საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში, მონტევიდეოში მასპინძელი ურუგვაი 22:11 დაამარცხა და შინ კარგ ხასიათზე ბრუნდება.
არგენტინასთან ორჯერ და ურუგვაისთან ოთხი დღის წინ მარცხის შემდეგ, ეს მოგება, უწინარესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო უმნიშვნელოვანესი. მათ ირწმუნეს, რომ შორეულ მხარეშიც შეუძლიათ გამარჯვება და მართალია არგენტინასთან ვერა, მაგრამ ურუგვაისთან სერიაში არ დამარცხდნენ. ახლა მთავარია მწვრთნელებმა და მორაგბეებმა სწორი დასკვნები გამოიტანონ, კარგი გააუმჯობესონ, შეცდომები გამოსწორონ და უკვე ოპტიმალური შემადგენლობით, მსოფლიოს ინგლისში შეუტიონ.
რაც შეეხება ტურნეს დასკვნით მატჩს, ანგარიში გიორგი გოგოლაძემ ჯარიმით გახსნა. მერე ისე, როგორც შარშან პორტუგალიაში მსოფლიო თასის „ალაფისას“, ჩხუბი ატყდა და რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გაასინბინა. მასპინძლებმა წონასწორობა მალე აღადგინეს, თუმცა 32-ე წუთზე მიხეილ გორგასლიძემ ლელო დადო, რომელიც გოგოლაძემ გარდასახა და ტაიმი 10:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართველები კიდევ უფრო კარგად ათამაშდნენ და ეს შედეგზეც აისახა, თუმცა, მანამდე ურუგვაიმ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა. „ბორჯღალოსნებმა“ კარგი შეტევით უპასუხეს, მერე 5-მეტრა დერეფნიდან მოლი ააგორეს და ირაკლი ცხადაძემ ბურთი დაამიწა, ხოლო გოგოლაძემ გარდასახა - 17:6. ამან ბიჭებზე კარგად იმოქმედა, ტაიმის შუაში ხელდახელ შეუტიეს და მესამე ლელო დავით მესხმა დაამიწა. ამჯერად გარადასახვა არაზუსტი იყო, მერე ერთი ლელო ურუგვაიმაც გაიტანა და თამაში 22:11 დასრულდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საჭირო მოგება იყო