საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “არმიამ” სამი კვირის თავზე მეორე ფინალური შეხვედრაც მოიგო და ერთი წლის გუნდმა, სადებიუტო შეხვედრა დუბლით დაასრულა. რეალურად, ეს გუნდი ერთი წლისა ჯერაც არაა - გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში აღზევებულ გორის “ლომების” ბაზაზე შეიქმნა, “ყოჩების” მორაგბეებით თავიდანვე გაძლიერდა და რუმინეთიდან დაბრუნებული ლეგიონერებიც შეიმატა, ზაფხულში სხვა ქართული კლუბებიდან კიდევ მნიშვნელოვანი შევსება მიიღო, ზედ რამდენიმე ყოფილი ლეგიონერი დაუმატა და შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი წარმატება წარმოუდგენლად სულაც არ მოგვეჩვენება.
“ლიბერთის თასის” ფინალში ფავორიტად “არმია” ითვლებოდა. ქვეყნის ჩემპიონმა თასზე მობილიზება მოახერხა და ჩემპიონატის ფინალისტი და რეგულარული პირველობის მომგები ქუთაისის “აია” დაამარცხა. “ყოჩებმა” სეზონი აშკარად ჩააგდო და რეგულარული პირველობის ბოლო ადგილზე დასრულებით უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, თუმცა, თასის ნახევარფინალში მისი აწ უკვე ყოფილი მფლობელი თბილისის “ლელო” ორი მატჩის ჯამში ერთი ქულით დაამარცხა და სასწაულის მოხდენას სეზონის დასკვნით მატჩშიც შეეცადა, მაგრამ ბრძოლამ ამჯერად მიზნამდე ვერ მიიყვანა. არადა, გუნდმა მართლაც რომ შესაშური თავდადება აჩვენა, მაგრამ სათამაშო კლასმა და მორაგბეთა გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა.
შეხვედრა “ყოჩების” უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთისთვის შავლეგ მახარაშვილს საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ კარის გასწვრივ 48 მეტრიდან, ჯარიმა ვერ გამოიყენა. ხუთ-ექვს წუთში, “არმია” თამაშგარესთვის უკვე კარიდან 40 მეტრში დაჯარიმდა და ამჯერად, მახარაშვილმა ზუსტად დაარტყა. არმიელები ამ თამაშზე იმ ფორმით გავიდნენ, რომლითაც ჩემპიონატის ფინალი მოიგეს და საწყისი მეოთხედის შემდეგ, უკვე ინიციატივაც მოიპოვეს. მართალია, გიორგი ელიზბარაშვილის ცენტრიდან დარტყმულმა არეკნმა მიზანს ვერ უწია, მაგრამ 21-ე წუთზე, ბახვა კობახიძემ 30 მეტრიდან ჯარიმა უკვე ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.
25-ე წუთზე, მარტო ამ თამაშის კი არა, სეზონის ულამაზესი ლელო გავიდა. ელიზბარაშვილმა თავის ნახევარზე მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა, ფინტებით ყველა მბოჭავი ჩამოიცილა და მართალია, ჩათვლის მოედნამდე ერთ მეტრში, მახარაშვილმა მისთვის წონასწორობის დაკარგვა მოახერხა, მაგრამ შემტევმა ბურთზე კონტროლი არ დაკარგა, წამოხტა და ლელო მაინც გაიტანა, კობახიძემ კი, რეალიზაცია გამოიყენა. ამას “არმიის” შტურმი მოჰყვა, “ყოჩებმა” საკუთარი ჩათვლის მოედანი დაიცვა და სიტუაციაც განმუხტა, თუმცა, 34-ე წუთზე, ლაშა თავართქილაძემ მეტოქეს ფეხით მოგერიების მცდელობა საკუთარ 22-ში დაუფარა და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გიორგი თხილაიშვილმა ფეხით ძლიერად გაიგდო ბურთი და მანაც მოედანი დატოვა. შესვენებამდე, კობახიძეს უპირატესობის გაზრდის შანსი სამჯერ მიეცა, მაგრამ პირველ ორ ჯერზე მიზანმა უმტყუნა და მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, კარის გასწვრივ 25 მეტრიდან გაიტანა - 13:3, ასე დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი.
მეორე ნახევარი კვლავ “ყოჩების” იერიშებით დაიწყო და მახარაშვილმა 47-ე წუთზე შორი მანძილიდან ჯარიმა კარამდე ვერ მიაწვდინა, მაგრამ ერთ წუთში დარტყმის შესრულების უფლება უკეთესი პოზიციიდან მიიღო და ამჯერად, 34 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. ამის შემდეგ, ინიციატივა პირველი ტაიმის მსგავსად, არმიელთა ხელში გადავიდა, 53-ე წუთზე, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 22 მეტრში, ხაზი თხილაიშვილმა გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, კობახიძემ კი, რეალიზაცია გამოიყენა. მალე მას ხელსაყრელი სიტუაციიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, “არმიას” თასის დასაკუთრების იმედი არ დაუკარგავს.
მათი რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ 67-ე წუთზე შეცდომა დაუშვეს, ბურთის ფეხით მოგერიების ნაცვლად, საკუთარი 22-იდან ხელდახელი შეტევა სცადეს, ის დაკარგეს და მარჯვენა ალამთან, ჯაბა მალაღურაძისგან ლელო მიიღეს, ხოლო მახარაშვილმა ზუსტი რეალიზაციით ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. ორიოდ წუთში, კობახიძემ 32 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და თანაგუნდელები ოდნავ დაამშვიდა, მაგრამ “ყოჩებმა” მოინდომა და შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მახარაშვილმა საპასუხო ჯარიმით დარჩენილ წუთებს ინტრიგა ისევ დაუბრუნა. მაგრამ “არმია” აღარ მოეშვა, დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა, სათამაშო დროის ამოწურვის შემდეგ, კობახიძემ კარის გასწვრივ 18 მეტრიდან ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 26:16.
ამრიგად, 2011 წლის ნოემბრის თვეში, “არმიამ” მეორე თასიც ჩაიბარა, ამჯერად საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი გოგასლიძის ხელიდან და დუბლის ავტორი ოფიციალურად შეიქნა.
“ლიბერთის თასის” ფინალი რაგბიში
26 ნოემბერი. “ავჭალა”. 1300 მაყურებელი
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 26:16 (13:3)
არმია: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი (გაგოშვილი 62), 12. მჭედლიძე, 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი, 9. სამხარაძე; 1. ქორიძე (კაკოვინი 54), 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე (ნავროზაშვილი 62), 4. ბიწაძე, 5. ბუჯიაშვილი (მამრიკიშვილი 74), 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. თავართქილაძე.
2 ლელო: ელიზბარაშვილი, თხილაიშვილი
2 რეალიზაცია: კობახიძე
4 ჯარიმა: კობახიძე
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
ყოჩები: 15. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. მაისურაძე, 12. ინაშვილი (გარუჩავა 60), 11. ხარშილავა, 10. გაბუნია, 9. ბეგაძე; 1. ესაკია (გოგიშვილი 45), 2. მამუკაშვილი, 3. ხოსიტაშვილი (ბეჟიაშვილი 58), 4. ბელაშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. მალაღურაძე, 7. გრძელიშვილი (ცხვედიანი 54), 8. ნიკოლაიშვილი.
1 ლელო: მალაღურაძე
1 რეალიზაცია: მახარაშვილი
3 ჯარიმა: მახარაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლევან მგელაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია