ამბები

11:52 | 11.11.2011 | ნანახია 3456 - ჯერ

ჩილაჩავამ დებიუტი ლელოთი აღნიშნა, მიქაუტაძემ კარგი თამაშით

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ორმა წევრმა, ლევან ჩილაჩავამ და კონსტანტინტე მიქაუტაძემ, დიდ რაგბიში პირველი ნაბიჯი გადადგეს. ისინი პირველად მოხვდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ, “ტულონის” ძირითად გუნდში, თანაც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მწვრთნელს თავი კარგი თამაშით მოაწონეს.
რანგით მეორე ევროპის მორაგბეთა საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფში”, “ტულონი” საკუთარ მოედანზე იტალიურ “პეტრარკას” მასპინძლობდა. როგორც წესი, ამ ტურნირს ევროპის წამყვანი კლუბები არცთუ სერიოზულად განიხილავენ და იქ შედერებით შესუსტებული შემადგენლობით თამაშობენ. თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ იმ მორაგბეებს, რომლებიც Top 14-ის მატჩებში რეგულარულად არ თამაშობენ, მოწმდება უახლოესი რეზერვი, ამასთან, დასვენების საშუალება ეძლევათ გუნდის ლიდერებს. ასე იყო ამჯერადაც, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ქართველი ლეგიონერების გარჯას. ეს ბიჭები ჯერ მხოლოდ 20 წლისანი არიან, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრით უდიდესი მოტივაცია შეიძინეს, თანაც, თავი გამოიჩინეს და მომავალში როგორც კლუბს, ასევე, ეროვნულ გუნდს, სათანადოდ გამოადგებიან.
პადოველთა სტუმრობას ტულონში მაინცადამაინც დიდი ინტერესი არ გამოუწვევია და შეხვედრასაც სულ რაღაც 1095 მაყურებელი დაესწრო. ლევან ჩილაჩავა შერკინების პირველ, ხოლო კოტე მიქაუტაძე მეორე ხაზში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყოველი შემთხვევისთვის, განაცხადში იყო “ტულონის” ძირითადი ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ორი ქართველის გარდა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში იმ დღეს პირველად თამაშობდა კიდევ ორი მორაგბე, ასევე, მრავლად იყვნენ ისეთი მორაგბეები, რომლებიც ძირითადი გუნდის წევრებად მოიაზრებიან, მაგრამ შემადგენლობაში იშვიათად ხვდებიან. ჯერ კიდევ მატჩამდე, მწვრთნელები ამბობდნენ, რომ მათთვის მთავარი იყო ამ ბიჭებს საერთო ენა გამოენახათ და უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება მიეღოთ. რაღა თქმა უნდა, ისინი იტალიური გუნდის ისე დამარცხებასაც გეგმავდნენ, რომ პრემიალური ქულაც მიეთვალათ.
“ტულონი” პირველივე წუთებიდან კი ფლობდა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებდა. მათ ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გაუშვეს, მერე სამი ქულა აქეთ გაუშვეს, მალე “პეტრარკამ” ფრანგები კონტრშეტევაზე დაიჭირა, მეორე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და 6:0 დაწინაურდა. ამასობაში ცხადი გახდა, რომ “ტულონი” მეტოქეს შერკინებაში აშკარად ჯაბნიდა, სხვათა შორის, უმეტეს შემთხვევაში ჩილაჩავას ვერ უძლებდა მოწინააღმდეგე და ნახევარი საათის თავზე იტალიელებმა ის გამოცვალეს კიდეც. მანამდე, მე-15 წუთზე, ფრანგებმა კარგი შეტევა განახორციელეს, “პეტრარკამ” რამდენიმე დარტყმა მოიგერია, მაგრამ მერე გადაწყობა დაუგვიანდა, ჩილაჩავამ სიტუაცია სწორად შეაფასა, ჩათვლის მოედნიდან მეტრანახევარში ბურთი რაქიდან აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რეალიზაციით კი, მისი გუნდი დაწინაურდა.
ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა მეტოქისთვის და ორ წუთში კონტრშეტევაზე მეორე ლელო გავიდა, ხოლო 23-ე წუთზე, მასპინძლებმა კარგი მოლი დააყენეს, მასში მიქაუტაძეც იდგა და მესამე ლელო გავიდა. მიქაუტაძე ძალიან კარგი იყო დერეფნებში და ერთხელ მეტოქის მოწოდებაც მოიგო, ამასთან, ის კარგად წმენდდა რაქებს. ამასობაში რეფერიმ “ტულონს” მორაგბე გაუსინბინა, იტალიელებმაც მეტობით ისარგებლეს და 34-ე წუთისთვის ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს - 17:19. ტაიმის ბოლოს ფრანგები კვლავ გონს მოეგნენ, კარგად შეუტიეს, მეტოქის 22-ის ხაზთან იერიშში მიქაუტაძე ჩაერთო, რომელმაც დაახლოებით ათი მეტრით წაიწია წინ, მერე “პეტრარკა” დაჯარიმდა, “ტულონმა ჯარიმა სამ ქულად აქცია და ტაიმი 5 ქულის სხვაობით მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე დავით ქუბრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ჩილაჩავა შეცვალა და მალე პრემიის მომტანი მეოთხე ლელოც გავიდა. მოლით შეტევა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ჩაიქცა, მოკლეზე სწორედ ქუბრიაშვილმა დაარტყა, რითაც თანაგუნდელებს იერიშის გასაგრძელებლად უკეთესი პოზიცია შეუქმნა, ბურთის ხაზზე გატანის შემდეგ დაცვა გაიჭრა და ლელო ძელებსშუა გავიდა. განახლდა თამაში და ქუბრიაშვილმა საკუთარ ნახევარზე წაიწია წინ რამდენიმე მეტრით, გზად მეტოქეთა ყურადღება მიიქცია და მარცხენა ფლანგზე მეტობაში დარჩენილმა ფრანგებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს - 34:17. ამას 5-მეტრა შერკინებაში ზედიზედ 3 დაჯარიმება მოჰყვა, ორჯერ ქუბრიაშვილის წინააღმდეგ და ტექნიკური ლელო დაფიქსირდა.
საქმე საბოლოოდ მოთავებული იყო და 59-ე წუთზე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა, რომელმაც მსოფლიო თასის შემდეგ “ტულონი” ჩაიბარა, მიქაუტაძე შეცვალა. 68-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა. შერკინების ჩაქცევისას ქუბრიაშვილს ხელი ცუდად ჩაჰყვა და დაშავდა. მას თამაშის გაგრძელება სურდა და შეცვლისას უკმაყოფილებაც გამოთქვა, მაგრამ მწვრთნლმა პრინციპში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, აღარ გარისკა და 69-ე წუთზე მოდანზე მის ნაცვლად კვლავ ჩილაჩავა დაბრუნდა. ამის შემდეგ “გუნდებმა კიდევ თითო-თითო ლელო გაცვალეს და “ტულონმა” 53:22 იმარჯვა.
II ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება და გურამ კავთიძესა და ტარიელ რატიანიძეს “ლიონი” ინგლისში “ნიუკასლს” დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი, ლიონში ქართველი ლეგიონერების ფრანგული კლუბების დერბი შედგება.
10 ნოემბერს “ჩელენჯ ქაფის” კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ინგლისში “უორსტერ უორიორზს” ფრანგული “სტად ფრანსე” ესტუმრა და 8121 მაყურებლის წინაშე, მე-12 წუთისთვის 0:14 აგებდა, ტაიმი 6:14 დათმო, ჯამში კი 23:14 იმარჯვა.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077676