საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრად პროფესიონალურ ლიგა “ფედერალ 1”-ში საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ირაკლი მაჩხანელმა გატანილი ლელოთი თავი ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გამოიჩინა, ხოლო “ბორჯღალოსანთა” მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა გუნდს 17 ქულა შესძინა და მეოთხე თამაში მოაგებინა.
პირველი ჯგუფის XI ტურში შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ” “სტრასბურს” სტუმრად 34:15 მოუგო, თანაც პრემიალური ქულაც მიითვალა და ლიდერ “ლილს” მიუახლოვდა. მესამეხაზელი სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, პირველხაზელი აშვეთია მწვრთნელმა 58-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კობაური განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა სტუმრებს მეტნაკლები წინააღმდეგობა საწყის ოც წუთში გაუწიეს, მერე კი, “მასიმ” გაილაღა და ტაიმი 22:10 მოიგო. “სტრასბურმა” ლელოთი სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ მერე ორი თავადაც გაუშვა და ქართველთა გუნდმა საჭირო შედეგით იმარჯვა. “მასის” 39 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზეა და სამით ჩამორჩება “ლილს”.
დავით ბოლღაშვილის “ლილი” შოთა მელიქიძის “მაკონს” სტუმრად ეთამაშა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველ ლეგიონერებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. სტუმრებმა ტაიმი 9:8 მოიგეს, მეორე ნახევრის მე-7 წუთზე ჯარიმა გაუშვეს, მისი გაქვითვა ვეღარ მოახერხეს და “მაკონმა” 11:9 იმარჯვა. მიუხედავად მარცხისა, “ლილი” 42 ქულით ჯგუფის სათავეში რჩება, “მაკონი” კი, 27 ქულით მეექვსეა.
გიროგი მჭედლიშვილის “დიჟონი” სტუმრად 11:26 დამარცხდა “ნევერთან”. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს. სტუმრები მე-12 წუთზე 8:5 დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმი 8:14 დათმეს და ნელ-ნელა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. “დიჟონს” “მაკონის” მსგავსად, 27 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლენმა”, ელიზბარ ყუფარიძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონს” უმასპინძლა და 20:28 დამარცხდა. “ორლეანის” ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მესამეხაზელმა საყვარელიძემ 50, ხოლო პირველხაზელმა კოპალიანმა 67 წუთი ითამაშა. “მონლუსონის” განაცხადში ვერ მოხვდა დადუნაშვილი, ყუფარაძე კი, ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთი საათი გაატარა. სტუმრები მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ, მასპინძლები ჩამორჩენის შემცირებას ახერხებდნენ, მაგრამ საბოლოოდ პრემიალური ქულაც ვერ აიღეს. “მონლუსონმა” 32 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო “ორლეანი” 13 ქულით ბოლოსწინა მე-9 საფეხურზეა.
ისევ შერცხვა რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავას და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი”, რომელიც ამჯერად “ბობინიმ” 44:0 გაანადგურა. სამივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო, მეორეხაზელმა ხოჭოლავამ სრულად ითამაშა, შუამარბი გიგაური მწვრთნელმა 56-ე წუთზე შეცვალა, ხოლო გიორგაძემ მოედანზე ერთი წუთით მეტი გაატარა. “ბულონი” ჯერაც უქულოდაა და სავარაუდოდ, “ფედერალ 2”-ში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
II ჯგუფში, ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ლელო გაიტანა ირაკლი მაჩხანელმა, რომლის “სენტ-ეტიენმაც” “პოსეენი” სტუმრად 62:13 გაანადგურა. მასპინძელთა რბევას სათავე სწორედ ქართველმა გარემარბმა დაუდო, რომელმაც გუნდის პირველი ლელო მეორე წუთზევე გაიტანა. სულ “სენტ-ეტიენმა” 10 ლელო დადო და რაღა თქმა უნდა, პრემიალური ქულაც მიითვალა. მაჩხანელმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, მეოთხე საფეხურზე აღზევდა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.
დავით კაჭარავას და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცამ”, გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძის და რევაზ ბელქანიას “ლა სეინი” 20:8 დაამარცხა. შუამარბი კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს, მაღალდაძე განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ორ ნომერზე 72 წუთი ითამაშა ბელქანიამ, ლაბაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო მაისურაძე განაცხადში ვერ მოხვდა. “ნიცამ” ტაიმი 10:0 მოიგო, 52-ე წუთზე ჯარიმა გაუშვა და ეს ანგარიში 70-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი, მასპინძლებმა ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით ორ წუთში მონაგარს კიდევ 10 ქულა შესძინეს. “ლა სეინმა” საპასუხო ლელოს გატანა ბოლო წუთზეღა მოახერხა.
“ნიცა” ბოლო პერიოდში წარმატებულად თამაშობს, ხუთიდან ოთხი მოიგო და ის ერთიც მხოლოდ კინკილა ქულით დათმო. ეს შედეგებზეც აისახა, გუნდს 21 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. “ლა სეინის” საქმე პირიქითაა, ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 27 ქულით მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა.
ირაკლი ნინიძის “რომანმა” დაძაბულ ბრძოლაში “მონტობანი” 25:20 დასცა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა ტაიმი 9:10 დათმო, ხოლო 53-ე წუთისთვის 9:20-ს აგებდა, მაგრამ ძალები მოიკრიბა, ჯერ ჯარიმა გაიტანა, 61-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ბოლოს კი, ორი ჯარიმაც მიითვალა. “რომანს” 23 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.
თემურ გელანტიას “ნიმი” “ბრესანთან” 13:29 დამარცხდა, თუმცა, ამაში ქართველს წვლილი არ მიუძღვის. “ნიმი” 11 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. “კასტანესთან” 19:43 დამარცხდა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”. ქართველი ლეგიონერი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 54-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. მის გუნდს 26 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
III ჯგუფში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და მდგომარეობა გაიუმჯობესა მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის და გიორგი ოზგებაშვილის “სენ-ჟუნიენმა”. “ლანგონის” სტუმრად 22:18 ძლევაში, ლომის წვლილი მიუძღვის კვირკაშვილს. “მეკომ” სრულად ითამაშა და ჯარიმით მე-19 წუთზე წონასწორობა აღადგინა, 22-ზე კი, თანაგუნდელები დააწინაურა. მასპინძლებმა 38-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, თუმცა, ქართველმა სტუმრებს ტაიმი ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 9:6 მოაგებინა. 55-ე წუთზე “ლანგონი” უკვე 15:9-ს იგებდა, მაგრამ “სენ-ჟუნიენმა” 67-ე წუთზე ლელო გაიტანა, რეალიზაცია კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი ერთი ქულით კვლავ წინ გაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე, მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, მაგრამ “მეკომ” 75-ე და ბოლო წუთზე კიდევ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა მესამეხაზელმა ჩხაიძემაც, ხოლო ოზგებაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. “სენ-ჟუნიენს ახლა 22 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა, თუმცა, სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება პლეი ოფში გამსვლელ მეოთხე ადგილს.
მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა IV ჯგუფში დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენი”, რომელიც სტუმრად ლიდერ “ტუროსთან” 19:21 დამარცხდა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ქართველი ლეგიონერები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. “ვალანს დაჟენს” 30 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ახლა “ფედერალ 1”-ში ერთკვირიანი შესვენებაა და თამაშები 5 თებერვალს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია