლები ამ თამაშს შიდა არეულობის ფონზე შეხვდნენ და ეს თამაშზეც აისახა. დეზორგანიზაციის ნიშნები განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ჩილელთათვის ყველაფერი კარგად დასრულდა და ალბათ, ახლადდაარსებული ტურნირის პირველი „ხის კოვზი“ მათ აღარ შეხვდება.

ანგარიში ჩილემ ჯარიმით გახსნა, რაზეც ბრაზილიამ მე-7 წუთზე ლელო-გარდასახვით უპასუხა, მაგრამ მასპინძლები მეტოქეს სტატიკაში სჯობდნენ და მალე ინიციატივა მათ ხელში გადავიდა. ჩილელებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ჩამორჩენა, მერე კი, ორი ლელო გაიტანეს და გარდასახვებიც ზუსტად შეასრულეს - 20:7. მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში გუნდებმა ლელოები გაცვალეს, მაგრამ ბრაზილია წარმატებაზე ფიქრს არ მოეშვა და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 68-ე წუთზე მათი კარგი შეტევა ლელოთი დასრულდა და გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. ჩილე აირია, ბურთს უწყინარ სიტუაციაში კარგავდა და ბრაზილიელებს მატჩის მოსაგებად არაერთი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მცირედით დამარცხდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და არგენტინა XV-ის შეხვედრას ჰიუსტონში 10 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და მათ საინტერესო, მოვლენებით დატვირთული შეხვედრა იხილეს. ორივე გუნდმა მაქსიმუმი გაიღო გამარჯვებისთვის და ლიდერი ჯამში შვიდჯერ შეიცვალა, საბოლოოდ კი, ტაბლოზე ფრე 35:35 დაფიქსირდა.

„არწივებმა“ ლიდერობა მალევე მოიპოვეს. საწყის ხუთ წუთში ჯეიმს ბირდმა ორი ჯარიმა გაიტანა, მე-11 წუთზე კი, მასპინძლებმა მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან შეუტიეს, ტაკუ ნგვენია ფლანგზე ორ მცველს სუფთად გაცდა და ლელოში შევიდა, ხოლო ბირდმა გარდასახვით ანგარიში 13:0 გახადა. უნდა ითქვას, რომ ნგვენია იმ დღეს მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამერიკელთა გარემარბმა, რომელიც საოცარი ტექნიკისა და სიჩქარის პატრონია, ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი 100%-იანი ლელოსგან იხსნა, როდესაც მეტოქის 70-მეტრიანი გარღვევისას მას დაახლოებით 7-8-მეტრიანი ჰანდიკაპის შემდეგ დაეწია და ზედ კარის წინ შებოჭა.

არგენტინელები დალაგდნენ და სახალისო, მაღალ ტემპში მიმდინარე შეხვედრაში, სადაც ორივე გუნდი შეტევაზე ფიქრობდა, ლელოების გატანა დაიწყეს. მე-16 წუთზე სტუმართა პირველი ლელო ტომას კარიომ გაიტანა და დომინგო მიოტიმ გარდასახვა შეასრულა, მერე იყო ზემოთნახსენები ხაზის გაჭრა და ნგვენიას დროული ბოჭვა, მაგრამ 24-ე წუთზე როდრიგო ბაეზმა მაინც შეძლო მეორე ლელოს გატანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, არგენტინელები პირველად დაწინაურდნენ. ამერიკამ ინიციატივა 32-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაიბრუნა, თუმცა, 35-ე წუთზე მესამე ლელო გაუშვა და ტაიმი სტუმრებმა 21:16 მოიგეს.

მეორე ტაიმი გუნდებმა პირველის მსგავსად, აქტიურად დაიწყეს და უპირატესობის გაზრდის შანსი არგენტინელებმა მიიღეს, მაგრამ მათი ჯარიმა არაზუსტი იყო. მერე მასპინძლებმა 5-მეტრა დერეფნიდან მოლით შეუტიეს, პირველ ორ ჯერზე სტუმრები დაჯარიმდნენ, მესამე შემთხვევაში კი, ტოდ კლევერიმ ლელო გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

მერე სტუმრების ჯერი დადგა, ისინი ლელო-გარდასახვით 64-ე წუთზე დაწინაურდნენ და ინიციატივასაც ფლობდნენ, თუმცა სემ დოლანმა გადაცემა ჩაჭრა და მეტოქის ძელებსშუამდე დაახლოებით 55 მეტრი ირბინა, ხოლო გარდასახვამ წონასწორობა კვლავ აღადგინა - 28:28. ამან მასპინძლებს დამატებითი იმპულსი მისცა და ტრიბუნებისგან გამხნევებულებმა მეტოქის 22-ში დაიდეს ბინა. 73-ე წუთზე განმეორებითი ჯარიმისთვის კაპიელო სინბინით დაისაჯა და ამერიკელებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, მერე ზედ ხაზთან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ფრაიმ ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ აშშ საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე 7 ქულით დაწინაურდა. მაგრამ არგენტინა, თუნდაც კაცნაკლული, დანებებას არ აპირებდა, კარიომ ხაზი გაჭრა და დუბლი შეასრულა, ხოლო ზუსტი გარდასახვით 77-ე წუთზე ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. სულ ბოლოს სტუმრებმა შორეული ჯარიმით სცადეს მიზნის მიღწევა, დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და საბოლოო შედეგად 35:35 დაფიქსირდა.

2016 წლის ამერიკის ექვსი ერი. პირველი რაუნდი

კანადა - ურუგვაი 33:17

ჩილე - ბრაზილია 25:22

აშშ - არგენტინა 35:35

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105561