ამბები

13:32 | 21.06.2011 | ნანახია 3866 - ჯერ

ქართული შვიდკაცა მოსკოვის გრან-პრიზე ფრანგებსა და უელსელებს გაეჯიბრება

 

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ ევროპის გრან-პრის პირველ ეტაპზე მეშვიდე ადგილი დაიკავა, მომავალ უქმეებზე კი, უკვე მეორე რაუნდში იასპარეზებს. 25-26 ივნისს ევროპის საუკეთესო თორმეტ ნაკრებს – ინგლისს, პორტუგალიას, რუსეთს, ჰოლანდიას, იტალიას, მოლდოვას, ესპანეთს, საფრანგეთს, უელსს, საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს მოსკოვი უმასპინძლებს, ტურნირის ფორმატი კი უცვლელი იქნება.

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ორ ექვსეულად არიან გაყოფილნი. კახა ალანიას მიერ გაწვრთნილი ქართველი მოშვიდკაცეები, ამჯერად, B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ესპანეთის, საფრანგეთის, უელსის, უკრაინისა და რუმინეთის მხარდამხარ ითამაშებენ, A ჯგუფი კი ინგლისმა, პორტუგალიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, იტალიამა და მოლდოვამ დააკომპლექტეს.
განრიგის თანახმად, 25 ივნისს ქართველები საფრანგეთს, რუმინეთს, ესპანეთსა და უკრაინას გაეჯიბრებიან, 26-ში კი უელსთან მატჩით ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ და საფლეიოფო ბატალიებში ჩაებმებიან. შეგახსენებთ, რომ ჯგუფების პირველმ-მეორეადგილოსნები ერთმანეთს თასისთვის ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, დანარჩენები კი, მეხუთედან მეთორმეტემდე ადგილებს გაინაწილებენ.
საქართველოს ნაკრებმა ლიონის გრან-პრიზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დავით ჩიტიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი კობერიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), შალვა მახარაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ყოჩები”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), გიორგი შკინინი (“ხულიგანა”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
მწვრთნელები: კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე.
მენეჯერი: გიორგი ასათიანი.

 

ევროპის გრან-პრის II ეტაპი შვიდკაცა რაგბში. 25-26 ივნისი. მოსკოვი (რუსეთი)
A ჯგუფი:
ინგლისი, პორტუგალია, რუსეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა.
B ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, უელსი, საქართველო, უკრაინა, რუმინეთი.

 

ქართული შვიდკაცას  განრიგი (დრო თბილისისაა)
25 ივნისი

11:00 საფრანგეთი – საქართველო
12:20 საქართველო – რუმინეთი
15:00 საქართველო – ესპანეთი
16:20 საქართველო – უკრაინა

 

26 ივნისი
11:00 უელსი – საქართველო

 

მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
18 – ინგლისი, 16 – ესპანეთი, 15 – საფრანგეთი, 14 – პორტუგალია, 12 – რუსეთი, 10 – უელსი, 8 – საქართველო, 6 – ჰოლანდია, 4 – იტალია, 3 – უკრაინა, 2 – რუმინეთი, 1 – მოლდოვა. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101065