რაგბი რომ საფრანგეთში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს: ამ ქვეყნის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ყველა მსოფლიო თასზე და ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ითამაშა ნახევარფინალში, ორჯერ დაიკავა მეორე (1987 და 1999 წლებში), ერთხელ კი, მესამე ადგილი (1995 წელს); დამოუკიდებლად უმასპინძლა გასულ, 2007 წლის მსოფლიო თასს, 48-დან მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა კარდიფში (ოთხი) და ედინბურგში (ორი), 1991 წელს კი, ევროპის დანარჩენ ოთხ ქვეყანასთან ერთად (ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი), მსოფლიო თასის თანამასპინძელი იყო; გასული მსოფლიო თასის ფინალს 80 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო; რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში, რომელიც ყველა სხვა რეიტინგზე მეტად ასახავს გუნდების თანაფარდობას, საფრანგეთს 83,78 სარეიტინგო ქულა აქვს და ჩრდილოეთ ნახევასფეროს ნაკრებებიდან ყველაზე მაღალი, მეოთხე ადგილი უჭირავს.
საფრანგეთში 1630 კლუბი და 313 877 მორაგბეა რეგისტრირებული. ამ ქვეყნის ელიტარული დივიზიონი Top 14-ი, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველობაა. სასიხარულოა, რომ Top 14-ის კლუბებში მრავლად თამაშობენ ქართველი ლეგიონერები. გარდა ამისა, ფრანგული კლუბები რეგულარულად თამაშობენ და ხშირ შემთხვევაში წარმატებებს აღწევენ ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირ “ჰეინეკენის თასზე”, ასევე, რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფ”-ზე. “ჰეინეკენის თასზე” მუდამ თამაშობს 6-7 ფრანგული კლუბი და 16 გათამაშებიდან 5-ჯერ გამარჯვება სწორედ ფრანგებს დარჩათ (6-ჯერ გამარჯვება ინგლისურ კლუბებს ერგოთ, 5-ჯერ კი, ირლანდიელებს), კიდევ ცხრაჯერ კი, ფინალში ითამაშეს. Top 14-ის ის გუნდები, რომლებიც “ჰეინეკენის თასზე” ვერ გადიან, “ჩელენჯ ქაფ”-ზე თამაშობენ და 16 სეზონში 5-ჯერ აქაც ფრანგებმა იპირველეს, 10-ჯერ კი, ფინალში ითამაშეს. Top 14-ისა და “ჰეინეკენის თასის” გადამწყვეტ შეხვედრებს, ისევე, როგორც ნაკრების თამაშებს, საფრანგეთში 60-80 ათასი მაყურებელი რეგულარულად ესწრება და ეს მაჩვენებელი საფეხბურთო შეხვედრებისას აღემატება.
საფრანგეთში რაგბი 1870-იანი წლების დასაწყისში ბრიტანელებმა დანერგეს. 1872 წელს, ჰავრში მცხოვრებმა ბრიტანელებმა დაარსეს კლუბი, რომელიც ფეხბურთის და რაგბის ნაზავს თამაშობდა. სუფთა სარაგბო კლუბი 1877 წელს პარიზში, ბრიტანელმა ბიზნესმენებმა დაარსეს, 1882 წელს მათ უკვე ფრანგებმაც მიბაძეს და საკუთარი კლუბი დაარსეს. 1890 წელს დაარსდა USFSA, რომელიც ფეხბურთთან ერთად ფრანგული რაგბის პრაქტიკული მმართველი იყო ვიდრე 1919 წელს საფრანგეთის რაგბის კავშირი დამოუკიდებელი სახით არ ჩამოყალიბდა. 1900 წელს რაგბი ფრანგულმა, გერმანულმა და ბრიტანულმა გუნდებმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე ითამაშეს და გამარჯვება ფრანგებს დარჩათ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სარაგბო შეხვედრები გაიმართა, თუმცა, ოქროს მფლობელი ფრანგებისთვის, აქ პირველი საერთაშორისო შეხვედრა არ დაფიქსირებულა, რადგან მათი მეტოქეები კლუბებით იყვნენ წარმოდგენილი. ზაფხულის ოლიმპიადაზე რაგბი 1920 წელსაც გამოჩნდა და საფრანგეთის ნაკრები “ოქროს მატჩში” აშშ-სთან 0:8 დამარცხდა. ეს სენსაციური შედეგი გახლდათ და ყველა ელოდა, რომ 1924 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (მას შემდეგ რაგბი ოლიმპიური სახეობებიდან ამოიღეს, მხოლოდ 2016 წელს, 7-კაცა რაგბის სახით დაბრუნდება) საფრანგეთი რევანშის აღებას მოახერხებდა, მაგრამ აშშ-ს ნაკრებმა პარიზში ტიტულის შენარჩუნება მოახერხა.
1934 წელს ევროპის მოყვარულ მორაგბეთა ფედერაცია FIRA დაარსდა და საფრანგეთი მასში ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის, ჰოლანდიის, იტალიის, პორტუგალიის, რუმინეთის, კატალონიის (ესპანეთი) და შვედეთან ერთად გაწევრიანდა. 30-იან წლებში საფრანგეთში რაგბის პოპულარობა საგრძნობლად დაეცა, რას საერთაშორისო რაგბიდან იზოლაციამ გამოიწვია. სამაგიეროდ, ბოლო წლებში ფრანგულმა რაგბიმ პოზიციები ისევ დაიბრუნა. საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის გამოირჩევა თავისებური ლამაზი, კომბინაციებით დატვირთული სტილით. საფრანგეთის ნაკრები ტრადიციული, ლურჯი ფორმებით თამაშობს და ზედმეტ სახელად “ლურჯებს”, ან “მამლებს” ეძახიან.
საფრანგეთის ნაკრების პირველ ოფციალურ ტესტად 1906 წლის 1 იანვარს, პარიზში ახალ ზელანდიასთან გამართული მატჩი ითვლება, რომელიც სტუმრებმა 38:8 მოიგეს. მომდევნო წლებში საფრანგეთი პერიოდულად თამაშობდა ბრიტანეთის და ირლანდიის ნაკრებებთან. ეს 1910 წლამდე გრძელდებოდა, მერე კი, ის ბრიტანულ გუნდებს და ირლანდიას “ოთხ ერზე” შეუერთდა და ეს ტურნირი “ხუთი ერის” პირველობად გადაკეთდა. 1913 წელს ფრანგები პირველად ეთამაშნენ სამხრეთ აფრიკას და 5:38 დამარცხდნენ, მერე კი, ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. 1910-დან 1930 წლამდე საფრანგეთმა “ხუთ ერზე” წარმატებას ვერ მიაღწია და შედეგების გაუმჯობესების მიზნით, 1930 წელს საფრანგეთის რაგბის კავშირი პროფესიულ რელსებზე გადავიდა. ეს რაგბის მსოფლიოს საბჭოს არ მოეწონა (იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ რაგბი აუცილებლად სამოყვარულო სპორტი უნდა ყოფილიყო) და საფრანგეთის გუნდებს სხვა ქვეყნებთან თამაში აეკრძალათ, რის გამოც ის 1932 წელს დროებით “ხუთი ერის” პირველობიდანაც მოკვეთეს.
მიუხედავად ამისა, 1931-1936 წლებში “ლურჯებმა” შედარებით სუსტ მეტოქეებთან 10 შეხვედრა გამართეს და ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვეს. 1939 წლისთვის საფრანგეთის რაგბის კავშირი ისევ სამოყვარულო გახდა და მათი ნაკრები “ხუთი ერის” პირველობაზე კვლავ მიიწვიეს, თუმცა, ისინი ამ ტურნირში 1947 წლამდე ვერ ჩაერთვნენ, რადგანაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და საერთაშორისო რაგბი დროებით მთელს მსოფლიოში შეჩერდა. საფრანგეთის ნაკრებმა პირველ ხელშესახებ წარმატებას 1950-იან-1960-იან წლებში მიაღწია - მათ 1954 წელს პირველად მოიგეს “ხუთი ერის” პირველობა, ოღონდ გამარჯვებულის სახელი ინგლისთან და უელსთან გაინაწილეს. მომდევნო წელს საფრანგეთმა “ხუთი ერის” პირველობა მხოლოდ უელსთან გაიყო, 1959 წელს კი, სამი მეტოქე დაამარცხა, ინგლისთან ფრედ ითამაშა და “ხუთი ერის” გამარჯვებული გახდა.
საფრანგეთმა 1958 წელს სამხრეთ აფრიკული ტურნე მოაწყო და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც “სპრინგბოკს” მისსავე მიწაზე აჯობა. სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს საპასუხო ვიზიტით 1961 წელს ეწვია, მაგრამ ტესტი ვერ დასრულდა, რადგანაც მოთამაშეებს შორის მოედანზე დაუნდობელი ჩხუბი გაიმართა. იმავე წელს საფრანგეთი ახალ ზელანდიას და ავსტრალიას ეწვია, ახალ ზელანდიასთან ორივე მატჩში დამარცხდა, თუმცა, ავსტრალიელთა დამარცხება თავად მოახერხა. 1959 წლის “ხუთი ერის” მოგების შემდეგ, საფრანგეთმა ამ ტურნირზე კიდევ ზედიზედ 3-ჯერ იმარჯვა, 1960 წელს ინგლისთან ერთად, 1961-62 წლებში კი, დამოუკიდებლად. საფრანგეთმა “ხუთ ერზე” 1967 წელსაც იმარჯვა, 1968 წელს კი, ოთხივე მეტოქე დაამარცხა და ტიტულს Grans Slam-ით პირველად დაეუფლა.
“ლურჯებმა” მორიგი Grans Slam-ი 1977 წელს მოიპოვეს, როდესაც ყველა მეტოქეს საგრძნობი უპირატესობით აჯობეს. აღსანიშნავია, რომ ამ წელს ფრანგებმა შეხვედრებში მხოლოდ თხუთმეტი მორაგბე ათამაშეს და გამარჯვება ასე მოიპოვეს, ამის მსგავსი რამ კი, სხვა დროს არასდროს მომხდარა. საფრანგეთმა იმავე წელს პირველად დაამარცხა ახალი ზელანდია, თუმცა, განმეორებით ტესტში თავად დამარცხდა პარიზში. ფრანგები 1979 წელს ახალ ზელანდიას ოკლენდში ეწვივნენ და მეტოქესთან გასვლაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. 1981 წელს ფრანგებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისს თვიქნემში ძლიეს და მესამე Grans Slam-ს დაეუფლნენ, იგივე მიღწევა კი, 1987 წელს, მსოფლიოს თასის წინ გაიმეორეს. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართულ პირველ მსოფლიო თასზე, საფრანგეთმა წარმატებით იასპარეზა. ისინი პირველ ჯგუფურ შეხვედრაში ფრედ ეთამაშნენ შოტლანდიას (20:20), მერე კი დაამარცხეს რუმინეთი (55:12) და ზიმბაბვე (70:12) და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ფიჯის 31:16 სძლიეს. ნახევარფინალში ფრანგები სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მასპინძლებთან მძიმე ბრძოლაში 30:24 იმარჯვეს, თუმცა, ფინალში, რომელიც ოკლენდში გაიმართა, მასპინძელი ზელანდიის წინაშე ვერაფერს გახდნენ, 9:29 დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
მომდევნო წელს ფრანგებმა “ხუთი ერის” პირველობა უელსთან გაიყვეს, 1989 წელს კი, მისი ერთპიროვნული მფლობელები გახდნენ. 1991 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთი ინგლისთან ერთად მსოფლიოს თასის თანამასპინძელი გახლდათ (ოფიციალურ მასპინძლად ინგლისი ითვლებოდა, თუმცა, შეხვედრები საფრანგეთში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში გაიმართა) და ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი საფრანგეთში გამართა, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა რუმინეთი (30:3), ფიჯი (33:9) და კანადა (19:13) და მეოთხედფინალში ინგლისს პარიზის “პარკ დე პრენს”-ზე დაუპირისპირდა, მაგრამ შინაური კედლების უპირატესობის მიუხედავად, მეტოქესთან 10:19 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. ეს იყო ყველაზე ცუდი შედეგი, რომელიც საფრანგეთმა მსოფლიოს თასზე აჩვენა.
1993 წელს საფრანგეთმა “ხუთი ერის” პირველობა მოიგო და ახალი ზელანდია ტესტებში 2:0 დაამარცხა, 1995 წელს კი, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს თასზე ჩავიდა და მე-3 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ფრანგებმა სამივე შეხვედრა მოიგეს (ტონგასთან 38:10, კოტ დივუართან 54:18 და შოტლანდიასთან 22:19), მეოთხედფინალში ირლანდიას იოლად გასცდნენ 36:12, თუმცა, ნახევარფინალში მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ჯარიმებით ფონს ვერ გავიდნენ და 15:19 დამარცხდნენ. მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთმა წინა მსოფლიოს თასზე მარცხის გამო რევანში აიღო, ინგლისთან 19:9 იმარჯვა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
1997-1998 წლებში “ლურჯებმა” “ხუთი ერის” პირველობაზე ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს Gრანს შლამ-ით და 1999 წლის მსოფლიოს თასს იმედიანად შეხვდნენ. ამ შემთხვევაში ოფიციალური მასპინძელი უელსი გახლდათ, თუმცა, შეხვედრათა გარკვეული რაოდენობა საფრანგეთშიც გაიმართა. ფრანგებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი სამშობლოში გამართეს და სამივეში იმარჯვეს (კანადასთან 33:20, ნამიბიასთან 47:13 და ფიჯისთან 28:19), რის შედეგადაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვდნენ (იმ წელს ხუთი ჯგუფის მეორეადგილოსანი და ერთი საუკეთესო მე-3 ადგილოსანი, მეოთხედფინალის შესარჩევ ეტაპს თამაშობდა, ჯგუფის გამარჯვებულები კი, პირდაპირ მეოთხედფინალში გადიოდნენ). დუბლინში ფრანგებმა არგენტინას 47:26 სძლიეს და ნახევარფინალში მსოფლიოს თასის მთავარ ფავორიტ ახალ ზელანდიას შეხვდნენ. თამაში ლონდონში გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიას ჯონა ლომუ ყავდა (რომელმაც ამ შეხვედრაშო ორი ლელო გაიტანა), ფრანგებმა ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს, ყველა რეალიზაცია გამოიყენეს, მონაგარს სამი ჯარიმა და ორიც არეკნი შემატეს და 43:31 იმარჯვეს, რის შემდეგაც ფინალში ისინი ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა, ავსტრალიამ ფრანგების ფავორიტობა არაფრად ჩააგდო, კარდიფში 35:12 იმარჯვა და საფრანგეთის ნაკრები მეორე ადგილზე მეორედ დატოვა.
2000 წელს “ხუთი ერის” პირველობა გაფართოვდა, საფრანგეთს, ინგლისს, ირლანდიას, უელსს და შოტლანდიას იტალია დაემატა და ის “ექვსი ერის” პირველობად გადაკეთდა. “ლურჯებმა” 2002 წელს “ექვსი ერის” პირველობაზე ყველა შეხვედრა მოიგეს და Grans Slam-ით იპირველეს. 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიოს თასზე, საფრანგეთმა ნახევარფინალში ითამაშა. ჯგუფურ ეტაპზე მათ ოთხივე შეხვედრა იოლად მოიგეს - ფიჯისთან 61:18, იაპონიასთან 51:29, შოტლანდიასთან 51:9 და აშშ-სთან 41:14, მეოთხედფინალში ირლანდიასაც იოლად სძლიეს 43:21, თუმცა, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ინგლისთან 7:24, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში ახალ ზელანდიასთან 13:40 დამარცხდნენ.
ნახევარფინალში მარცხისთვის საფრანგეთმა ინგლისთან რევანში 2004 წლის “ექვსი ერის” გათამაშებაში აიღო და რადგან დანარჩენი მეტოქეებიც დაამარცხა, Grans Slam-ის მფლობელი გახდა. საფრანგეთმა “ექვსი ერის” პირველობა 2006 წელსაც მოიგო და 2007 წელს ეს ტიტული წარმატებით დაიცვა, რის შემდეგაც სამშობლოში გასამართ მსოფლიო თასს იმედიანად შეხვდა. პირველი იმედგაცრუება ფრანგებს ტურნირის გახსნით მატჩში ელოდათ. “სტად ფრანსეზე” თავი 80 ათასამდე მაყურებელმა მოიყარა. არგენტინელებმა მასპინძლებს შესვენებამდე ოთხი ჯარიმა და ერთი ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ სამი ჯარიმა მიიღეს და ტაიმი 17:9 მოიგეს. მასპინძლებმა მოინდომეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს და 12:17 დამარცხდნენ. მომდევნო მატჩში “ლურჯებმა” ტულუზელი გულშემატკივარი აღარ გააწბილეს და ნამიბია 87:10 გაანადგურეს, მერე კი, “სტად ფრანსეზე” 80 267 მაყურებლის წინაშე ირლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი გამართეს. მასპინძლებმა აღარ გარისკეს, სრული მობილიზებით ითამაშეს და მეტოქე 25:3 დაამარცხეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი, საქართველოს ნაკრებს 64:7 აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
ტურნირის ორგანიზატორების გათვლით, საფრანგეთს ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა, მაგრამ მეორეზე დარჩა და ამის გამო მეოთხედფინალური მატჩის გამართვა ულსში, კარდიფში მოუწია. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე ბილეთების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი უკვე ნაყიდი ჰქონდათ ზელანდიელ გულშემატკივრებს და ფრანგებს, ტურნირის მასპინძლებს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის გამართვა სხვა ქვეყანაში, პრაქტიკულად სტუმრის რანგში მოუწიათ. ფრანგებმა ტაიმი 3:13 დათმეს, მაგრამ მერე ძალები მოიკრიბეს და ჭკვიანურად გათვლილი ტაქტიკით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. - 13:13. მერე ზელანდიამ ისევ იმძლავრა და 63-ე წუთზე გატანილი ლელოთი წინ გაიჭრა, მაგრამ ექვს წუთში ფრანგებმა საპასუხო ლელო მიითვალეს, რეალიზაცია გამოიყენეს, დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს დ 20:18 მოგებით ნახევარფინალში გააღწიეს. ამ საოცარი გამარჯვების ფონზე, საყვარელი გუნდის თამაშს დანატრებულმა გულშემატკივარმა “სტად ფრანსე” პირთამდე შევსო და ეს 80 ათასზე მეტი მაყურებელი 75-ე წუთამდე ბედნიერი იყო. საფრანგეთი ინგლისს ნახევარფინალს 9:8-ს უგებდა, მაგრამ დასკვნით ხუთწუთში ჯონ უილკინსონმა ჯერ ჯარიმა, მერე კი, არეკნი გაიტანა და ფრანგები 9:14 დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის “ლურჯები” “პარკ დე პრენსზე” ჯგუფში მათ შემარცხვენელ არგენტინას დაუპირისპირდნენ და 46 ათას მაყურებელს რევანშის ხილვის იმედი, ჰქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად ფრანგთა 10:34 შერცხვენა იხილა და საფრანგეთის ნაკრები მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
2008 და 2009 წლების “ქევს ერზე” მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, 2010 წელს ფრანგებმა ამ ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგეს, გადამწყვეტ მატჩში ინგლისს 12:10 აჯობეს და “ექვსი ერი” Grans Slamმ-ით მოიგეს. საფრანგეთის ნაკრებმა წლევანდელი “ექვსი ერიც” კარგად დაიწყო, შოტლანდიას შინ (34:21) და ირლანდიას სტუმრად (25:22) აჯობა, მაგრამ მერე ჯერ ლონდონში დამარცხდა (9:17), ხოლო შემდეგ იტალიაში 21:22 შერცხვა. ეს იყო ფრანგების პირველი მარცხი იტალიასთან ოფიციალურ შეხვედრაში. მანამდე საფრანგეთს “აძურასთან” ერთი შეხვედრა ჰქონდა წაგებული, მაგრამ ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა. ბოლო ტურში ფრანგებმა უელსი 28:9 დაამარცხეს და მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავეს. მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპზე, საფრანგეთი ორჯერ ეთამაშა ირლანდიას და შინ 19:12, ხოლო სტუმრად 26:22 იმარჯვა. 2001 წლის მსოფლიო თასზე, ისინი ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელ ზელანდიასთან, ტოგასთან, კანადასთან და იაპონიასთან ითამაშებენ.
დღემდე ფრანგების ნაკრებს სულ 669 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მათგან 370-ში იმარჯვა, 30 ფრედ დაასრულა, ხოლო 269-ჯერ დამარცხდა. “ხუთ ერსა” და “ექვს ერზე”, ფრანგებმა 24-ჯერ იპირველეს, აქედან 9-ჯერ Grans Slam-ით. ძლიერი სარაგბო ქვეყნების გუნდებიდან, მათ უარყოფითი ბალანსი მხოლოდ ხუთ ნაკრებთან აქვთ - ავსტრალიასთან 16 მოგება, 2 ფრე და 19 მარცხი, ინგლისთან 36 მოგება, 7 ფრე და 48 მარცხი, ახალ ზელანდიასთან 12 მოგება, 1 ფრე და 36 მარცხი, სამხრეთ აფრიკასთან 12 მოგება, 6 ფრე და 21 მარცხი და უელსთან 41 მოგება, 3 ფრე და 43 მარცხი. ყველაზე დიდი ანგარიშით ფრანგებმა 2007 წელს ნამიბიასთან იმარჯვეს - 87:10, ხოლო ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი ახალ ზელანდიასთან, ამავე წელს - 10:61. ნაკრების კვართით ყველაზე მეტი 118 შეხვედრა ფაბიენ პელოუსს აქვს ჩატარებული, საუკეთესო მექულე კრისტოფერ ლამისონია (37 მატჩში 380 ქულა), ხოლო საუკეთესო მელელოვე სერხიო ბლანკოა - 38 ლელო.
დღეისათვის საფრანგეთის ნაკრებს 42 წლის მარკ ლივერმონი ავარჯიშებს, რომელსაც 1995-1999 წლებში საფრანგეთის ნაკრებში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს და ადგილს ფილიპ სენტ-ანდრეს დაუთმობს. გუნდის კაპიტანი 29 წლის ტიერი დიუსატუა იქნება, რომლის ანგარიშზეც 31 სანაკრებო შეხვედრაში ხუთი გატანილი ლელოა. ზელანდიაში წამსვლელთა სიაში ყველაზე გამოცდილი 32 წლის დამიენ ტრაია, რომელსაც ნაკრების მაისურით 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე მიდის წარმოშობით ქართველი დიმიტრი იაშვილი, რომელიც 30 წლისაა და საფრანგეთის ნაკრების რიგებში 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
საფრანგეთის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
შერკინება: ფაბიან ბარსელა (“ბიარიცი”), ჟან-ბატისტ პო (“ტულუზა”), ნიკოლა მასი (“პერპინიანი”), ლუკ დუკალკონი (“კასტრი”), უილიამ სერვა (“ტულუზა”), დმიტრი შარჟევსკი (“სტად ფრანსე”), გიიომ ჟირადო (“პერპინიანი”), პასკალ პაპე (“სტად ფრანსე”), ჟულიენ პიერი (“კლერმონი”), რომან მილო-კლუსკი (“ტულუზა”), ლიონელ ნალე (“რასინგ მეტრო”), ჟულიენ ბონერი (“კლერმონი”), იმანოლ არინორდოკი (“ბიარიცი”), ტიერი დიუსატუა (“ტულუზა”), ფიულჟანს უდრაგო (“მონპელიე”), რაფაელ ლაკაფია (“ბიარიცი”), ლუი პიკამოლი (“ტულუზა”);
უკანა ხაზი: მორგან პარა (“კლერმონი”), დიმიტრი იაშვილი (“ბიარიცი”), დავიდ სკრელა (“კლერმონი”), ფრანსუა ტრინ-დიუკი (“მონპელიე”), ფაბრის ესტებანი (“ბრივი”), მაქსიმ მერმოსი (“პერპინიანი”), დავიდ მარტი (“პერპინიანი”), ორლენ რუჟრი (“კლერმონი”), მაქსიმ მედარი (“ტულუზა”), ალექსი პალისო (“ბრივი”), ვენსან კლერი (“ტულუზა”), სედრიკ იმა (“ბაიონი”), დამიენ ტრაი (“ბიარიცი”).
A ჯგუფი
ახალი ზელანდია
საფრანგეთი
ტონგა
კანადა
იაპონია
10 სექტემბერი. ოკლენდი
საფრანგეთი - იაპონია
18 სექტემბერი. ნეიპირი
საფრანგეთი - კანადა
24 სექტემბერი. ოკლენდი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი
1 ოქტომბერი. ველინგტონი
საფრანგეთი - ტონგა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია