ახალი ზელანდიის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ასაკობრივი მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი 33:22 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა. 20-წლამდელთა მსოფლიო თასი ამ ფორმატით 2008 წლიდან იმართება, დღემდე “ოლ ბლექსმა” 20 შეხვედრა გამართა და ჯერ არ გამოჩნდა გუნდი, რომელიც მის დამარცხებას მოახერხებდა.
2008 და 2009 წლების ფინალების მსგავსად, გადამწყვეტ შეხვედრაში ზელანდიის მეტოქე კვლავ ინგლისის ნაკრები იყო. უნდა ითქვას, რომ წინა სამ ფინალთან შედარებით, იტალიის ტურნირის ფინალი ყველაზე დაძაბული გამოდგა და შესაბამისად, მის ანგარიშში ყველაზე მცირე სხვაობაც დაფიქსირდა.
ანგარიში მე-6 წუთზე, ინგლისელმა ფლანგელმა კრისტიან ვეიდმა გახსნა. ის ფლანგზე გაიქცა, სისწრაფის და ძალის ხარჯზე მცველებს აჯობა და ლელო ალამთან გაიტანა. ეს მისი მეექვსე ლელო იყო ამ ტურნირზე, ხოლო ჯორჯ ფორდმა რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა. ზელანდიამ 23-ე წუთზე გარეთ ანსკომბეს ჯარიმით უპასუხა, ვინც მოგვიანებით ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და 86 ქულით, 2011 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. სამიოდე წუთში “ოლ ბლექსი” დაწინაურდა, როდესაც ჰუკერი ტეილორი მისი პოზიციისთვის უჩვეულო სისწრაფით და მანევრებით ფლანგზე გაიჭრა, მას კარგად მიყვა უკანახაზელი ჩარლზ პუიტო და ტურნირზე თავისი მეექვსე ლელო გაიტანა. ანსკომბემ ზუსტ რეალიზაციას მალე ჯარიმაც მიაყოლა, რაზეც ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ, ინგლისელმა ფორდმა ერთი საპასუხო ჯარიმით უპასუხა.
ტაიმის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ზელანდიელებმა მეორე ლელო გაიტანეს, ანსკომბემ გარდასახვას მეორე ნახევრის პირველსავე წუთზე თავისი მესამე ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 23:10 გახდა. სწორედ ამ ჯარიმის შემდეგ გადაასწრო ზელანდიელმა საუკეთესო ბომბარდირთა დავაში სამხრეთაფრიკელ იოჰან გუსენს, მაგრამ შეხვედრის ბოლომდე მონაგარს კიდევ 5 ქულა შემატა. მანამდე ინგლისი არ დანებდა, 47-ე წუთზე ტომასის ლელო ფორდმა გარდასახა და ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანა, ხოლო 58-ე წუთზე ვეიდმა მატჩში თავისი მეორე, ხოლო ტურნირში მეშვიდე ლელოთი, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 22:23. ვეიდი 7 გატანილი ლელოთი სამხრეთაფრიკელ არნო ბოთასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა. ინგლისელებმა რეალიზაცია ვერ გამოიყენეს და დაწინაურების შანსი დაკარგეს. ორიოდე წუთში ანსკომბემ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა, 71-ე წუთზე კი, ბარეტმა ზელანდიელთა მესამე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი აღმოჩნდა და ინგლისმა ზელანდიელთა დამარცხების იმედი საბოლოოდ დაკარგა.
მესამე ადგილისთვის მატჩში, საფრანგეთმა ავსტრალიას დიდი ბრძოლა გაუმართა და ტაიმი მხოლოდ 10:17 დათმო. ეს სხვაობა 72-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე “კენგურუებმა” 3 წუთის ინტერვალით ორი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც ფრანგებმა ერთ წუთში ლელო-გარდასახვით უპასუხეს და ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მათი მონდომება ფუჭი აღმოჩნდა, ავსტრალიამ ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელო მიითვალა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და 30:17 იმარჯვა.
მეხუთე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში, მაყურებელმა ლელოების ფოიერვერკი იხილა. სულ 18 ლელო გავიდა, მაგრამ აქედან 16 სამხრეთ აფრიკამ მიითვალა, რომელმაც ფიჯი 104:17 გაანადგურა. მეშვიდე ადგილი უელსმა ირლანდიის 38:24 ძლევით დაიკავა, ხოლო მეცხრე ადგილი არგენტინას დარჩა. სამხრეთამერიკელებმა შოტლანდიასთან საწყის ოცდაორ წუთში თავი თხუთმეტ ქულას მოუყარეს (ორი ლელო, თითო-თითო ჯარიმა-გარდასახვა), მერე შოტლანდიის ჯერი დადგა და ორი ლელო მიითვალა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 14:15.
ფინალის შემდეგ ბოლოსწინა, XI ადგილისთვის გამართული შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, მით უმეტეს, ქართველი გულშემატკივრისთვის. საქმე ისაა, რომ ბოლო ადგილზე გასული გუნდი, მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო თასზე ადგილს თბილისის მსოფლიო თასის “ალაფის” გამარჯვებულ სამოას უთმობდა, თავად კი, 2012 წელს “ალაფაზე” ითამაშებს, იქ, სადაც ევროპის 2011 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გამოვა. მასპინძელმა იტალიამ თამაში აქტიურად დაიწყო და მე-2 წუთზე გატანილი ლელოთი, გარდასახვით და სამიოდე წუთში მიყოლებული ჯარიმით 10:0 დაწინაურდა. ტონგა იოლად დანებებას არ აპირებდა, მე-12 წუთზე გატანილ ლელოს, 21-ეზე მეორე მიაყოლა და რადგან მხოლოდ პირველი გარდასახვა იყო ზუსტი, მხოლოდ ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 12:10. საწყისი 5-6 წუთისა არ იყოს, მასპინძლებმა დასკვნით ხუთ წუთშიც განსაკუთრებულად მოინდომეს, ლელოთი, რეალიზაციით და ჯარიმით კვლავ ათ ქულას მოუყარეს თავი და ტაიმი 20:12 მოიგეს. მეორე ნახევრის საწყის ოც წუთში იტალიამ უპირატესობა უფრო მეტად გაზარდა. აპენინელებმა ორი ლელო მიითვალეს და ორივე გარდასახვა გამოიყენეს. დასკვნით მეოთხედში უკვე ტონგამ იძალა და მასპინძლებს ორი ლელოთი უპასუხა, მაგრამ სტუმართა მონდომება დაგვიანებული იყო. ამრიგად, იტალიამ 34:22 იმარჯვა და გაისად კეიპთაუნში წავა, ტონგა კი, “ალაფის” ჩატარების ადგილის გარკვევას და მომავალ მეტოქეებს დაელოდება.
XI ადგილისთვის
ტონგა - იტალია 22:34
IX ადგილისთვის
შოტლანდია - არგენტინა 14:15
VII ადგილისთვის
უელსი - ირლანდია 38:24
V ადგილისთვის
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 17:104
III ადგილისთვის
საფრანგეთი - ავსტრალია 17:30
ფინალი
ინგლისი - ახალი ზელანდია 22:33
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია