საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და მისი თანაშემწე, შერკინების მწვრთნელი კრის გიბსი, რომლებიც თბილისში 20 იანვარს ჩამოფრინდნენ, შაბათს ქვეყნის სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდნენ.
სამინისტროში გამართულ ნახევარსაათიან შეხვედრას, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ბაჩო ხურციძე, ეროვნული ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე და ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი ესწრებოდნენ.
საუბარი იყო რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე და ასევე, ახალზელანდიელი მწვრთნელების მხრიდან ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის გეგმებზე. ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტს 2+2 სისტემით გააფორმებს და საქართველოში ოჯახთან ერთად იცხოვრებს. ამასთან, ის კონსულტაციებს გაუწევს ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს და ქართული კლუბების მწვრთნელებს. მილტონის მეუღლე, ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოში მარტის თვეში ჩამოვა. კრის გიბსს “ვაიკატოსთან” მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს და ამის გამო, წლეულს ჩვენს ქვეყანაში შვიდ თვეს გაატარებს, მომავალი წლიდან კი, ისიც საქართველოში აპირებს ცხოვრებას.
მილტონ ჰეიგი: “ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ქართულ რაგბის ჰყავს კარგი, ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები, რომელბსაც აქვთ პოტენციალი, უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ. ჩვენი მიზანიც ეს არის - ქართული რაგბი ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. რაგბის კავშირმა ნდობა გამოგვიცხადა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ნდობა ბოლომდე გავამართლოთ”.
ლადო ვარძელაშვილი: “რაგბის კავშირის მიერ გაწეული სამუშაო ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა, ამიტომ მათ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმებოდით. ასე მოხდა ამჯერადაც, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ნაკრები ზელანდიელ სპეციალისტებს ჩააბარა და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი მორიგ წარმატებებს მოგვიტანს. ჩვენთვის რაგბი გამორჩეული, ეროვნული სპორტის სახეობაა და მას სახელმწიფო მომავალშიც დიდ დახმარებას გაუწევს. დამტკიცებულია ახალი, 4-წლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც რაგბის კავშირი დამატებით ოც მილიონ ლარს მიიღებს. ცხადია, ახალზელანდიელ მწვრთნელებს ეს ყველაფერი გავაცანით და ვუთხარით, რომ ნაკრებისგან უფრო გამორჩეულ შედეგებს და რეიტინგში წინსვლას ველით, რაც საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოში უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ”.
ახალ მწვრთნელებთან კონტრაქტი ოფიციალურად ორშაბათს, 23 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობის შემდეგ გაფორმდება. ყრილობის შემდეგ შედგება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც ერთადერთი კანდიდანტი მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი გიორგი ნიჟარაძეა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია