საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი, დაახლოებით ორთვიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ოთხ სტადიონზე განახლდება. XXIII პირველობის მეორე წრის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება და მის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული ის, თუ რომელი ოთხეული გააგრძელებს ჩემპიონისთვის ბრძოლას ავსტრალიურ ფლეი ოფზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის რვა გუნდი, ორ წრედ რეგულარულ პირველობას თამაშობს. ოთხი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ავსტრალიურ ფლეი ოფში განაგრძობს. პირველ ეტაპზე პირველადგილოსანი მეორეს ეთამაშება და გამარჯვებული ფინლაში გადის, დამარცხებულს კი, იქ მოხვედრის შანსი კიდევ რჩება. ის ფინალის საგზურისთვის მცირე ფინალში მესამე-მეოთხეადგილოსანს შორის გამარჯვებულს ეთამაშება. მესამე-მეოთხედაგილოსანს შორის დამარცხებული საჩემპიონო ბრძოლას ეთიშება და ჯამში მეოთხე ადგილს იკავებს. რეგულარული პირველობის ბოლოადგილოსანი, უმაღლეს ლიგას პირდაპირ ემშვიდობება, ბოლოდან მეორე კი, პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ორმატჩიან ფლეი ოფს მართავს და გამარჯვებული მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იღებს.
პირველი წრის შემდეგ, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსს ხუთი გუნდი ინარჩუნებს. საუკეთესო მდგომარეობა ქუთაისის “აიას” აქვს, რომელმაც პირველ წრეში ყველა შეხვედრა მოიგო, სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს და მისი დაკარგვა მინიმუმ ორი ტური არ ემუქრება. მეორე წრის პირველ მატჩში, ქუთაისელები რუსთავში, ადგილობრივ “ხარებთან” ითამაშებენ. რუსთაველები ბოლოსწინა ადგილზე არიან და მათი მიზანი მეხუთე-მეექვსე ადგილის დაკავებაა, რათა გასავადნი ფლეი ოფი თავიდან აირიდონ და ამიტომ, იოლად არაფერს დათმობენ. აღსანიშნავია, რომ “ხარებმა” პირველ წრეში ორივე შეხვედრა რუსთავში მოიგო და ქულების დაგროვებას ახლაც ძირითადად საკუთარ ქალაქში გეგმავს.
შესვენების შემდეგ “ხარებმა” ერთი თამაში უკვე გამართა, პირველი წრის გადატანილ შეხვედრაში, 25 აგვისტოს უშუალო კონკურენტ თბილისის “ყოჩებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 20:13 დაამარცხა. “აიას” დააკლდება უკანახაზელი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელიც ეროვნულ გუნდთან ერთად ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე მიემგზავრება. სამაგიეროდ, უცხოეთიდან მათ დაუბრუნდნენ უკანახაზელები ზურაბ ზვიადაძე და გია ცნობილაძე. პირველ წრეში ქუთაისელებმა “ხარებს” ფოთში უმასპინძლეს და 35:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ წელს ამ გუნდებმა თასის პირველ ეტაპზეც ითამაშეს და მაშინ “აიამ” მეტოქე უფრო დიდი სხვაობით, 50:0 გაანადგურა. დღევანდელი დაპირისპირება 17:00 საათზე, “ტექნიკუმის” მოედანზე დაიწყება.
მეორე წრის პირველი შეხვედრა საათნახევრით ადრე, დიდ დიღომში, “ვისოლის” მოედანზე დაიწყება და მასში ყველაზე ცუდ დღეში მყოფი “ყოჩები”, სენსაციურად მობურთალ “აკადემიას” სტუმრის რანგში ეთამაშება. “ყოჩებმა”, რომელიც გასულ წელს საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, უმთავრესი, სპონსორი დაკარგა და ამას მორაგბეთა გადინება მოყვა. შედეგად, მათ პირველი წრის ყველა შეხვედრა დათმეს და ახლა საფლეიოფო მეორე ადგილს ოთხი ქულით, ანუ ორი მოგებით ჩამორჩებიან. შევსების სახით, “ყოჩებმა” ჯაბა მალაღურაძე მიიღო, რომელიც უკრაინის ნაკრების ღირსებას და სამშობლოში დაბრუნებამდე უკრაინის ჩემპიონატში თამაშობდა.
“აკადემიამ” სეზონი ჩვეულებრივ, საშუალო დონის გუნდის რანგში დაიწყო, მაგრამ პირველი წრის მიწურულს ლიდერებს დაერია და ახლა საჩემპიონო ოთხეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. პაატა ნარიმანაშვილის შეგირდები ჯერ “არმიას” დაუზავდნენ (22:22), მერე კი, ჯერ ქვეყნის ჩემპიონი “ლოკომოტივი” წააქციეს 24:10, ხოლო მერე მათ გზას ვიცე-ჩემპიონი “ლელო” გაუყენეს - 30:19. გარდა ამისა, აკადემიელებმა კიდევ ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, თავის მომავალი მეტოქე “ყოჩები” კი, 19:15 დაამარცხეს. შედეგად, სატურნირო ცხრილში მათ “ლელოს” და “ლოკომოტივის” მსგავსად 8 ქულა დააგროვეს, მეტოქეებს ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებების წყალობით გადაასწრეს და მესამე საფეხურზე არიან, მეორეადგილოსან “არმიას” კი, მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. ამრიგად, “აკადემიას” მეორე ადგილზე ასვლის კარგი შანსი აქვს და საამისოდ ძალებს არ დაზოგავს. ეს დაპირისპირება 15:30 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ “აკადემიისა” და “ყოჩების” სათასო შეხვედრა, ფრედ 9:9 დასრულდა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ავჭალაში 17:00 საათზე იწყება. “ვარსკვლავთკრებული” “არმია” სეზონთაშორის შესვენებისას კიდევ უფრო გაძლიერდა და ჩემპიონ “ლოკომოტივს” განახლებული ძალებით შეუტევს. ამ გუნდმა საფრანგეთიდან სამშობლოში დააბრუნა ეროვნული ნაკრების კანდიდატი, მესამეხაზელი ბესიკ უდესიანი, რუმინეთიდან ასევე ნაკრების კანდიდატი, მეორეხაზელი ლაშა თავართქილაძე, ხოლო პირველი ლიგის “ხულიგანადან” აიყვანა უკანახაზელი გიორგი შკინინი. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და არმიელებს შეუერთდა ტარიელ დონაძე. გარდა ამისა, “არმიამ” ქართული კლუბებიდანაც გვარიანი შევსება მიიღო: ალეკო ტუჩაშვილი, ვანო გაბროშვილი, გიგა გაგოშვილი, ბექა მეკოკიშვილი, ზურაბ ერისთავი, ვეფხია ტუჩაშვილი, გიორგი თხილაიშვილი და ხვიჩა ბუჯიაშვილი.
ზემოთჩამოთვლილი მორაგბეთა უმეტესობა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და საერთაშორისოსთან ერთად, უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს, ასე რომ, “არმია” კიდევ უფრო გაძლიერდა. გუნდი დატოვა და ფრანგულ “ბრივში” გადაბარგდა იური ნატრიაშვილი, ხოლო “ბორჯღალოსნებთან” ერთად მსოფლიო თასზე მიდიან ბიძინა სამხარაძე და ჯაბა ბრეგვაძე. აბა, ამასთან შედარებით “ლოკომოტივის” ნამატი რა არის, რომელმაც უცხოეთიდან ოთარ ტუჩაშვილი დაიბრუნა და ილია გოგიშვილი და შალვა შიოშვილი დაიმატა. ჩემპიონს ეროვნულ გუნდში მივლენილი ყავს მესამეხაზელი გივი ბერიშვილი, ხოლო კიდევ ერთი მესამეხაზელი, გუნდის ლიდერი ზვიად მაისურაძე ნაკრების ფრანგული შეკრებისას დაშავდა, საოპერაციო შეიქნა და დიდი შანსია, გუნდს ამ სეზონში ვეღარც დაეხმაროს.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იმართებოდა. პირველი დაპირისპირება საქართველოს თასზე შედგა, ჩემპიონი ხელდახელ ბურთაობას ცდილობდა, “არმია” შედეგზე ორიენტირებულად თამაშობდა და მეტოქე 11:9 დაამარცხა, რითაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრის დროს რამდენჯერმე ატყდა გუნდური ჩხუბი და პირველ ტურში მაყურებელმა ამ საინტერესო დაპირისპირების კიდევ 80 წუთი იხილა. ამჯერად “ლოკომოტივმა” უფრო ჭკვიანურად ითამაშა და საბოლოოდ “არმია” გატეხა, მაგრამ, მხოლოდ მეორე ტაიმში. პირველი ნახევარი “არმიამ” 13:12 მოიგო, მაგრამ მეორეში “ლოკომოტივის” დარტყმას ვეღარ გაუძლო და ჯამში 16:26 დამარცხდა. ჩემპიონებმა ერთის საპასუხოდ ოთხი ლელო გაიტანეს, რომელთაგან სამი დავით ჩიტიძეს ანგარიშზეა.
დღეისათვის “არმია” მეორე ადგილზეა, “ლოკომოტივი” მხოლოდ მეხუთეზე, მაგრამ მათ შორის სხვაობა მხოლოდ ქულაა და შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ გუნდებმა ადგილები გაცვალონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონს დამარცხება საუკეთესო ოთხეულს კიდევ უფრო დააშორებს და ეს ინტრიგა მაყურებელს მორიგ საინტერესო ბრძოლას პირდება.
17:00 საათზე “შევარდენზე” დაიწყება თბილისის “არმაზისა” და “ლელოს” შეხვედრა. “არმაზი” პირველი წრის მიწურულს ლიდერებთან საინტერესო თამაშს კი აჩვენებდა, მაგრამ მხოლოდ ქულის აღება მოხერხა. ისინი “აკადემიას” დაუზავდნენ, “არმიას” ურთულეს შეხვედრაში დიდი ხნის განმავლობაში უგებდნენ და წაგებას არ იმსახურებდნენ, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია და 25:28 დამარცხდნენ, მერე კი, თითქმის იგივე განმეორდა “ლოკომოტივთან” 15:19 წააგეს. ეს შედეგები იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ არმაზელები მეორე წრეში უკეთეს შედეგს მიაღწევენ. “ლელო” პირველ წრეში საკუთარი შეცდომების გამო ისჯებოდა და გათამაშების შუაწელს მათთვის უჩვეულო მეოთხე ადგილზე არიან.
პირველ წრეში “ლელომ” მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი 36:0 იგებდა, მერე მოეშვა, დასკვნით ათ წუთში ორი ლელო გაუშვა და ჯამში 36:12 იმარჯვა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ახლა “არმაზი” ბევრად უკეთეს რაგბის თამაშობს და შეხვედრაც უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს. აღსანიშნავია, რომ “ლელოს” ერთბაშად სამი უკანახაზელი დააკლდება - მგეზავი ლაშა ხმალაძე, ასევე გარემარბები სანდრო თოდუა და ლექსო გუგავა, ნაკრებთან ერთად ახალ ზელანდიაში მიდიან. ახალ ზელანდიაში მიდის გამოცდილი მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძეც, რომელიც აქამდე ფრანგულ “მონპელიეში” თამაშობდა, მასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თუ სხვა უცხოური გუნდი ვერ იშოვა, მსოფლიო თასის შემდეგ “ლელოს” დაუბრუნდება. “არმაზის” მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენაა, “ლელოს” კი, გასულ წელს დაკარგული ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სურს და პირველ ეტაპზე, რეგულარულ ჩემპიონატში ქულების მოგროვებაზე უნდა იზრუნოს, რათა საუკეთესო ოთხეულისთვის გამძაფრებულ ბრძოლაში კონკურენტებს არ ჩამორჩეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
3 სექტემბერი. VIII რაუნდი
თბილისი. “ვისოლი”. 15:30 საათი
აკადემია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი)
რუსთავი. ტექნიკუმი. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი)
1. აია 7 7 0 0 184-87 14
2. არმია 7 4 1 2 153-134 9
3. აკადემია 7 3 2 2 143-135 8
4. ლელო 7 4 0 3 178-142 8
5. ლოკომოტივი 7 4 0 3 147-125 8
6. არმაზი 7 2 1 4 136-167 5
7. ხარები 7 2 0 5 76-135 4
8. ყოჩები 7 0 0 7 98-190 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია