ამბები

15:38 | 28.08.2011 | ნანახია 2583 - ჯერ

კანადა - ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერი

კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზელანდიელი კირან კროული იყო პირველი სპეციალისტი, რომელმაც ის 30 მორაგბე დაასახელა, მსოფლიო თასზე რომ ითამაშებენ. “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონი, კანადას 2008 წლიდან წვრთნის და კარგად იცოდა, თუ ვისი იმედი უნდა ჰქონდა, ოღონდ, ამჯერად, კროულის მიზანი არა თასის მოგება, არამედ ჯგუფური ეტაპის დაძლევაა.
რაგბი კანადაში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ამ ქვეყნის ნაკრებმა ხუთივე მსოფლიოს თასზე ითამაშა და 1991 წლის და გასული მსოფლიოს თასის გარდა, ყველა ტურნირზე თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა, აი 1991 წელს კი, დიდ ბრიტანეთში გამართულ მსოფლიოს თასზე, აქამდე თავის საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია, ჯგუფში რუმინეთს და ფიჯის აჯობა, მეოთხედფინალს უწია და იქ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა. კანადაში 23853 პროფესიონალი მორაგბე და 309 კლუბია რეგისტრირებული. მათი უმრავლესობა კანადის რაგბის ციტადელად მიჩნეულ ბრიტანეთის კოლუმბიაზე მოდის. უმაღლეს დონეზე ტარდება შიდა ჩემპიონატი, თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რაგბის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ თამაშობენ.
უცნობია, თუ ზუსტად როდის ჩატარდა პირველი სარაგბო მატჩი კანადაში, სავარაუდოდ, 1860-იანი წლები სახელდება. რაგბის დანერგვას და მის ადრეულ განვითარებას, დიდ ბრიტანეთიდან ჩასახლებულმა მოსახლეობამ, ბრიტანეთის არმიამ და ფლოტმა შეუწყო ხელი. მისი თამაში თავიდან ჰალიფაქსში, ახალ შოტლანდიასა და ბრიტანეთის კოლუმბიაში დაიწყეს, პირველი თამაში კი, ოფიციალურად 1864 წელს მონრეალში დაფიქსირდა ბრიტანელ არტილერისტებს შორის. რაგბის თამაშმა მასიური სახე 1860-იანი წლების ბოლოსა და 1870-იანი წლების დასაწყისში მიიღო. ბრიტანულ კოლუმბიაში პირველი თამაში კუნძულ ვანკუვერზე 1876 წელს, სამეფო ფლოტსა და არმიელებს შორის დაფიქსირდა. აქედან მოყოლებული, რაგბის რეგულარულად თამაშობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ბრიტანელი მეზღვაურები.
პირველი კანადური კლუბის დაარსების თარიღად 1868 წელია მიჩნეული, მაგრამ მაშინ არანაირი წესდება არ არსებობდა. ინგლისელებმა რაგბის წესდება და თამაშის წესები ოფიციალურად 1871 წელს გამოსცეს, მალე კი, წესდების კანადური ვარიანტიც გამოიცა. 1874 წელს პირველი საერთაშორისო შეხვედრა ჩატარდა კანადისა და ამერიკის უნივერსიტეტების კლუბებს შორის. მომავალში უნივერსიტეტის გუნდებს შორის შეხვედრამ ტრადიციული სახე მიიღო და ისინი ერთმანეთს წელიწადში ორჯერ - შინ და გარეთ ხვდებოდნენ. 1902-03 წლებში, საერთაშორისო შეხვედრების არეალი გაფართოვდა და კანადურმა კლუბებმა ტურნეები მოაწყვეს დიდ ბრიტანეთში.
რაგბის განვითარება პირველად მსოფლიო ომმა შეაფერხა და 1914-19 წლებში მას მხოლოდ ბრიტანეთის კოლუმბიის და ახალი შოტლანდიის რეგიონებში თამაშობდნენ, იშვიათად კი, მებრძოლებს შორის, საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად სხვა რაიონებშიც იმართებოდა მატჩები.
დასრულდა პირველი მსოფლიო ომი და კანადაში რაგბი კვლავ მაღალი ტემპით განვითარდა. 1919 წლიდან მოყოლებული, კანადელები რაგბს ავსტრალიიდან, ინგლისიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მეზღვაურებს და ტურისტებს ეთამაშობოდნენ.
კანადის რაგბის კავშირი ოფიციალურად 1929 წელს დაარსდა და ეს მოვლენა იაპონური ტურნეთი აღინიშნა. ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1932 წლის 31 იანვარს იაპონიასთან გამართა და 8:9 დამარცხდა, მეორე მატჩში კი, უფრო დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა - 5:38.
დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და კანადაში რაგბის განვითარება ისევ შენელდა, რადგანაც ბევრი მოთამაშე მოკავშირეთა ჯარებში გაიწვიეს. 1949 წლამდე, კანადაში მხოლოდ 3 აქტიური რეგიონალური კავშირი იყო - ბრიტანეთის კოლუმბია, ონტარიო და კვებეკი. 1966 წელს კანადას პატივი ინგლისის ნაკრებმა სცა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტურნედან დაბრუნებულმა გზად კანადაში შეიარა და მასპინძლები 19:8 დაამარცხა.
კანადის ნაკრებისთვის ახალი ერა 1987 წლიდან დაიწყო. ის ერთ-ერთი იყო იმ 16 გუნდს შორის, რომლებიც ირბ-მ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართულ პირველ მსოფლიოს თასზე მიიწვია. ჩრდილოეთამერიკელები ჯგუფში უელსის, ირლანდიისა და ტონგას ნაკრებებთან მოხვდნენ და მსოფლიოს თასზე თავის პირველ შეხვედრაში პირველ გამარჯვებას მიაღწიეს - ტონგა 37:4 დაამარცხეს, მაგრამ ირლანდიასთან (19:46) და უელსთან (9:40) დამარცხდნენ და ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავეს.
1991 წლის მსოფლიოს თასზე მოსახვედრად, კანადას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუხდა, მაგრამ ის ადვილად გადალახა და ჯგუფში საფრანგეთთან, რუმინეთთან და ფიჯისთან მოხვდა. კანადამ რუმინეთი (19:11) და ფიჯი (13:3) დაამარცხა, საფრანგეთთან მცირე სხვაობით - 13:19 დამარცხდა და მეოთხედფინალში გავიდა, იქ მრისხანე ახალ ზელანდიას ეომა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 13:29.
ამ შედეგმა ბობოლებს კანადის პატივისცემა ჩაუნერგა და მასთან ტესტების გამართვით დაინტერესდნენ, რამაც ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა და ნაკრებმაც აღმასვლა განაგრძო. ჩრდილოამერიკელებმა 1993 წელს უელსი კარდიფში 26:24, ხოლო 1994 წელს საფრანგეთი 18:16 დაამარცხეს. მძლავრ სარაგბო ქვეყნის ნაკრებებთან ტესტები მომავალშიც გაგრძელდა და შიგადაშიგ კანადამ წარმატებასაც მიაღწია - 2000 წელს ირლანდიას ფრედ 27:27 ეთამაშა, 2002-ში შოტლანდია 26:23 დაამარცხა და ამ წარმატებას კარდიფში უელსთან მარცხამდე შვიდმატჩიანი მოგებების სერია მიაყოლა. კანადა ინგლისის ნაკრებს სულ 6-ჯერ ეთამაშა და ვერცერთხელ იმარჯვა, 11-ჯერ შეხვდა ინგლისის B და 23-წლამდელთა ნაკრებს, საუკეთესო შედეგს კი, ერთადერთხელ 1993 წელს მიაღწია, როდესაც ინგლისის B ნაკრები 15:12 დაამარცხა.
რადგან კანადამ 1991 წლის მსოფლიოს თასზე მეოთხედფინალს უწია, 1995 წლის მსოფლიოს თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდა და ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, წინა მსოფლიოს თასის გამარჯვებულ ავსტრალიას და რუმინეთს დაუპირისპირდა. იქ ავსტრალიასთან 11:27, სამხრეთ აფრიკასთან კი 0:20 დამარცხდა და მხოლოდ რუმინეთს სძლია - 34:3. მართალია, კანადა მეოთხედფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ დიდმა გამოცდილებამ კანადელებს ზედიზედ სამჯერ - 1996, 1997 და 1998 წელს წყნარი ოკენის ტურნირში გაამარჯვებინა.
1999 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე, კანადამ ურუგვაი (38:15) და აშშ (31:14) დაამარცხა, არგენტინასთან 28:54 დამარცხდა, თუმცა, მსოფლიოს თასზე მაინც მოხვდა. მართალია, კანადელები საფრანგეთთან (20:33) და ფიჯისთან (22:38) დამარცხდნენ, მაგრამ ნამიბია 72:11 გაანადგურეს და ტურნირის სისტემიდან გამომდინარე მეოთხედფინალში გასვლის არცთუ ცუდი შანსი შეინარჩუნეს, მაგრამ მათ არ გაუმართლათ, სამოამ საკუთარ შეხვედრაში იმარჯვა და ჯგუფში საუკეთესო მესამედგილოსანი გახდა.  
2000 წლიდან მოყოლებული, როგორც ყველა მეორე და მესამე დონის სარაგბო ქვეყნის ნაკრებებს, კანადასაც საკადრო პრობლემა გაუჩნდა, რადგანაც წამყვანი მორაგბეები ელიტარულ ევროპულ კლუბებში გადაბარგდნენ და სანაკრებოდ ხშირ შემთხვევაში ვერ იცლიდნენ, ამან კი ნაკრების რეგრესი გამოიწვია და კანადა რეიტინგში ათ საუკეთესო გუნდს მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, მათ მიიღეს მაღალი კლასის მორაგბეები, ისეთები, როგორებიც არიან დან ბოფი, როდ სნოუ, მიკი ჯეიმსი, კოლინ იუკსი, დეივ ლაუკჰედი და ჯიმი კადმორი, რომლებიც ინგლისის, უელსისა და საფრანგეთის წამყვან კლუბებში თამაშობენ.
კანადამ ავსტრალიაში გასამართი 2003 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ექვსიდან 5 შეხვედრა მოიგო, მხოლოდ ურუგვაისთან, ისიც 2 ქულით დამარცხდა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ავსტრალიაში ამერიკის პირველი გუნდის სტატუსით გაემგზავრა. იქ მან ხუთგუნდა ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, ტონგა 24:7 დაამარცხა, დანარჩენ სამში კი მარცხი განიცადა (უელსთან 10:41, ახალ ზელანდიასთან 6:68 და იტალიასთან 14:19) და მე-4 ადგილზე დარჩა.
საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასისთვის კანადა აშშ-სთან და ბარბადოსთან იბრძოდა. ეს 3 გუნდი ერთმანეთს მხოლოდ თითოჯერ ხვდებოდა, კანადამ ბარბადოსი გასვლაზე, 2006 წლის 24 ივნისს, 71:3 გაანადგურა (ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით იმარჯვა), მერე ნიუფაუნდლენდში აშშ-ს უმასპინძლა და უამრავი მაყურებლის თვალწინ 56:7 იმარჯვა, რის შემდეგაც საფრანგეთის საგზურს დაეუფლა. ამ თამაშში ჯეიმს პრიჩარდმა ნაციონალური რეკორდი დაამყარა, 3 ლელო დადო, მას 6 გარდასახვა და 3 ჯარიმა მიუმატა და ჯამში 36 ქულა მოაგროვა.
2007 წლის მსოფლიო თასი კანადისთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. იქ მათ უელსთან 17:42, ფიჯისთან 16:29 და ავსტრალიასთა 6:37 წააგეს, იაპონიასთან კი, მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 12:12.  
კანადის ნაკრები ჩერჩილის თასზეც თამაშობს. ეს ტურნირი აშშ-სა და კანადაში რაგბის განვითარებას ემსახურება. მასში რეგულარულად მონაწილეობენ ინგლისის და სხვა ქვეყნების B ნაკრებები და ახალი ზელანდიის ახალგაზრდული გუნდი. 2003 წელს, ჩერჩილის თასს კანადამ უმასპინძლა და ფინალში დამარცხდა. კანადა SUPER POWER CUP-ზეც თამაშობს, ის 2004 და 2005 წელს ჩინეთს ჩაენაცვლა და 2005 წელს ფინალში იაპონია 15:10 დაამარცხა. კანადა რეგულარულად თამაშობს ირბ-ს შვიდკაცა სერიებში.
მიუხედავად რაგბის ასეთი პოპულარობისა, კანადის ნაკრებს დღემდე არ გააჩნია საკუთარი სტადიონი. მას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, იყო ტორონტის ვარიანტი, მაგრამ ისეთი კლიმატი არაა, რომ წლის ყველა დროს ითამაშო. იყო საუბარი ვანკუვერზეც, რადგანაც ბრიტანეთის კოლუმბიაში ზამთარშიც შედარებით რბილი კლიმატია, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.
კანადის ნაკრების ზედმეტსახელია CANUCKS, რაც ქართულად კანადელებს ნიშნავს, მაგრამ მას მეორენაირად “ვერხვის ფოთლებსაც” ეძახიან. ფორმის ფერი წითელი და შავია.
გუნდს ზელანდიელი კირან კროული ავარჯიშებს, კანადის ნაკრების ისტორიაში კი, ყველაზე მეტი - 487 ქულა უკანახაზელმა გარეტ რეესმა მოაგროვა. ის 1967 წლის 30 ივნისსაა დაბადებული და კანადის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 55 შეხვედრა, აქედან 23-ჯერ კაპიტნის სამკლავურით. გარეთს უთამაშია “ბარბაროსების” შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო ოთხი - 1987, 1991, 1995 და 1999 წლის - მსოფლიოს თასის ყველა თამაშში (ერთ-ერთი იშვიათი მორაგბეთაგანია, ვისაც ოთხ მსოფლიოს თასზე უთამაშია).
ნაკრების კვართით ყველაზე მეტი, 76 შეხვედრა ალ ჩერონს აქვს ნათამაშები, ხოლო საუკეთესო მელელოვე უინსტონ სტენლია (23 ლელო).
კანადის ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით ბარბადოსი დაამარცხა 71:3, თავად კი, ყველაზე მეტად, 2004 წლის 13 ნოემბერს ინგლისთან - 0:70 შერცხვა. ჩრდილოამერიკელები ორჯერ ეთამაშნენ “ბარბაროსებს”, ერთხელ დამარცხდნენ, ერთხელ კი ფრედ დაასრულეს მატჩი.
მთლიანობაში, კანადის ნაკრებმა 199 შეხვედრა გამართა, აქედან 85-ჯერ იმარჯვა, 110-ჯერ დამარცხდა და 4 მატჩი ფრედ დაასრულა. ამ თამაშებიდან 2 საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარა - 2009 წლის “ჩერჩილის თასზე” “ბორჯღალოსანთა” შესუსტებული შემადგენლობის დამარცხების შემდეგ, ქართველებმა გასული წლის ნოემბერში, თბილისში, 22:15 ირევანშეს. ძლიერ მეტოქეთაგან მათ სამჯერ ჰყავთ დამარცხებული არგენტინა, ერთხელ საფრანგეთი, უელსი და შოტლანდია, ორჯერ კი, იტალია.
დღეისათვის კანადის ნაკრებს 71,56 სარეიტინგო ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილზეა. 2011 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის, კანადელები ორჯერ ეთამაშნენ აშშ-ს და სტუმრად 6:12 წაგების შემდეგ, შინს მეტოქე 41:18 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის მზადების ეგიდით, კანადამ აშშ კიდევ ორჯერ (28:22 და 27:7) დაამარცხა, ახლახანს კი, ავსტრალიელ “ბარბაროსებს” გაეჯიბრა და 14:38 დამარცხდა.
კირან კროულიმ მსოფლიო თასისთვის შემდეგი მორაგბეები შეარჩია:
მორკინალები: რაიან ჰამილტონი (“ბერსი”, კანადა), პეტ რიორდანი (“ბერსი”, კანადა), ჰუბერტ ბუიდენსი (“ვოლფ პარკი”, კანადა), სკოტ ფრანკლინი (“ვოლფ პარკი”, კანადა), ჯეისონ მარშალი (“ბერსი”, კანადა), ენდრიუ ტიდემენი (“ვოლფ პარკი”, კანადა), ფრენკ უოლში (“როკი”, კანადა), ჯეიმი კუდმორი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ბრაიან ერიქსენი (“ბერსი”, კანადა), ტაილერ ჰოტსონი (“პლიმუთ ალბიონი”, ინგლისი), აარონ კარპენტერი (“პლიმუთ ალბიონი”, ინგლისი), ნანუაკ დალა (“ვოლფ პარკი”, კანადა), ადამ კლებერგერი (უგუნდო), ჯერემი კინი (“ვოლფ პარკი”, კანადა), ჩაუნსეი ოტულე (“როკი”, კანადა), ჯებ სინკლერი (“როკი”, კანადა);  
უკანა ხაზი: ედ ფეირჰურსტი (“ბერსი”, კანადა), ჯეიმი მაკკენზიე (“ეშერი”, ინგლისი), სეან ვაიტი (“ბერსი”, კანადა), ნათან ჰირაიამა (“ბერსი”, კანადა), ენდრიუ მონრო (“ონტარიო ბლუსი”, კანადა), რაიან სმიტი (“ვოლფ პარკი”, კანადა), კონორ ტრეინორი (“ბერსი”, კანადა), ფილ მაკკენზიე (“ეშერი”, ინგლისი), მიკ სკოლზი (“ონტარიო ბლუსი”, კანადა), ვან დერ მერვე (“გლაზგო ვარიორსი”, შოტლანდია), კირან ჰერნი (“როკი”, კანადა), ტეილორ პერისი (“ონტარიო ბლუსი”, კანადა), მეტ ევანსი (უგუნდო), ჯეიმს პრიტჩარდი (“ბედფორდი”, ინგლისი).

A ჯგუფი
ახალი ზელანდია
საფრანგეთი
ტონგა
კანადა
იაპონია

14 სექტემბერი. უონგარეი
ტონგა - კანადა
18 სექტემბერი. ნეიპირი
საფრანგეთი - კანადა
27 სექტემბერი. ნეიპირი
კანადა - იაპონია
2 ოქტომბერი. ველინგტონი
ახალი ზელანდია – კანადა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120926