ამბები

18:23 | 14.07.2011 | ნანახია 2555 - ჯერ

უმოტივაციო 7-კაცა ბუქარესტში პრესტიჟისთვის ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის მეოთხე, ბუქარესტის ეტაპზე მომავალ უქმეებზე, B ჯგუფში ითამაშებს. იქ მისი მეტოქეები მასპინძელი რუმინეთის, იტალიის, უკრაინის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან. განვლილ სამ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, კახა ალანიას შეგირდებს ჯამურად მეშვიდე ადგილი უჭირავთ და მიზნად მხოლოდ ბარსელონაში დაკარგული რეპუტაციის აღდგენას თუ დაისახავს.
ევროპის გრან პრი განსხვავებული სისტემით წელს პირველად ტარდება. გასული წლის რეიტინგის მიხედვით 12 საუკეთესო ნაკრები, ოთხ ეტაპს თამაშობს, თითოეულ მათგანზე დაკავებული ადგილის მიხედვით ქულებს იღებს და სულ ბოლოს გამარჯვებულად ის ნაკრები გამოცხადდება, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. საქართველოს ნაკრებმა ლიონის ეტაპზე მეშვიდე ადგილი დაიკავა, მოსკოვში წარმატებული გამოსვლის შედეგად, რუსეთის დედაქალაქში მეოთხე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვალში მეხუთე საფეხურამდე აღზევდა, მაგრამ ბარსელონაში შერცხვა, მხოლოდ მეათე საფეხურს დასჯერდა და ჯამში კვლავ მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. რუმინეთის ეტაპის შემდეგ, რეალურად, საქართველოს ნაკრებს საერთო ჩათვლაში უკეთეს შემთხვევაში იტალიის გადასწრება და მეექვსე ადგილამდე აღზევება შეუძლია, უარეს შემთხვევაში კი, უელსს ჩამორჩება და გრან პრის მერვე ადგილზე დაასრულებს.
საპრიზო ადგილების გარდა, ევროპის გრან პრიზე დიდ მნიშვნელობას იძენს ბოლო ორი საფეხური, რადგან მომავალ წელს ისინი უძლიერესთა შორის ადგილს ქვედა დივიზიონში წარმატებით მობურთალ ნაკრებებს დაუთმობენ. ამასთან, გრან პრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ნაკრებები მიიღებენ მიწვევას ყოველწლიურ მსოფლიო სერიებში 7-კაცა რაგბიში.
დღეისთვის საერთო ჩათვლას 50 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ლიონის და მოსკოვის ეტაპი მოიგო. ინგლისელებს საერთო ჩათვლაში წარმატების მისაღწევად ბუქარესტში მეოთხე საფეხურის დაკავებაც ყოფნით. A ჯგუფში მათი მეტოქეები ბარსელონას ეტაპის გამარჯვებული რუსეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, უელსი და მოლდოვა იქნებიან.
ქართველი მორაგბეები რუმინეთში პირველ შეხვედრას იტალიის ნაკრებთან, თბილისის დროით 12:40 საათზე გამართავენ. წინა ეტაპის პირველ შეხვედრაში, ბარსელონას ეტაპის ფინალისტებმა საქართველო 12:5 დაამარცხეს და თავისთვის წარმატებულ, ქართველთათვის კი, წარუმატებელ სვლას დაუდეს სათავე. 15:00 საათზე კახა ალანიას შეგირდების მეტოქე უკრაინა იქნება, რომელსაც ქართველი ზაზა ლეჟავა წვრთნის და მის შემადგენლობაში ქართველი მორაგბეებიც მრავლად თამაშობენ. პირველ, ლიონის ეტაპზე, უკრაინელებმა “ბორჯღალოსნები” 17:14 დაამარცხეს, რევანში მეორე, მოსკოვის ეტაპზე შედგა და საქართველოს ნაკრებმა 14:12 იმარჯვა. მესამე მატჩში, 16:20 საათზე ქართველთა მეტოქე მასპინძელი რუმინეთი იქნება. ქართველებმა რუმინელები საფრანგეთში 33:0 გაანადგურეს, მოსკოვში 21:12 მოუგეს, ბარსელონაში კი, 7:12 დამარცხდნენ. დღის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან უწევს. შეხვედრა 18:25 საათზე დაიწყება. წელს ქართველებმა ფრანგებთან ორი შეხვედრას გამართეს - მოსკოვში 12:7 იმარჯვეს, ბარსელონაში კი, 0:12 დამარცხდნენ.
მეორე დღეს, ჯგუფის დასკვნით მატჩში ალანიას გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება. პორტუგალიელებმა წელს ქართველები ორჯერ დაამარცხეს, ლიონში 14:21, ხოლო მოსკოვში 10:24. ამის შემდეგ, 14:15 საათიდან ნახევარფინალების ჯერი დადგება და საქართველოს ნაკრები ბრძოლას ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გააგრძელებს, ტურნირი კი, თბილისის დროით რვის ნახევრისთვის დასრულდება.
ორიოდე სიტყვით განვლილი სამი ეტაპის შედეგად გუნდისა და ინდივიდუალურად მორაგბეების სტატისტიკასაც გადავხედოთ. მეშვიდე ადგილზე მყოფ ქართველებს, გატანილ-გაშვებული ქულების უარყოფითი ბალანსი აქვთ - მინუს 32. განვლილ სამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯამში 19-მა მორაგბემ ითამაშა. ყველაზე მეტი, 21 მორაგბე იტალიამ ათამაშა, ხოლო ყველაზე ცოტა 14, ესპანეთმა. სამ ეტაპზე ქართველთა ქულათა მონაგარმა 297 შეადგინა (145 ლიონში და 76-76 მოსკოვსა და ბარსელონაში). საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სულ 47 ლელოა - 23 საფრანგეთში და 12-12 მოსკოვსა და ბარსელონაში. საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვე ირაკლი გეგენავაა, რომლის ანგარიშზეც 12 ლელოა. მან ლიონში სამი, მოსკოვში ოთხი, ხოლო ბარსელონაში ხუთი ლელო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში ის მესამე ადგილზეა და ორ ინგლისელს ჩამორჩება. ყველაზე მეტი 27 ლელო ნიკოლას როილის ანგარიშზეა, ხოლო მეორეადგილოსანმა ჯონ ბრეკმა 13 ლელო მიითვალა. გეგენავას გარდა 12-12 ლელო აქვთ გატანილი იტალიელ ფაბრიციო სეპეს, პორტუგალიელ დუარტე მორეირას და რუს დენის სიმპლიკევიჩს, რომელმაც მაისში, თბილისში, რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას დაგვამახსოვრა თავი. საქართველოს ნაკრებიდან, გატანილი ლელოებით მეორე მაჩვენებელი აქვს გიორგი კალმახელიძეს - 10 ლელო (5 ლიონში, 2 მოსკოვში და 3 ბარსელონაში) და ჯამში 7-12 ადგილებს იყოფს. აღსანიშნავია, რომ მის გარდა, 10 ლელო მხოლოდ ესპანელებს აქვთ გატანილი. ბომბარდირთა დავაში 136 ქულით ინგლისელი კრისტიან ლევის-პრეტი ლიდერობს და მას ქულით ჩამორჩება თანამემამულე ნიკოლას როილი. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი გეგენავას ანგარიშზე 62 ქულაა და ის მე-11 ადგილს იკავებს, გიორგი კალმახელიძე 50 ქულით 20-22 ადგილებს იყოფს, ხოლო შავლეგ მახარაშვილის ანგარიშზე 45 ქულაა და 24-25 ადგილებს იკავებს.       

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში (ოთხ ეტაპად). IV ეტაპი
რუმინეთი. ბუქარესტი. 16-17 ივლისი
A ჯგუფი

რუსეთი
ინგლისი
ესპანეთი
ჰოლანდია
უელსი
მოლდოვა

16 ივლისი
ესპანეთი - მოლდოვა
ინგლისი - ჰოლანდია
რუსეთი - უელსი
ჰოლანდია - მოლდოვა
ესპანეთი - უელსი
რუსეთი - ინგლისი
უელსი - მოლდოვა
რუსეთი - ჰოლანდია
ინგლისი - ესპანეთი
ჰოლანდია - უელსი
ინგლისი - მოლდოვა
რუსეთი - ესპანეთი
17 ივლისი
ინგლისი - უელსი
ესპანეთი - ჰოლანდია
რუსეთი - მოლდოვა

B ჯგუფი
იტალია
პორტუგალია
უკრაინა
საფრანგეთი
საქართველო
რუმინეთი

16 ივლისი
უკრაინა - რუმინეთი
პორტუგალია - საფრანგეთი
იტალია - საქართველო
საფრანგეთი - რუმინეთი
უკრაინა - საქართველო
იტალია - პორტუგალია
საქართველო - რუმინეთი
იტალია - საფრანგეთი
პორტუგალია - უკრაინა
საფრანგეთი - საქართველო
პორტუგალია - რუმინეთი
იტალია - უკრაინა
17 ივლისი
პორტუგალია - საქართველო
უკრაინა - საფრანგეთი
იტალია - რუმინეთი

17 ივლისი. ნახევარფინალები და ფინალები

მდგომარეობა სამი ეტაპის შემდეგ

 

1 ინგლისი 50 (18+18+14)
2 პორტუგალია 45 (14+16+15)
3 ესპანეთი 43 (16+15+12)
4 რუსეთი 38 (12+8+18)
5 საფრანგეთი 35 (15+12+8)
6 იტალია 26 (4+6+16)
7 საქართველო 25 (8+14+3)
8 უელსი 24 (10+10+4)
9 უკრაინა 16 (3+3+10)
10 ჰოლანდია 13 (6+1+6)
11 რუმინეთი 8 (2+4+2)
12 მოლდოვა 4 (1+2+1)



    
ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082035