საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული IRB-ს ერთა თასის შემდეგ, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
მისი თქმით, გასული წლის ნოემბერში, როდესაც “ბორჯღალოსანთა” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო თასზე წასაყვანი 30 მორაგბის შერჩევა ამდენ სპორტსმენს შორის მოუწევდა.
რუმინეთმოვლილი დიქსონი, IRB-ს “ერთა თასზე” ნაკრების კაპიტან ილია ზედგინიძესთან ერთად, ჟურნალისტებს შეხვდა და განვლილ ტურნირზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
გუნდი შეკრებას გაფართოებული შემადგენლობით 4 ივლისს, თბილისში დაიწყებს და გარეტ ადამსონის ხელმძღვანელობით, ორკვირიან გაძლიერებულ ფიზმომზადებას გაივლის.
18 ივლისს, “ბორჯღალოსნები” საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას, წინასწარი მონაცემებით, “მონპელიეს” და “ბურგუენთან”, ოთხდღიანი ინტერვალით გამართავენ. პარალელურად, ბურთთან ინტენსიურ ვარჯიშთან ერთად, შედარებით სუსტ მეტოქეებთან მსუბუქი საკონტროლო შეხვედრების ჩატარებაც იგეგმება.
რიჩი დიქსონი: “რუმინეთში პრაქტიკულად ახალი გუნდით გავემგზავრეთ და იქ ჩამოყალიბებულ, შეთამაშებულ გუნდებს ვეთამაშეთ. ეს განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკის “კინგზე” ითქმის, რომლის წევრებიც 2 წელიწადია ერთად თამაშობენ. მათ წინააღმდეგ მოსამზადებლად სულ ორი დღე გვქონდა და დროის სიმცირე შეცდომებში აისახა, რასაც მარცხი მოჰყვა.
არგენტინის “იაგუარების” ძლიერ გუნდს შედარებით უკეთეს მდგომარეობაში შევხვდით, ოღონდ სულ სხვა შემადგენლობით ვითამაშეთ. ეს იმიტომ, რომ მოედანზე გასვლის საშუალება, როგორც შევთანხმდით, ყველა მორაგბეს ჰქონდა.
ნამიბიასთან სულ სხვა მატჩი იყო, რადგანაც მისი შედეგი მსოფლიო რეიტინგზე ისახებოდა. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ გარდატეხა შევიტანეთ და გავიმარჯვეთ. ახალბედა მორაგბეებით კმაყოფილი დავრჩი. მათი უმრავლესობა ნაკრების მაისურით თითზე ჩამოსათვლელ მატჩს ატარებდა, მაგრამ ნებისყოფა მაინც გამოიჩინეს”.
სანამ რიჩი დიქსონი გასული წლის ნოემბრიდან, ანუ დანიშვნის დღიდან, დღემდე გაწეულ სამუშაოს შეაფასებდა, IRB-ს ერთა თასზე გამოსვლა ილია ზედგინიძემ შეაფასა: “კინგზთან” სათანადოდ სათამაშოდ ორდღიანი მომზადება საკმარისი არ აღმოჩნდა, ამასთან, გარკვეული პრობლემები ადაპტაციამ და მგზავრობით გამოწვეულმა დაღლილობამაც შეგვიქმნა. მოკლედ, აფრიკელებთან მხნეობა დაგვაკლდა. მართალია, დრო არც მე-2 მატჩისთვის მოსამზადებლად იყო საკმარისი, მაგრამ გადახალისება მოვახერხეთ. ყველანი ერთად, ვეტერანებიც და ახალბედებიც, ენთუზიაზმით ვიყავით სავსე. ნამიბია ძალიან რთული მეტოქეა და ამაზე მათთან შარშანდელი მარცხიც მეტყველებს. თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები დავუშვით და მეტოქეს ჩამოვრჩით, მაგრამ რევანშისტული განწყობა ძალიან დიდი იყო, შესვენების შემდეგ, ძალები მოვიკრიბეთ და ქართული ხასიათის წყალობით გამარჯვებას მივაღწიეთ. მთლიანობაში, ტურნირით კმაყოფილნი ვართ. დიქსონმა ვეტერანების მზადყოფნა შეამოწმა, ახალბედები გასინჯა და ახლა თავად გადაწყვეტს, თუ ვის უნდა ენდოს მსოფლიო თასზე”.
კაპიტნის შემდეგ, სიტყვა კვლავ დიქსონმა აიღო: “რუმინეთში წასვლის წინ განვაცხადე, რომ 3 მიზანი გვქონდა - უკვე ნაცნობი მორაგბეების კიდევ ერთხელ შემოწმება, ახალი მოთამაშეების გამოცდა და ნამიბიის დამარცხება, რადგან მათთან მატჩი სარეიტინგო იყო. მიხარია, რომ სამივე მიზანი წარმატებით შევასრულეთ.
გასული წლის ნოემბერშივე ვიცოდი, რომ ჩემი სამწვრთნელო მოღვაწეობის კულმინაცია მსოფლიო თასი იქნებოდა, თუმცა, მაშინ რომ გეთქვათ ჩემთვის, ახალ ზელანდიაში გასამგზავრებელი 30 კაციის შერჩევა ორმოც სპორტსმენს შორის მომიწევდა, არ დავიჯერებდი, ახლა კი, კანდიდატი ბევრად მეტია. ვცდილობდი, მთელი წლის განმავლობაში, საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე მენახა და ახლა ერთი თავსატეხი გამოჩნდა - ძალიან ძნელია კანდიდატთა სიის ოცდაათ მოთამაშემდე დაყვანა. სამაგიეროდ, გამიჩნდა იმედი, რომ ევროპის ერთა თასს მომავალ წელსაც მოვიგებთ. ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო თასის შემდეგ, ბევრი ვეტერანი ნაკრებში აღარ ითამაშებს და მათ ღირსეული შემცვლელები ეყოლებათ.
მსოფლიო თასზე წამსვლელი 30 მორაგბე ფიზიკურად საუკეთესოდ უნდა იყოს მომზადებული, რადგანაც იქ ძალიან დიდი ინტენსივობით მოგვიწევს თამაში. უკვე დავიწყეთ მეტოქეებზე ინფორმაციის შეგროვება. ინგლისი, შოტლანდია და არგენტინა, მოსამზადებელ ეტაპს ბრიტანეთში გაივლიან და მათ თამაშებს ადგილზევე დავაკვირდებით. სულ სხვაა ვიდეოჩანაწერით მეტოქის თამაშის ნახვა და ყველაფრის ცოცხლად ხილვა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ 4 წლის წინანდელისგან განსხვავებით, საქართველოსგან სიურპრიზს აღარავინ ელის და მასთან სათამაშოდ ყველა სრული მობილიზებით ემზადება.
ამ მომენტისთვის, მთავარ აქცენტს პირველ შეხვედრაზე ვაკეთებთ, ანუ ვემზადებით 14 სექტემბერს, შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის და ასე იქნება 14 სექტემბრამდე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მსოფლიო თასზე ყველა მორაგბე შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს და გეტყვით იმასაც, რომ დარწმუნებული ვარ, 2011-დან 2015 წლამდე, ქართულ რაგბს მხოლოდ წინსვლა ექნება”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია