საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 30 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ევროპის ერთა თასზე, 4 თებერვალს უკრაინასთან და 11 თებერვალს ესპანეთთან გასამართი მატჩებისთვის მოემზადებიან.
გუნდი მნიშვნელოვნადაა გადახალისებული და გაფართოებულ სიაში ერთბაშად 9 დებიუტანტი მოხვდა, თუმცა, მათ მხარდამხარ იქნებიან გამოცდილი “ბორჯღალოსნებიც”. მნიშვნელოვნადაა გადახალისებული შერკინების პირველი ხაზი. აქ დებიუტანტები არიან მიხეილ ნარიაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფრანგულ “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი, ლევან ჩილაჩავა, ვინაც “ტულონის” ძირითად გუნდში “ჩელენჯ ქაფზე” ითამაშა და ლელოც გაიტანა და ბექა მეკოკიშვილი, რომელიც “არმიასთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და თამაშის ხარისხიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მათ მხარდამხარ ითამაშებენ კარლენ ასეიშვილი და ბექა შეყლაშვილი, რომელთა ანგარიშზეც სულ 4-4 სანაკრებო შეხვედრაა და შალვა მამუკაშვილი, რომელმაც ნაკრების კვართი მხოლოდ ორ შეხვედრაში მოირგო.
მეორე ხაზი გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და მათზე აღარ შევჩერდებით. მესამე ხაზში “ძველ გვარდიელებს” შეუერთდება გიორგი კალმახელიძე, რომელმაც “არმიას” გარდა 7-კაცა ნაკრებში ბურთაობითაც გამოიჩინა თავი. ნაკრებში პირველადაა გამოძახებული ახალგაზრდა ბექა ბიწაძე, რომელიც “ბრივის” დუბლშემადგენლობაში თამაშობს. შედარებით ახალბედაა გივი ბერიშვილი, რომელმაც თავი ჯერ კიდევ რიჩი დიქსონს მოაწონა და ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზეც ითამაშა. 9-10 ნომრებში ახალბედაა გიორგი ბეგაძე, რომელიც დიქსონს ახალ ზელანდიაში წამსვლელთა სიაში ჰყავდა, მაგრამ მაშინ მისი სანაკრებო დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო.
რამდენიმე სიახლეა უკანა ხაზში. ყველაზე საინტერესო პოლონეთის “არკად გდინიას” 22 წლის ფულბეკის, ბექა წიკლაურის გამოჩენა უნდა იყოს. სანაკრებო დებიუტი ელის “არმიას” გარემარბ ალექსანდრე ტუჩაშვილს. ნაკრებში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ახლა კვლავ უხმეს გიორგი ჯიმშელაძეს. “ბორჯღალოსნებს” დაუბრუნდა გიორგი შკინინი, რომელმაც გასულ წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, პირველლიგელი “ხულიგანადან” “არმიაში” გადავიდა, ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ნაკრების მწვრთნელების ყურადღებაც დაიმსახურა.
შეკრებაზე ქართული კლუბებიდან 11 მორაგბე გამოძახებული და მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჩემპიონ “არმიას” ჰყავს. 18 მორაგბე ფრანგულ კლუბებს წარმოადგენენ, ერთი კი, პოლონეთიდან ჩამოდის. საქართველოს ნაკრები შეკრებას 30 იანვარს, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე იწყებს და პარასკევამდე იქ ივარჯიშებს. მერე გეზს უკრაინისკენ აიღებს, სადაც 4 თებერვალს დნეპროპეტროვსკში, ჩვენი ჯგუფის უსუსტეს გუნდ უკრაინას გაეჯიბრება.
პირველი წრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 22 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან ერთა თასზე ქულათა დარიცხვის სისტემა შეიცვალა. მოგებული გუნდი ოთხ ქულას იღებს, ფრეზე 2 ქულა იწერება, 7 და ნაკლები ქულით მარცხის, ან ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის კი, გუნდი ერთ პრემიალურ ქულას იღებს.
საქართველოს ნაკრებში გამოძახებულნი არიან: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 0 კეპი), კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი 4), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 0), ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი, 4), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი, 2), ბექა მეკოკიშვილი (“არმია”, თბილისი, 0), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 46), გიორგი ნემსაძე (“ვალანს საჟენი”, საფრანგეთი, 23), ვახტანგ მაისურაძე (“ლა სენი”, საფრანგეთი, 12), გიორგი ჩხაიძე (“სენ-ჟულიენი”, საფრანგეთი, 52), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 3), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 12), ბექა ბიწაძე (“ბრივი”, საფრანგეთი, 0), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 41), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 19), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 76), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 59), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 1), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟულიენი”, საფრანგეთი, 56), ლაშა მალაღურაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 32), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 47), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი, 1), რევაზ გიგაური (“ბულონი”, საფრანგეთი, 34), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 50), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 32), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 28), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“არმია”, თბილისი, 0), ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 26), ბექა წიკლაური (“არკად გდინია”, პოლონეთი, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: კრის გიბსი, ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
ევროპის 2011-2012 წლების “ერთა თასი”. II წრე
VI ტური. 4 თებერვალი
უკრაინა - საქართველო
რუმინეთი - პორტუგალია
1 | საქართველო | 5 | 5 | 0 | 0 | 168-35 | 22 |
2 | რუმინეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 166-69 | 16 |
3 | პორტუგალია | 5 | 3 | 0 | 2 | 113-98 | 14 |
4 | რუსეთი | 5 | 2 | 0 | 3 | 100-98 | 11 |
5 | ესპანეთი | 5 | 2 | 0 | 3 | 92-175 | 10 |
6 | უკრაინა | 5 | 0 | 0 | 5 | 61-225 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია