ამბები

15:49 | 7.10.2011 | ნანახია 3739 - ჯერ

მსოფლიო თასის პლეი ოფებს ევროპული წყვილები გახსნიან

ახალ ზელანდიაში მიმდინარე 2011 წლის მორაგბეთა მსოფლიო თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის. გუნდებმა ჯგუფური ეტაპები მოილიეს და უკვე გარკვეულია იმ 8 ნაკრების, 4 წყვილის ვინაობა, რომლებიც ბრძოლას მეოთხედფინალური ეტაპიდან მეშვიდე “უებ ელისის თასისთვის” აგრძელებენ.
 რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ვარაუდები არ გამართლდა. ირლანდიამ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა და უკვე ცნობილია, რომ ფინალში ევროპული გუნდი სამხრეთ ნახევარსფეროს საუკეთესო ნაკრებს დაუპირისპირდება. ისე, “თავდაყირას” გასწორება უელსს შეეძლო, მაგრამ მსაჯებმა მათ მიერ გატანილი ჯარიმა ვერ დააფიქსირეს, უელსელებს დაუმსახურებელი მარცხი დაუკანონეს და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმაც ჯგუფში ამის წყალობით იპირველა. ამრიგად, ფინალისკენ მიმავალი გზა, ერთგვარად ევროპის ექვსი ერის ანალოგი და “ოთხი ერის” რეპეტიციას ემსგავსება.
 კვირის მეოთხედფინალები იქით იყოს და, ნახევარფინალის პირველ საგზურს უელსსა და ირლანდიას შორის საუკეთესო გუნდი მიიღებს. როგორც წესი, ევროპული ნაკრებები უპირატესობას პრაგმატულ რაგბის ანიჭებენ, უფრო ძალისმიერად თამაშობენ და ქულებს ჯარიმებით აგროვებენ. ირლანდიამ მსოფლიო თასამდე ზედიზედ ოთხი ტესტ-მატჩი დათმო, მაგრამ უკვე ჯგუფურ ეტაპზე, ყველას დაანახა, რომ ჩამოსაწერი გუნდი სულაც არაა. აშშ-სთან არცთუ დამაჯერებელი ანგარიშით მოგების შემდეგ, მათ ავსტრალია 15:6 დაამარცხეს და თასის მოგების ფავორიტთა სიაში ჩაეწერნენ. ამას მოჰყვა იოლი გასეირნება რუსეთთან ხოლო იტალიასთან მძიმე პირველი ნახევრის შემდეგ, დასკვნით 40 წუთში გალაღება.
 უელსმა პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკასთან ჩაატარა და ზემოთნახსენები მსაჯების შეცდომის გამო, 16:17 დამარცხდა. შემდეგ მათ მძიმე ბრძოლა გადახდათ სამოასთან, მაგრამ ევროპულმა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და “დრაკონებმა” 17:10 იმარჯვეს. ეს 18 სექტემბერს მოხდა, მას შემდეგ კი, უელსმა ჯერ ნამიბიასთან, ამის მერე კი ფიჯისთან წაივარჯიშა და მეოთხედფინალურ მატჩს შედარებით დასვენებული და უხვი ლელოებით ხვდება. მათი შერკინება კარგად გამოიყურებოდა “სპრინგბოკთან” და სამოასთან მატჩში, ირლანდიელებმა შერკინება ავსტრალიასთან თითქოს დათმეს, მაგრამ იტალიასთან საკუთარი შესაძლებლობა სრულად წარმოაჩინეს და წინდაწინ ვერავინ იტყვის, ვინ ვის დაჯაბნის. რაც შეეხება უკანა ხაზს, ორივე გუნდს შეუძლია სიურპრიზების შეთავაზება და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროპული ნაკრებებიდან, უელსი მაინც ყველაზე არაევროპულ რაგბის თამაშობს, უფრო გაშლილი თამაშის მომხრეა და ირლანდიელ დამრტყმელებს ტაქტიკური დარტყმების განხორციელება აუტებში მოუწევთ, რათა სახიფათო კონტრ-შეტევები თავიდან აიცილონ.
 ამ გუნდებმა ერთმანეთის ავან-ჩავანი ძალიან კარგად იციან. 2000 წლიდან დღემდე, ირლანდია უელსს "ექვს ერზე" 12-ჯერ ეთამაშა და 8-ჯერ გამარჯვება მოიპოვა. წელს უელსელებმა “სამყურებს” კარდიფში უმასპინძლეს და 19:13 იმარჯვეს. ორივე გუნდის ყველა მორაგბე სრულ მზადყოფნაშია და თბილისის დროით 09:00 საათიდან, ველინგტონში, სადაც 12 გრადუსი სითბოა ნავარაუდები, ირლანდიისა და უელსის ნაკრებების დაპირისპირება დაიწყება.
 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე, ოკლენდის “იდენ პარკზე” მეორე ევროპული წყვილი შეებმება ერთმანეთს. ფრანგებთან ინგლისის ნაკრები ფავორიტია, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა და ისიც საქართველოს ნაკრებიდან, ფრანგები კი, ჯერ კანადამ ანერვიულა, შემდეგ ზელანდიამ შეარცხვინა, ბოლოს კი, ტონგამ სენსაციურად დაამარცხა. ამ მარცხის გამო, ფრანგებმა რეიტინგში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადეს და თავის ყველაზე უარეს მაჩვენებელს, მე-8 ადგილს უწიეს. და მაინც, საფრანგეთის ნაკრებს საუკეთესო თამაშის ჩვენება სწორედ იმ მომენტში ეხერხება, როდესაც ის ჩამოწერილად ითვლება და ეს ინგლისს მაქსიმალურ მობილიზებას აიძულებს, მით უმეტეს, რომ 32 წლის ჯონი უილკინსონს დარტყმები მაინცა და მაინც არ მისდის და შესაძლოა, ეს მის გუნდს ძვირად დაუჯდეს.
 ინგლისელები დისკვალიფიკაციის გამო დელონ ერმიტეიჯს მიისაკლისებენ, მაიკლ თინდოლი კი, ტრავმირებულია. ფრანგების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთავარი მწვრთნელი მარკ ლივერმონი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და გუნდშიც შიდაარეულობა გამეფდა. სპეციალისტები შექმნილ ვითარებას საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრებში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმოქნილ კონფლიქტსაც ადარებენ და პარალელებს ავლებენ. ლივერმონის ექსპერიმენტებმა, დიმიტრი იაშვილის და მორგან პარას 9-10 ნომრად თამაშმა გასულ შეხვედრებში არ გაამართლა, მაგრამ მწვრთნელი თავისას არ იშლის და ინგლისთანაც იმავე ტაქტიკით ბურთაობას გეგმავს.
2004 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 11 შეხვედრა გამართეს, 6-ჯერ ფრანგებმა იმარჯვეს, ხუთჯერ ინგლისელებმა, ოღონდ, ბრიტანელებმა 2007 წლიდან დღემდე გამართული 5 შეხვედრიდან, გამარჯვება ოთხჯერ იზეიმეს, მათ შორის წლევანდელ “ექვს ერზე” 17:9.

8 ოქტომბერი. 09:00 საათი (თბილისის დროით)
ველინგტონი. “უესტპარკი”
ირლანდია - უელსი
ირლანდია:
15. რობერტ კერნი, 14. ტომი ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. კეიტ ერლსი, 10. რონან ოგარა, 9. კონორ მიურეი; 1. კინ ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პოლ ოკონელი, 6. სტივენ ფერისი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
სათადარიგოები: 16. შონ კრონინი, 17. ტომ ქარტი, 18. დონჩა რაიანი, 19. დენის ლიმი, 20. ეოინ რედანი, 21. ჯონათან სექსტონი, 22. ენდრიუ ტრიმბლი.
უელსი: 15. ლი ჰალფპენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ უილიამსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი; 1. გეთინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ლუკ ჩარტერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატე, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ლოიდ ბარნსი, 17. პოლ ჯეიმზი, 18. ბრედლი დევისი, 19. რაიან ჯოუნზი, 20. ლოიდ უილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ უილიამსი.

8 ოქტომბერი. 11:30 საათი (თბილისის დროით)
ოკლენდი. “იდენ პარკი”
ინგლისი - საფრანგეთი
ინგლისი:
15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ტობი ფლუდი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი უილკინსონი, 9. ბენ იანგზი; 1. მეტ სტივენსი, 2. სტივ ტომსონი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. ტომ პელმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი.
სათადარიგოები: 16. დილან ჰარტლი, 17. ალექს კორბიშერო, 18. კორტნი ლუისი, 19. საიმონ შოუ, 20. ჯეიმზ ჰესკელი, 21. რიჩარდ ვაიგლსვორსი, 22. მეტ ბანაჰანი.
საფრანგთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსენ კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი; 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვატი, 3. ნიკოლას მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ჟულიენ ბონერი, 7. იმანოლ არინორდოკი, 8. ტიერი დუსოტუარი.
სათადარიგოები: 16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ლუი პიკამოლი, 20. ფრანსუა ტრინ-დუკი, 21. დავიდ მარტი, 22. სედრიკ ეიმანსი.
 

 

ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114453