ექვსი ერის გადადებული შეხვედრა საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის პარიზში 4 მარტს გაიმართება.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ტურნირის ორგანიზატორებმა, არადა, ფრანგები თამაშის ჩატარებას მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი სეზონის დასაწყისში ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს თამაში 11 თებერვალს, “სტად ფრანსეზე” უნდა გამართულიყო, მაგრამ მსაჯმა მოედანზე მოყინული მონაკვეთები აღმოაჩინა და მორაგბეთა უსაფრთხოების მიზნით, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი გადადება ბრძანა, რამაც ფრანგ და ირლანდიელ გულშემატკივართა მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.
უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი მათი მხრიდან შეძენილი ბილეთები იყო. ხალხმა ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ საფრანგეთის რაგბის კავშირმა განაცხადა, რომ 4 მარტს სტადიონზე ყველა ის გულშემატკივარი შევა, რომელსაც 11 თებერვლისთვის ჰქონდა ბილეთი შეძენილი. ფრანგებისთვის ეს სიტუაცია ოდნავი შვება კი იყო, მაგრამ ირლანდიელები მაინც უკმაყოფილონი არიან. გარდა ბილეთისა, მათ ხარჯი მოგზაურობისასაც ნახეს და ამასთან, 4 მარტს საფრანგეთში ყველა ის გულშემატკივარი ვერ გაემგზავრება, რომლებმაც ეს 11 თებერვალს მოახერხეს.
სიტუაციას სხვა რამეც ამძიმებს. გამოდის, რომ საფრანგეთის და ირლანდიის ნაკრებებს, ექვს ერზე ზედიზედ ოთხი შაბათ-კვირა მოუწევთ თამაში და გუნდებს ერთთვიანი შეკრებები გამოუვათ. ბუნებრივია, ასეთი სიტუაცია არ მოსწონთ იმ კლუბებს, რომლებმაც ნაკრებებში მორაგბეები მიავლინეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია