ამბები

14:19 | 29.11.2011 | ნანახია 9095 - ჯერ

გორგოძემ ო’ბრაიენი ნახირში გაუშვა

ვინც “ჰაინეკენის თასის” პირველი რაუნდის, ფრანგული “მონპელიესა” და თასის მფლობელის, ირლანდიური “ლენსტერის” შეხვედრას უყურა, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩებოდა მე-60 წუთი, როდესაც მამუკა გორგოძემ ერთ იერიშში სამჯერ გაგლიჯა მეტოქის დაცვა, მისმა გუნდმა საკუთარი ნახევრიდან მეტოქის ჩათვლის მოედანს ორ მეტრამდე მიუახლოვდა, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და მისი რეალიზებით 16:6 დაწინაურდა.
ეს ეპიზოდი ქართველებისთვის იმით იყო სასიამოვნო, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა, ევროპის უძლიერეს გუნდთან საუცხოოდ ითამაშა და ეს 3 ქულაც, პრინციპში, პირადად დაიმსახურა. სასიამოვნო იყო ისიც, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი “გულივერა” დაასახელეს, მაგრამ ირლანდიელებს თავისი გასაჭირი აქვთ. “გორგოძილამ” მათი ნაკრების 24 წლის იმედს, მესამეხაზელ შეინ ო’ბრაიენს ისე გადაუარა, თითქოს მის წინ პატარა ბიჭი მდგარიყო და ამან კელტების რისხვა გამოიწვია. ისე, იმ მომენტში (და არა მარტო), გორგოძემ ფეხქვეშ “ლენსტერის” სხვა მორაგბეებიც მოიყოლა, მაგრამ მათ ყველაზე მეტად ო’ბრაიენისა ეტკინათ.
როგორც ბლოგერები წერენ, ამ ფაქტით ო’ბრაიენი ისე აღშფოთებულა, რომ ნახირში წასულა და ხარებთან ჭიდილში ვარჯიშობს. მეტი დამაჯერებლობისთვის, ამბავს დართული აქვს სურათი, სადაც ო’ბრაიენი მართლაც ნახირს მწყემსავს და ვინ იცის, იქნებ მან მართლაც გადაწყვიტა ამ გზით საკუთარი გამბედაობის დამუშავება, “ლენსტერს” ხომ “მონპელიესთან” მეორე მატჩიც ელის და ეს იმას ნიშნავს, რომ გორგოძე კვლავ დადგება ო’ბრაიენის პირისპირ.
“ო’ბრაიენი გორგოძის ფიზიკურ მონაცემებთან შესაჩვევად ხარებს იყენებს და პირობას დებს, რომ მეორედ აღარ დაგვაღალატებს”, - ასეთი მინაწერია სურათზე, მაგრამ ირლანდიელები უფრო სხვა რამეს უფრთხიან. ისინი საკუთარი გუნდის ლიდერს ქალაჩუნობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, მას შეეშინდა მისკენ დაძრული მთაკაცის, ცხოვრებაში პირველად, გვერდზე გაიწია, შეჯახებას მოერიდა და ევროპის 2010 წლის საუკეთესო მორაგბეს, ქართველი ამის გამო დაუსხლტაო.
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - გორგოძე ცრუმოძრაობის გარეშე, ჯიქურ წავიდა მეტოქეზე და ის გზიდან ჩამოიშორა!

http://www.worldsport.ge/Video.aspx?section=3&video=824


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.439991