ამბები

11:44 | 7.02.2012 | ნანახია 1833 - ჯერ

ქართული ტრიო კონკურენტთან დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ გასულ შაბათ-კვირას ევროპაში სანაკრებო მატჩები იმართებოდა, საფრანგეთის ქვედა დივიზიონებში მომდევნო ტურის შეხვედრები იყო დანიშნული, მაგრამ კონტინენტზე გამეფებულმა უამინდობამ მასში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა.
ფედერალ 1-ში მთელი ტური გადაიდო, მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში კი, მხოლოდ ოთხი შეხვედრა შედგა. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე ყურადსაღები, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგოს” თამაში იყო, რომელიც სტუმრად უშუალო კონკურენტ “ნარბონს” ეთამაშებოდა. ეს გუნდები “ელიტა 2”-ში დასარჩენად იბრძვიან და ბოლო დროს მომძლავრებულ “პერიგოს” გამარჯვების შემთხვევაში მეტოქესთან ქულებით გათანაბრების და მისი გადასწრების შანსი ეძლეოდა.
მატჩი დაძაბული გამოდგა და ბოლო წუთამდე ძნელი იყო გამარჯვებულის გამოცნობა. თავიდან მასპინძლებმა იმძლავრეს, 27-ე წუთისთვის სამი ჯარიმა გაიტანეს და 9:0 დაწინაურდნენ. 34-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნითი 5 წუთი კი, “პერიგოსი” იყო: ჯერ არეკნით შეამცირა სხვაობა, ხოლო რეფერის მიერ ტაიმისთვის წამატებულ წუთებში ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდა - 13:12. მეორე ტაიმში სტუმრებმა თავისი მეორე არეკნი გაიტანეს და კიდევ უფრო დაწინაურდნენ, მაგრამ ერთ წუთში ჯარიმით სხვაობა შემცირდა, ხოლო 51-ე წუთზე მასპინძლები მორიგი ჯარიმით წინ გაიჭრნენ. სტუმრებმა ჯარიმითვე მატჩის მოგების იმედი 67-ე წუთზე დაიბრუნეს, თუმცა, ოთხიოდე წუთში ჯარიმიდან “ნარბონმა” იხეირა და 21:19 იმარჯვა.
ამრიგად, მე-14 ადგილზე მყოფ “ნარბონს” 28 ქულა დაუგროვდა, “პერიგომ” ერთი პრემიალური ქულა მიითვალა და 21 ქულით ბოლო საფეხურზე დაეშვა, რადგან თავისი შეხვედრა “ექს-ან-პროვანსთან” მოიგო “ბეზიემ” და 22 ქულით მე-15 ადგილამდე აღზევდა. “პერიგოს” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები დადუნაშვილი და მარგველაშვილი - პირველმა სრულად, ხოლო მეორემ 56 წუთი ითამაშა. ზიბზიბაძე თამაშში ორჯერ ჩაერთო. 52-ე წუთზე ის მოედანზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შევიდა და 8 წუთი იბურთავა, ხოლო 74-ე წუთზე მწვრთნელმა იმ იმედით შეუშვა, რომ მატჩის ბედის შემოტრიალებას შეძლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
უშუალო კონკურენტ “დაქსთან” სტუმრად 9:27 დამარცხდა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო”, თუმცა, ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. “პო” 55 ქულით მე-3 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა, ახლა “დაქსს” 6 ქულით ჩამორჩება. Pro D2-ის დანარჩენი ქართველების გუნდებს იმ დღეს თამაშმა არ მოუწია, მომდევნო ტური კი, 18 თებერვალსაა დანიშნული.
ფედერალ 1-ში ამ ტურის შეხვედრები კი გადაიდო, მაგრამ მანამდე დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა” “მოლეონთან” სტუმრად გადადებული შეხვედრის გამართვა მოასწრო და ქართველის ლელოთი იმარჯვა. “ვალანს დაჟენი” 9:8-ს იგებდა, როდესაც ნემსაძემ 78-ე წუთზე ლელო გაიტანა. სტუმრებმა რეალიზაცია გამოიყენეს, თუმცა, ბოლოს ჯარიმა მიიღეს და 16:11 იმარჯვეს. ნემსაძე შერკინების მეორე ხაზში ძირითად შემადგენლობაში იყო და ლელოს გატანის შემდეგ შეცვალეს, ხოლო ბასილაია, რომელიც “ედინბურგში” გადადის, თამაშში სწორედ ლელოს გატანის შემდეგ ჩაერთო. “ვალანს დაჟენს” 34 ქულა მოუგროვდა და კვლავ მე-4 ადგილზეა. ფედერალ 1-ის მომდევნო ტური 12 თებერვალსაა დანიშნული.
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078799