ამბები

21:02 | 9.09.2011 | ნანახია 2960 - ჯერ

მსოფლიოს ფონზე ეროვნული ხურდება

მართალია, პლანეტის უდიდესი სარაგბო ფორუმი უკვე დაიწყო და რაგბის გულშემატკივართა უმთავრესი ყურადღება სწორედ ახალი ზელანდიისკენაა მიმართული, მაგრამ ქართულ კლუბებს, მორაგბეებს, მათ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს, მცირედი დროის გამონახვა შიდა პირველობისთვისაც მოუწევთ.
ახლა, როცა რეგულარული პირველობის დასრულებამდე სულ რაღაც 6 ტური დარჩა, საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის პირველი ტურის შეხვედრები ისე დასრულდა, რომ ავსტრალიურ პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი ერთბაშად ექვს გუნდს აქვს, ასეთი რამ კი, საქართველოს ჩემპიონატში კარგა ხანია აღარ ყოფილა.
ავსტრალიურ პლეი ოფში თამაში თითქმის განაღდებული აქვს რეგულარული პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, დაუმარცხებელ ქუთაისის “აიას”. ამ გუნდმა წლეულს გამართული ყველა შეხვედრა მოიგო (ერთი თასზე და 8 ჩემპიონატში) და ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტადაც ითვლება. დარჩენილი ექვსიდან 2 თამაშის მოგება სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქუთაისელებმა ავსტრალიურ პლეი ოფში თამაში დაიბევონ, მაგრამ მორაგბეებს ძალების დაზოგვა როდი ჩვევიათ და ყველა დარწმუნებულია, რომ “აია” წლევანდელი წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას ეცდება.
სამწუხაროდ, “აიას”, ამ საუცხოოდ მობურთალ გუნდს, საკუთარ ქალაქში, ქუთაისში სარაგბო სტადიონი არ ეღირსა და აგერ უკვე რახანია ყველა შეხვედრას “სტუმრად” მართავს. ახლაც ქუთაისელები პირობითი მასპინძლის რანგში არიან და ყველაზე მშვიდობისმოყვარე თბილისის “აკადემიას” ფოთში დაუხვდებიან. “აკადემია” წლევანდელი პირველობის ნამდვილი აღმოჩენაა. პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა, სადაც ახალგაზრდა მორაგბეები ენთუზიაზმით თამაშობენ, პირველ წრეში აღიარებულ ლიდერებს არაფერი დაუთმეს და მათგან მხოლოდ “აიასთან” დამარცხდნენ 3:21. “არმიასთან” ნათამაშებ ფრეს, აკადემიელებმა “ლოკომოტივისა” და “ლელოს” დამარცხება მიაყოლეს და ახლა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. მე-2 წრის პირველ მატჩში, “აკადემიამ” წლეულს ჩატარებული 8 შეხვედრიდან მე-3 ფრე ითამაშა, როდესაც “ყოჩებს” 19:19 დაუზავდა. თავის მხრივ, “აიამ” რუსთავში “ხარების” მასპინძლობა არაფრად ჩააგდო და მასპინძელი 27:9 დაამარცხა. ფოთში ტურის ცენტრალური შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი პლეი ოფს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.
რაც არ უნდა იყოს, ქართული რაგბის ბოლო წლების ფლაგმანებად “ლელო” და “ლოკომოტივი” რჩებიან და ამ დაპირისპირების მორიგ რაუნდს მაყურებელი 17:00 საათიდან, “ავჭალის” სტადიონზე იხილავს. მე-2 წრე ორივე გუნდმა მარცხით დაიწყო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქულები მაინცდამაინც ვერც პირველ წრეში აგროვეს, ახლა ისინი პლეი ოფს მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან, რაც აგერ უკვე რამდენიმე წელია აღარ მომხდარა. ეს გუნდები 8-8 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ, “აკადემიას” ერთი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “არმაზს” ასევე ერთი ქულით უსწრებენ და რომელიმე მათგანს სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაქვეითება ემუქრება.
პირველ წრეში “ლელომ” ქვეყნის ჩემპიონთან გასული პირველობის ფინალში მარცხისათვის რევანშის აღება მოახერხა და მეტოქე 27:19 დაამარცხა. ორივე გუნდს ოთხ-ოთხი მოგება-წაგება აქვთ. ერთი კვირის წინათ, “ლოკომოტივი” საჩემპიონოდ მოტივირებულ “არმიასთან” 6:23 დამარცხდა, “ლელოს” კი “არმაზმა” 22:17 აჯობა და პლეი ოფში მოხვედრის ამბიციაც ამის შემდეგ გაუჩნდა. “ლელოსა” და “ლოკომოტივის” მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ ეროვნულ გუნდში მივლინებულ მორაგბეებთან ერთად, ზაფხულის შესვენებისას მათი რიგები რამდენიმე მორაგბემ დატოვა, ზოგი მორაგბე ტრავმირებულია, მაგრამ ბრძოლა მაინც საინტერესო იქნება.
 წინა ტურში “ლოკომოტივის” ძლევით, “არმიამ” ოთხეულში დასამკვიდრებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. ამასთან, თუ სხვა გუნდები წამყვან მორაგბეებს კარგავენ, ისინი უცხოეთიდან დაბრუნებული ნაკრების კანდიდატებით თუ ადგილობრივი მორაგბეებით ძლიერდებიან და როცა შეთამაშების პრობლემაც მოიხსნება, მერე მათი შეჩერება ძნელი იქნება. მანამდე კი, არმიელები რუსთავს ეწვევიან და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლ “ხარებს” დაუპირისპირდებიან. პირველ წრეში რუსთაველებმა კი იბრძოლეს, მაგრამ “არმიამ” მაინც იმარჯვა (23:17). ამჟამად, რუსთაველები ბოლოსწინა ადგილზე არიან და ჯერჯერობით, პირდაპირ დაქვეითება არ ემუქრებათ (ბოლოსწინა, მეშვიდეადგილოსანი პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ორმატჩიან პლეი ოფს მართავს, ბოლოადგილოსანი კი, პირდაპირ ვარდება), მაგრამ აუტსაიდერთან სხვაობა სულ რაღაც 3 ქულაა, ისევე, როგორც მეექვსეადგილოსან “არმაზთან” და მათთვის ყველა მოგებას თუ ფრეს, ახლა ოქროს ფასი ექნება. რუსთავში შეხვედრა 17:00 საათზე, ტექნიკუმის მოედანზე დაიწყება.
გასულ წელს ოქროზე დაგეშილი “ყოჩები”, წლეულს მხოლოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის და წარმატებით ამასაც ვერ ახერხებს. პირველ წრეში ზედიზედ 7 მარცხის შემდეგ, ერთი კვირის წინათ, “აკადემიასთან” ფრედ (19:19) ითამაშა და ხასიათი გამოიკეთა, მაგრამ მომავალი მეტოქე უკეთეს ხასიათზეა - “არმაზმა” ხომ “ლელო” დაამარცხა და ოთხეულში მოხვედრის შანსი გაუჩნდა. ეს გუნდები ერთურთს “შევარდენზე” 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან და მის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული, თუ რომელი გუნდის ოცნების ახდენაა რეალობასთან უფრო ახლოს და რომელს მოუწევს საკუთარი მიზნების გადახედვა.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
10 სექტემბერი. IX რაუნდი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
რუსთავი. ტექნიკუმი. 17:00 საათი
ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
ფოთი. მალთაყვა. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი)
 

1 აია 8 8 0 0 211-96 16
2 არმია    8 5 1 2 176-140 11
3  აკადემია 8 3 3 2 162-154 9
4 ლელო 8 4 0 4 195-164 8
5 ლოკომოტივი 8 4 0 4 153-148 8
6 არმაზი 8 3 1 4 158-184 7
7  ხარები 8 2 0 6 85-162 4
8  ყოჩები 8 0 1 7 117-209 1



 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076217